საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-252-248(კ-15) 15 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.14წ. განჩინებით რ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 10.06.2014წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 20.05.2008წ. №882008135451-07 გადაწყვეტილება რ. რ-ის სახელზე მარნეულის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 14.06.2002წ. რ. რ-ის სახელზე განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. რ-მა.
საკასაციო სასამართლოს 30.04.15წ. განჩინებით რ. რ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს 30.04.15წ. განჩინება რ. რ-ს, კანონით დადგენილი წესით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (მარნეული, სოფ. ახლომახმუდლო) გაეგზავნა 21.05.15წ., რაც 27.05.15წ. ჩაიბარა რ. რ-ის ოჯახის წევრმა (ბიძაშვილმა - ა. მ-მა) რ. რ-ისათვის გადასაცემად. მიუხედავად აღნიშნულისა, რ. რ-ს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, რ. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე