Facebook Twitter

ბს-403-398(კ-14) 23 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ-ა

დავის საგანი – საჯარო ინფორმაციის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2014წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ.ჯ-ამ 22.10.2013წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 24.09.2013წ. განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე მატერიალური (25 ლარი) და მორალური (300 ლარი) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 11.12.2013წ. მოსარჩელემ დააზუსტა სასამარჩელო მოთხოვნა, უარი თქვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა თანამდებობის პირების ვინაობის, თითოეულ მათგანზე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე გაცემული პრემიის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემა, მორალური ზიანის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 24.09.2013წ. მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, რომელიც შეეხებოდა სამინისტროში მომუშავე თანამდებობის პირებზე, თითოეულზე ცალ-ცალკე, გაცემული პრემიების ოდენობას 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა 29.10.2013წ. წერილით განმცხადებელს აცნობა, რომ 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 01ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულ პირებზე გაცემული პრემიების ჯამური ოდენობა შეადგენდა 2 937 980 ლარს. ამასთან დამატებით ეცნობა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა ხელფასებისა და პრემიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეეძლო გაცნობოდა საჯარო ინფორმაციის ბიუროს ,,თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის ონლაინ სისტემის“ გამოყენებით ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2013წ. გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის 24.09.2013წ. განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის - თანამდებობის პირების ვინაობისა და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობის პირის მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 28-ე მუხლზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას ან თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის მის მიერ მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, გაგზავნილი ან მასთან დაცული. სასამართლომ ზაკ-ის 37-ე, 38-ე მუხლების საფუძველზე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ პრემიის სახით კონკრეტული თანხის მიღებაზე ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge განთავსებული არ არის. ამასთანავე, პროაქტიული გამოქვეყნება ზაკ-ის 40.3 მუხლის თანახმად, არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისაგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცნობის საშუალებას არ იძლევა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა და შესაბამის ვებ-გვერდზე (www.declaration.gov.ge) განთავსება, რადგან დეკლარაციაში მიეთითება წინა წლის განმავლობაში ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული საერთო თანხა. დეკლარაცია არ შეიცავს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდის პრემირებული თანამდებობის პირების ვინაობის და პრემიალური თანხების ოდენობის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 27-ე მუხლიდ ,,დ“ ქვეპუნქტზე, 42-ე, 44.1 მუხლებზე, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“, ,,თ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ კოდექსი, როგორც მმართველობის სფეროში მონაცემთა დაცვის სპეციალური კანონი, თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის განსხვავებულ სტანდარტს ამკვიდრებს. თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის ტრანსფარენტობა, გამჭვირვალობა. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების, ზაკ-ის 331, 24-ე მუხლებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლომ სსკ-ის მე-18, 413-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2014წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 377-ე მუხლსა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილისი ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო აპელანტმა ვერ წარადგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის დამადასტურებელი არგუმენტები. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ნ.ჯ-ას ისეთი ინფორმაცია მიაწოდა, რომლის განსაჯაროებაც განმცხადებელს არ მოუთხოვია, კერძოდ, მოსარჩელეს მიეწოდა ინფორმაცია პრემიების ჯამური ოდენობის შესახებ მაშინ, როდესაც ნ.ჯ-ამ მოითხოვა კონკრეტული, პერსონიფიცირებული ინფორმაცია თანამდებობის პირებისა და მათ მიერ აღებული პრემიების შესახებ. აღნიშნული ინფრომაციის მიღება შეუძლებელია აგრეთვე წერილში მითითებული ვებ-გვერდიდან (www.declaration.gov.ge), რადგან ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, დეკლარაციაში მიეთითება თანამდებობის პირის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღებული ერთიანი შემოსავალი, თუმცა არ მიეთითება შემოსავლის შემადგენელი კომპონენტების კონკრეტული ოდენობა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული ვერ იქნება საქართველოს მთავრობის 26.08.2013წ. =219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ“, რადგან აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. ნუსხის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნ.ჯ-ას მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ამ ნუსხაში არ არის, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაცულია გამჟღავნებისგან. ხსენებული ნორმატიული აქტი არ შეიცავს ისეთი სახისა და შინაარსის ქცევის ზოგად წესს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიმდინარე დავის გადაწყვეტისათვის.

სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 41.2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა იქნეს დაცული გამჟღავნებისგან აღნიშნული ინფორმაცია, მაშინ, როცა თანამდებობის პირის (მისი ოჯახის წევრის) სხვა, არანაკლებ მგრძნობიარე და ზოგ შემთხვევაში - უფრო მეტად მგრძნობიარე პერსონალურ მონაცემებს ასაჯაროებს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2014წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ნ.ჯ-ამ 24.09.2013წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა სამინისტროში მომუშავე თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 29.10.2013წ. წერილით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას ეცნობა, რომ მითითებულ პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულ პირებზე გაცემული პრემიების ჯამური ოდენობა შეადგენდა 2 937 980 ლარს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.08.2013წ. =219 დადგენილების 5.3 პუნქტის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გასცა ჯამური დაანგარიშებით არსებული მონაცემებით. ამასთანავე განმცხადებელს დამატებით განემარტა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა ხელფასებისა და პრემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო ,,თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის ონლაინ სისტემის“ გამოყენებით, ვებ-გვერდზე - www.declaration.gov.ge.

კასატორს, საქართველოს კონსტიტუციის 41.2 მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ დაუშვებელია პირის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა თავად ამ პირის თანხმობის გარეშე. ნ.ჯ-ას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამომდიანრეობდა საზოგადოების უსაფრთხოების ან უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია ინფორმაციის გაცემის კანონიერი მოთხოვნა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ნ.ჯ-ას საჯარო ინფორმაცია მიეწოდა მოთხოვნილი ფორმით - წერილობით. სწორედ 29.10.2013წ. წერილში აისახა ინფორმაცია ვებ-გვერდის შესახებ, რომლის მეშვეობით ნ.ჯ-ას ბევრად მეტი ინფორმაციის მიღება შეეძლო.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 24-ე მუხლი ითვალისწინებს მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმის - მოქმედების განხორციელების თაობაზე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომების (რეალაქტის) განხორციელების მოთხოვნა, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, უფლებამოსილებიდან გამომდინარე ასეთი მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას. სზაკ-ის 27-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კოდექსის მე-3 თავის (,,ინფორმაციული თავისუფლება“) მიზნებისთვის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 15.07.14წ. =449 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ წესის მიზნებისათვის სამინისტრო არის საჯარო დაწესებულება. სზაკ-ის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა.

