საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-301-297(კ-15) 24 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _Qქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
2014 წლის 5 მაისს დ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 18 აპრილის #71 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება, საურავის დაკისრების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის #50 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2014 წლის 1 აპრილის #180 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ვ-ემ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინებით დ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ვ-ემ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და მასში პროცესუალური დარღვევების თაობაზე არ იყო მითითებული.
Aამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 14 მაისის განჩინებით დ. ვ-ეს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კასატორის - დ. ვ-ის წარმომადგენელს ი. შ-ეს.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება 2015 წლის 10 ივლისს ჩაბარდა დ. ვ-ის წარმომადგენელს - ი. შ-ეს, რაც დასტურდება გზავნილზე პირების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2015 წლის 10 ივლისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2015 წლის 11 ივლისს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2015 წლის 20 ივლისს, ორშაბათს 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე