Facebook Twitter

საქმე №ბს-311-307(კ-15) 27 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ბმა “...“

მოწინააღმდეგე მხარე: (მოპასუხე) - თბილისის საკრებულო;

(მოპასუხე) - თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია.

მესამე პირები - შპს „ე...“; გ. კ-ი, გი. კ-ი, გ. ფ-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 16 ივლისს ბმა „...“ თავმჯდომარემ თ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოსა და ქ. თბილისის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2013 წლის 11 აპრილის №14 სხდომის ოქმის 23-ე პუნქტში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 ივნისის №8-24 გადაწყვეტილების იმ ნაწილის, რომლითაც შეიცვალა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ნაწილის ფუნქციური ზონა (სარეკრეაციო ზონა2) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1–ით ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ფ-ი, გ. კ-ი, გი. კ-ი და შპს „ე...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ბმა „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბმა“...“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ბმა „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბმა „...“ მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით ბმა „...“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

2015 წლის 22 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „...“ წარმომადგენელმა ს. შ-მა, რომელმაც, უარი თქვა სარჩელზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 და 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილების საფუძველზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა ბმა „...“ საკასაციო საჩივარზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელე მხარეს დავის საგნის მიმართ აღარ გააჩნია ინტერესი. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საკასაციო საჩივრისთვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბმა „...“ წარმომადგენლის ს. შ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარემ - კასატორმა, სარჩელზე უარის თქმით გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც მოტივირებულ იქნა იმ გარემოებით, რომ დავის საგნის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ბმა „...“ წარმომადგენლის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის - ბმა „...“ მიერ პროცესუალური ნების ამგვარი გამოხატვა სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნების გამოხატვა დააბრკოლოს სამოსამართლო ჩარევის თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორის - ბმა „...“ წარმომადგენლის ს. შ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2015 წლის 14 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბმა „...“ წარმომადგენლის ს. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;

3. ბმა „...“ სარჩელზე შეწყდეს წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. კასატორის - ბმა „...“ წარმომადგენელს - ს. შ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2015 წლის 14 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ნ. სხირტლაძე