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე 24.09.2013წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა თითოეული თანამდებობის პირის მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა 29.10.2013წ. წერილით განმცხადებელს აცნობა, რომ 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2013 წლის 01ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულ პირებზე გაცემული პრემიების ჯამური ოდენობა შეადგენდა 2 937 980 ლარს. განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა ხელფასებისა და პრემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო საჯარო ინფორმაციის ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის ონლაინ სისტემის გამოყენებით ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ.ჯ-ას 23.09.13წ. განცხადების მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 29.10.13წ. =01-02/83322 წერილით დაკმაყოფილდა და განმცხადებელმა მიიღო ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩარიცხული პრემიების ჯამური ოდენობის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელი მოითხოვდა არა ზოგად, ჯამურ ინფორმაციას, არამედ მითითებას კონკრეტული თანამდებობის პირებსა და მათთვის ჩარიცხული პრემიების ოდენობებზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 23.09.2013წ. წერილით განმცხადებელი - ნ. ჯ-ა, ითხოვდა ფულადი პრემიების შესახებ ინფორმაციას, განცხადების ტექსტის თანახმად, განმცხადებელი ითხოვდა სამინისტროსგან ინფორმაციას პრემიების მიმღები კონკრეტული პირების შესახებ, ინფორმაციას კონკრეტულ პირებზე გაცემული თანხების ოდენობისა და დარიცხვის საფუძვლების შესახებ, რომელიც მოპასუხის მიერ მითითებულ საიტზე (declaration.gov.ge) განთავსებული არ არის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელ ნ. ჯ-ას უარი ეთქვა სწორედ რომ მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის მიზნით ინფორმაციის გაცემის რომელიმე კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე. სამინისტროს 29.10.13წ. =01-02/83322 წერილით განმცხადებელს ეცნობა კრებსითი ინფორმაცია გაცემული პრემიების ჯამური ოდენობის შესახებ, მისი დაკონკრეტება - პერსონიფიცირება შეუძლებელია მაშინ, როდესაც განმცხადებელი მოითხოვდა პერსონიფიცირებულ ინფორმაციას. მართალია თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია პერსონალურია და შეიცავს ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გასული წლის განმავლობაში მიღებულ ერთიან შემოსავალს, მაგრამ დეკლარაციაში არ მიეთითება შემოსავლის შემადგენელი კომპონენტები. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამინისტროს წერილში ვებ-გვერდზე მითითება წარმოადგენს არამარტო ინფორმაციის არასათანადო წყაროს, არამედ ასევე ინფორმაციის გაცემის არასათანაო ფორმას, ვინაიდან განმცხადებელს არ უთხოვია მისთვის საინტერესო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა. ამასთანავე, პროაქტიული გამოქვეყნება ანუ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსზე განთავსება, სზაკ-ის მე-40.2 მუხლის, აგრეთვე ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 26.08.2013წ. =219 დადგენილების 2.4 მუხლის თანახმად, არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისაგან. ზაკ-ის 37-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის არჩევის უფლება. მოსარჩელეს საჯარო ინფორმაციის გაცემა შესაბამის ვებ-გვერდზე მითითებით არ მოუთხოვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული კასატორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სამინისტროს თანამდებობის პირთა შესახებ მოსარჩელისათვის ხელმისაწვდომია საიტის მეშვეობით. აღნიშნულს არ ცვლის კასატორის მითითება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ“ 26.08.2013წ. საქართველოს მთავრობის =219 დადგენილების დანართი ნუსხის 5.3 პუნქტზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 26.08.13წ. =219 დადგენილების დანართის - ,,პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის“ 5.3 პუნქტი ითვალისწინებს სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობის შესახებ თანამდებობის პირებზე ჯამურად გამოქვეყნებას, რაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მსგავსად არ იძლევა ამ ინფორმაციის პერსონიფიცირების შესაძლებლობას. მოქალაქის ლეგიტიმური უფლებაა იცოდეს თუ ზოგადად რა რაოდენობის თანხა გაიცა პრემიების სახით, რა პროპორციით განაწილდა ეს თანხები თანამდებობის პირებს შორის.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადენილი შემთხვევებისა. ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან ინფორმაციის მიღება ექვემდებარება კანონისმიერ მოწესრიგებას. პირად მონაცემებზე უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი. ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გამჭვირვალობის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით განისაზღვრა ინფორმაცია, რომლის ღიაობა აღემატება ინფორმაციის გასაიდუმლოების ინტერესს. კერძოდ, პირად, მათ შორის ფინანსურ, მონაცემებს შეიცავს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14, მე-15 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომლის შინაარსი 18.2 მუხლის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის თანახმად საჯაროა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს. ამდენად, პრემია არის მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ნაწილი, რომლის ინდივიდუალიზაციის საშუალებას არ იძლევა დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია. უკეთუ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავლების კრებსითი ინფორმაცია (სხვა ინფორმაციასთან ერთად) საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 41-ე მუხლს, დაუსაბუთებელია ხსენებული მუხლის მოშველიებით ღია ინფორმაციის ნაწილის - თანამდებობის პირის მიერ მიღებული პრემიალური თანხების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა სახელმწიფო მმართველობის კანონიერებისა და ლეგიტიმურობის პროპორციულია, საჯარო სამსახურის საქვეყნოობა, საჯარო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპია (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხ.), დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების თვისებაა. მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა ბიუჯეტი. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. ზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად თანამდებობის პირის მონაცემი ღიაა, ფინანსებთან მიკუთვნებული ინფორმაცია არ განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა წრეს (,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ.), შესაბამისად მისი დაცვა არ ხდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დაცვის რეჟიმში (კანონის მე-6 მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. საჯარო პირების მიმართ კერძო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაცვასთან შედარებით ინფორმაციის თავისუფლებას პრიორიტეტული მდგომარეობა ენიჭება, ვინაიდან საჯარო საქმიანობაზე პრეტენზიის მქონე პირი იმთავითვე ერთგვარ მზადყოფნას აცხადებს მისი კერძო ცხოვრების სფეროში შესაძლო შეღწევაზე. თანამდებობის პირის მითითება იმაზე, რომ ინფორმაცია მის პირად სფეროს ეხება არ ადასტურებს მისი თანხმობის გარეშე ინფორმაციის გაცემის შეუძლებლობას. საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილე საჯარო პირი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი კერძო ცხოვრების დეტალები შესაძლოა იქცეს საზოგადოების და მასმედიის ინტერესის ობიექტად. აღნიშნული განაპირობებს არა მხოლოდ პოლიტიკოსების და სხვა საჯარო მოხელეთა, არამედ კანდიდატების კერძო ცხოვრების ერთგვარ ღიაობას, მათი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უზრუნველყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის ტრანსფორენტობა, გამჭირვალობა, კანონმდებლობა (მაგ. „საჯარო სამსახურში ინერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხ.) ითვალისწინებს არათუ თანამდებობის პირთა, არამედ მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას (სუს 30.05.13წ., =ბს-527-518(კ-12)). ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობის პირის მონაცემები სზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა. მხედველობაშია მისაღები, რომ სზაკ-ის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისათვის თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, თანამდებობის პირია საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე. განსახილველ შემთხვევაში ნ. ჯ-ა სარჩელში და აგრეთვე 11.12.2013წ. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ ითხოვს არა სამინისტროს ყველა თანამშრომლის, არამედ მხოლოდ თანამდებობის პირების ვინაობის და თითოეულისათვის ჩარიცხული პრემიის თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაციას.

