Facebook Twitter

1243აპ 24 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის განაჩენით კ. ხ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია ქ. თ-ში _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

კ. ხ-ს მსჯავრი დაედო საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის ივნისში კ. ხ-მ უკანონოდ შეაღწია ................ რაიონის განთავსებული ტელევიზიის გადამცემი სადგურის შენობის მეორე სართულზე არსებულ ოთახში, სადაც ფარულად დაეუფლა ტელევიზიის კუთვნილ, «სკრინსერვისის» ფირმის, .... ლარად ღირებულ გადამცემ აპარატურას, რასაც ინახავდა ქ.................ში, თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, საიდანაც იგი ამოღებულ იქნა 2007 წლის 14 მარტს, საცხოვრებელი სახლის გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის დროს.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ხ-მ. აპელანტი, მსჯავრდებული კ. ხ-ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე _ სასჯელის ზომად 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; ადრე ნასამართლევი არ ყოფილა; შერყეული აქვს ჯანმრთელობა; მის მიერ მოპარული აპარატურის ღირებულება დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა 7500 ლარად, რაც, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და უპირატესობა მიანიჭა დაზარალებული ორგანიზაციის წერილს, რომელშიც მოპარული აპარატურის ღირებულება ბუღალტერმა შეაფასა 17500 ლარად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ კ. ხ-ეს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ კ. ხ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი, მსჯავრდებული კ. ხ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენში მის სასიკეთოდ ცვლილების შეტანას, კერძოდ, გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, მის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ კ. ხ-ს მიმართ და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კ. ხ-ს მსჯავრი დაედო საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობისათვის. კანონის თანახმად, პირის მსჯავრდებისათვის ისეთი მაკვალიფიცირებელი ნიშნით, როგორიცაა ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, საჭიროა, რომ ზიანი, რომელიც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებით მიადგა დაზარალებულს, აღემატებოდეს 10 000 (ათი ათას) ლარს. საქმეში არსებობს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, კ. ხ-ს მიერ მოპარული აპარატურის რეალური ღირებულება განისაზღვრება 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარიდან 8472 (რვა ათას ოთხას სამოცდათორმეტი) ლარამდე ფარგლებში რაც, კანონის თანახმად, არ წარმოადგენს დიდ ოდენობას. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო აღნიშნული მტკიცებულება მაშინ, როდესაც, საქმეში არ მოიპოვება სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კ. ხ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული აპარატურის ღირებულება აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ხ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულ კ. ხ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება, როგორც უსაფუძვლოდ წარდგენილი, ხოლო მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით.

ამასთან, მსჯავრდებულ კ. ხ-ს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის ¹.... განკარგულების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით _ უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ კ. ხ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ კ. ხ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც უსაფუძვლოდ წარდგენილი. კ. ხ-ის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, «ბ» ქვეპუნქტებით, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. ამასთან, მსჯავრდებულ კ. ხ-ს, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის ¹915 განკარგულების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2007 წლის 14 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ კ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.