მოსარჩელის მოთხოვნა ეხება კონკრეტულ პირებზე გაცემული პრემიალური თანხების შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალებას, მოთხოვნილი ინფორმაცია იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას, ანუ ეხება პირის პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად არის პირის პერსონალური მონაცემი, შესაბამისად ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზოგადი დანაწესის მიხედვით პირის ფინანსების შესახებ ინფორმაცია უკავშირდება ფინანსთა სამინისტროს მოსამსახურეების პერსონალურ მონაცემებს. სზაკ-ის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემის ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით. აღნიშნული კანონი ადგენს პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ცნებას და დამუშავების საფუძვლებს. სზაკ-ის 28-ე მუხლის შესაბამისად საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელია მისი აგება იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემი არის პირადი ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, პერსონალური მონაცემის დაცვაში საბოლოოდ პრიორიტეტი ენიჭება არა მგრძნობიარობის, არამედ იდენტიფიკაციის კრიტერიუმს - მონაცემი დაცვას ექვემდებარება უკეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია. გამონაკლისს შეადგენს შემთხვევა, როდესაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია მონაცემის ხელმისაწვდომობა, ღიაობა. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“კანონის, აგრეთვე სზაკ-ში 25.05.12წ. კანონით შეტანილი ცვლილებების (მე-2 მუხ. ,,ნ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხ., 99-ე მუხ.) თანახმად, პერსონალური მონაცემი კონფიდენციალურ ინფორმაციას განეკუთვნება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ნაწილია, მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები პრაქტიკულად ყველა დარგში არსებობს (პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსი, შრომის კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, ,,საარჩევნო კოდექსის შესახებ“ ორგანული კანონი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი, ,,სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ“ კანონი, ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონი, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი, ,,პაციენტების უფლებების შესახებ“ კანონი და სხვ.). მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო აქტით - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულია თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ღიაობა, კერძოდ, სზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ამდენად, სზაკ-ის 44-ე მუხლი შეიცავს საგამონაკლისო, სპეციალურ დებულებას თანამდებობის პირებისათვის (თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებისათვის). მონაცემთა დაცვა წარმოადგენს ტიპიურ მაგალითს სხვადასხვა სფეროს მომცველი გამჭოლი საკითხისა, რომელიც არ თავსდება ერთი უნივერსალური საკანონმდებლო აქტის რეგულაციაში (სუს 30.05.2013 წ., =ბს-527-518(კ-12)), ამასთანავე მხედველობაშია მისაღები, რომ მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციასთან შედარებით მონაცემთა დაცვის სპეციალურ სფეროთა რეგულაციის ნორმებს უპირატესი, პრიორიტეტული ძალა ენიჭება, მონაცემთა დაცვის ზოგადი კანონი ძირითად მნიშვნელობას იძენს მონაცემთა დაცვის განსაკუთრებული რეგულაციის არ არსებობის პირობებში. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არ მიჯნავს ერთმანეთისაგან კერძო და საჯარო პირების პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმებს, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებული ინფორმაციის სამართლებრივი რეჟიმი სპეციალური კანონმდებლობით წესრიგდება. სზაკ-ი, როგორც მმართველობის სფეროში მონაცემთა დაცვის სპეციალური კანონი, თანამდებობის პირთა მიმართ შეიცავს სპეციალურ რეგულაციას, კოდექსის თანახმად თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემის დაცვის სტრანდარტი განსხვავებულია.

სზაკ-ის 37.2 მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, განცხადებაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივის ან მიზნის მითითება არ არის სავალდებულო. ამავე კოდექსის 81.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს სხვა რაიმე დამატებითი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენა კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებით პირი სარგებლობს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მიზნის მისაღწევად სჭირდება მას ინფორმაცია. ინფორმაციის მიღების მოტივი არ არის მნიშვნელოვანი არც საჯარო დაწესებულებისათვის და არც სასამართლოსათვის. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ ინფორმაციის გაცემისათვის განმცხადებელს უნდა დაესაბუთებინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოებრივი უშიშროების საჭიროება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

სასკ-ის 331 მუხლის შესაბამისად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს, სასამართლო კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების შესრულებისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს თანამდებობის პირების ვინაობისა და თანამდებობის პირების მიმართ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის სამინისტროსათვის დავალების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სწორია, კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ აქვს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2014წ. განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი