Facebook Twitter

№ბს-45-45(კ-15) 9 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი _ დ. ყ-ი

წარმომადგენელი – მ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - შ. პ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილება

წარმომადგენელი – მ. ბ-ე

მესამე პირი – შპს „...“ საშუალო სკოლა

წარმომადგენელი – ე. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 22 იანვარს დ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს იგი ხუთ შვილთან, შვილიშვილთან და ხანდაზმულ დედასთან ერთად თვითმმართველი ერთეულის მიერ შესახლებულ იქნა ყოფილი აფთიაქის შენობაში, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. #80. ამასთან, იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, რის საფუძველზეც მითითებულ მისამართზე იღებს სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას. 2007 წელს აღნიშნული ფართი გაიყიდა აუქციონზე და მისი მესაკუთრე გახდა ი. ჯ-ი. ფართის რეალიზაცია მოხდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მაშინ, როცა ყოფილი აფთიაქის შენობა ირიცხებოდა თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე. 2008 წლის 27 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ ყოფილი აფთიაქის შენობის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია და შემდგომ მისი აუქციონით გასხვისება მოხდა დოკუმენტების გაყალბებით.

მოსარჩელის მითითებით, სანამ შენობა მეორედ გაიყიდებოდა, მან შეატყობინა გლდანი-ნაძალადევის მე-2 ქვეგანყოფილების უფროსს, რომ არ მომხდარიყო შენობის ხელმეორედ გაყიდვა და ყადაღა დადებოდა სადავო ფართს, მაგრამ უშედეგოდ. 2010 წელს ორჯერ მოხდა მისი გამოსახლების შეჩერება სადავო ფართიდან. პირველი გასახლება შეჩერდა იმის გამო, რომ შენობა უმისამართოდ იყო გაყიდული და ამონაწერში არ ფიქსირდებოდა შენობის მისამართი, ხოლო მეორე გასახლება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ფიქსირდებოდა ფართის მეტობა 150 კვ.მ-ით და მოსარჩელე არ ცხოვრობდა გაყიდულ ფართში. 2013 წლის 12 აგვისტოს ი. ჯ-სა და შპს „...“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს „...“ საშუალო სკოლის სახელზე. ამავე წლის 16 სექტემბერს შპს „...“ დირექტორმა, მ. ქ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას და მოითხოვა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ #2081783 გაფრთხილება, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 19 ნოემბრის #885 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა დ. ყ-ის საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების #2081783 გაფრთხილება.

მოსარჩელის მოსაზრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადავო ბრძანების გამოცემისას მხედველობაში არ მიიღო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი გამოძიება დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ არ შეაფასა ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი და გადაწყვეტილების მიღებისას ასევე არ გაითვალისწინა მისი ოჯახური მდგომარეობა.

მოსარჩელის განმარტებით, სზაკ-ის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შინაგან საქმეთა მინისტრის #747 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძველია უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე, რაც უშუალო კავშირშია სადავო ფართზე საკუთრების უფლებასთან.

2014 წლის 13 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების #2081783 გაფრთხილებისა და საქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 19 ნოემბრის #885 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მესამე პირად მიუთითა შპს „...“ საშუალო სკოლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ყ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, გლდანის ... მ/რ-ებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 432,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...), მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით (საერთო ფართით 623, 775 კვ.მ.) 2007 წლის 16 ნოემბერს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (ტ I, ს.ფ. 234). მითითებული ფართი 2008 წლის 4 მარტს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ი. ჯ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №77, დამოწმების თარიღი 17.01.2008წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისია; 2. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №538-ა, დამოწმების თარიღი 20.02.2008წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; 3. ბრძანება №1-1/219, დამოწმების თარიღი 20.02.2008წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ქ. თბილისში, ... ქ. №80-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 432,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...), მასზე მდებარე შენობა- ნაგებობებით (№1, საერთო ფართით 623, 775 კვ.მ. მათ შორის, სარდაფი 302,704 კვ.მ., I სართული - 321, 071 კვ.მ.; №2 საერთო ფართით 62, 06 კვ.მ. (სარდაფი 31, 030 კვ.მ., I სართული 31, 030 კვ.მ.), 2013 წლის 27 აგვისტოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „...“ საშუალო სკოლის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 12.08.2013წ.

შპს „...“ საშუალო სკოლის დირექტორმა 2013 წლის 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-2 განყოფილებას და მოითხოვა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. №80, დ. ყ-ის მხრიდან ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების მიერ, 2013 წლის 20 ოქტომბერს დ. ყ-ის მიმართ გამოიცა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ №2081783 გაფრთხილება. დ. ყ-მა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ №2081783 გაფრთხილება 2013 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 19 ნოემბრის №885 ბრძანებით დ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, დ. ყ-ი 2007 წლის 3 ივლისიდან რეგისტრირებულია ფაქტობრივ მისამართზე - თბილისი, გლდანი, ... ქ. №80. მისი შვილები - ა. ყ-ი, ა. ყ-ი და დ. ყ-ი რეგისტრირებულნი არიან მისამართის გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად ფიქსირდება ქ. თბილისი, გლდანი, ... ქ. №80.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების 2014 წლის 8 ივლისის №1299758 წერილის თანახმად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში 2008 წლის 27 ივნისს, მოქალაქე დ. ყ-ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. თბილისში, გლდანის მასივი, ... ქუჩა №80-ში მდებარე №...-ე აფთიაქის შენობის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქე ი. ჯ-ისათვის მიყიდვის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფებებსა და მოვალეობებს. ამდენად, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული 2013 წლის 20 ოქტომბრის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ №2081783 გაფრთხილება, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 19 ნოემბრის №885 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით დამტკიცებული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესით დადგენილ დებულებებთან.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი’’, რომელიც განსაზღვრავს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პროცედურებსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული წესის მე-8 მუხლი განსაზღვრავს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძვლებს, რომელთაგან ერთ-ერთს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიებების დასრულებამდე უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის განმარტებას იძლევა მითითებული წესის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის,სერვიტუტის, იპოთეკის (მხოლოდ ბინაში ცხოვრების უფლებით), იჯარის, ქირავნობის ან თხოვების უფლებას, საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული ქირავნობის ან თხოვების ხელშეკრულება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს (კერძო არბიტრაჟის) გადაწყვეტილება ან «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობა ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ლტოლვილის ან დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (მხოლოდ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებისათვის) ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, ნივთის მართლზომიერი ფლობა წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძვლებს. ამასთან, კანონმდებელი არ განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და დავის განმხილველ ორგანოს ანიჭებს უფლებას მართლზომიერი ფლობის/სარგებლობის ფაქტი დაადგინოს იმ დოკუმენტის საშუალებითაც, რომელიც არ არის მოცემული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სადავო ფართში რეგისტრაცია, ასევე, მის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა, ვერ იქნება მიჩნეული დ. ყ-ის მიერ სადავო ფართის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლი პირველი პუნქტის ’’ე1’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძველია უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმა გულისხმობს უძრავ ნივთთან მიმართებაში მხოლოდ ისეთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს უძრავ ნივთზე არსებულ საკუთრების უფლებაზე. ნორმის ფართო ინტერპრეტაცია და მასში უძრავ ნივთთან დაკავშირებით დაწყებულ ნებისმიერი სახის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის მოაზრება, არათუ სცილდება კანონმდებლის მიზანს, არამედ ეწინააღმდეგება მას და იძლევა უსამართლო შედეგს, ვინაიდან გამოიწვევს დავის გაჭიანურებას და ხელს შეუშლის მესაკუთრის უფლების დაცვის სისწრაფესა და ეფექტურობას. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიების მიმდინარეობის მოტივითაც ითხოვს მოსარჩელე უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტას, აღძრულია ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაც გამოიხატა საბუთების გაყალბების გზით ი. ჯ-ისათვის ქ. თბილისში, ... ქ. №80-ში მდებარე №... აფთიაქის შენობის მიყიდვაში. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე1’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად, ვინაიდან გამოძიება არ მიმდინარეობს შპს „...“ საშუალო სკოლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლებასთან, ან მისი დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით. შპს „...“ საშუალო სკოლას ხსენებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა და ძალაშია. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე, რითაც შესაძლებელია დადგინდეს სადავო ფართის არაკეთილსინდისიერად გასხვისებისა და შეძენის ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსი აღნიშნულ კონფლიქტს მესაკუთრის სასარგებლოდ წყვეტს, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არ უნდა აღმოჩნდეს ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ. შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. განსახილველ შემთხვევაში კი შპს „...“ საშუალო სკოლის არაკეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძვლები არ არსებობს, ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მის მიერ სადავო უძრავი ნივთის დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ სადავო ფართის მართლზომიერი ფლობის ფაქტი და მეტიც, გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ იგი თვითნებურად შეიჭრა ყოფილი აფთიაქის შენობაში და ამის შემდეგ მოითხოვა მისი დაკანონება. დ. ყ-ი სადავო ფართში შეასახლა გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ ზეპირი მითითების საფუძველზე. ამასთან, იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, რის საფუძველზეც იღებს სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას. ოჯახის რეგისტრაციის მისამართად კი მითითებულია ქ. თბილისი, ... ქ. #80.

კასატორის მითითებით, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ უფლების ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქ. #80-ში მდებარე ყოფილი აფთიაქის შენობა გასხვისებულია დოკუმენტების გაყალბებით გზით. აღნიშნულ საკითხზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, ვინაიდან მერიის ბალანსზე არსებული ფართი აუქციონის გზით დაუკითხავად გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ და აუქციონზე გამარჯვებულად გამოაცხადა ი. ჯ-ი. შემდგომ გამოძიების პროცესში მან ეს ქონება გაასხვისა შპს „...“ საშუალო სკოლაზე. სააპელაციო სასამართლოს კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებულების მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პრიმა ქვეპუნქტი, რაც საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტის საფუძვლად უძრავ ნივთზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას ითვალისწინებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ყ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით დ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2015 წლის 14 მაისს, 13:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისში, გლდანის ... მ/რ-ებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 432,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...), მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით (საერთო ფართით 623, 775 კვ.მ.) 2007 წლის 16 ნოემბერს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. მითითებული ფართი 2008 წლის 4 მარტს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ი. ჯ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №77, დამოწმების თარიღი 17.01.2008წ.; 2. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №538-ა, დამოწმების თარიღი 20.02.2008წ.; 3. ბრძანება №1-1/219, დამოწმების თარიღი 20.02.2008წ.

ქ. თბილისში, ... ქ. №80-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 432,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...), მასზე მდებარე შენობა- ნაგებობებით (№1, საერთო ფართით 623, 775 კვ.მ. მათ შორის, სარდაფი 302,704 კვ.მ., I სართული - 321, 071 კვ.მ.; №2 საერთო ფართით 62, 06 კვ.მ. (სარდაფი 31, 030 კვ.მ., I სართული 31, 030 კვ.მ.), 2013 წლის 27 აგვისტოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „...“ საშუალო სკოლის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 12.08.2013წ.

შპს „...“ საშუალო სკოლის დირექტორმა 2013 წლის 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-2 განყოფილებას და მოითხოვა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. №80, დ. ყ-ის მხრიდან ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების მიერ, 2013 წლის 20 ოქტომბერს ამ უკანასკნელის მიმართ გამოიცა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ №2081783 გაფრთხილება. დ. ყ-მა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ №2081783 გაფრთხილება 2013 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 19 ნოემბრის №885 ბრძანებით დ. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, დ. ყ-ი 2007 წლის 3 ივლისიდან რეგისტრირებულია ფაქტობრივ მისამართზე - ქ. თბილისი, გლდანი, ... ქ. №80. მისი შვილები ა., ა. და დ. ყ-ები რეგისტრირებულნი არიან მისამართის გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად მითითებულია ასევე ქ. თბილისი, გლდანი, ... ქ. №80.

განსახილველი დავის საგანს სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების #2081783 გაფრთხილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 19 ნოემბრის #885 ბრძანების კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლებითაც დ. ყ-ი გამოსახლებულ უნდა იქნეს მის მიერ დაკავებული ყოფილი აფთიაქის შენობიდან, რომელიც ქ. თბილისში, ... ქ. #80-ში მდებარეობს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, დ. ყ-ი იყო თუ არა დაკავებული ფართის მართლზომიერი მფლობელი, შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა თუ არა იგი მასზე საკუთრების უფლების მოპოვების მქონე სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით განსაზღვრულია საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი, პროცედურები და პირობები, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირების უფლებები და მოვალეობები. მითითებული წესის მე-8 მუხლი განსაზღვრავს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძვლებს, რომელთაგან ერთ-ერთს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიებების დასრულებამდე უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის განმარტებას იძლევა აღნიშნული წესის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე აღნაგობის, უზუფრუქტის, სერვიტუტის, იპოთეკის (მხოლოდ ბინაში ცხოვრების უფლებით), იჯარის, ქირავნობის ან თხოვების უფლებას, საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული ქირავნობის ან თხოვების ხელშეკრულება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს (კერძო არბიტრაჟის) გადაწყვეტილება ან «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობა ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ლტოლვილის ან დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ (მხოლოდ ლტოლვილთა ან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებისათვის) ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. მითითებული ნორმის შესაბამისად, ნივთის მართლზომიერი ფლობა წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, კანონმდებელი არ განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და დავის განმხილველ ორგანოს ანიჭებს უფლებას მართლზომიერი ფლობის/სარგებლობის ფაქტი დაადგინოს იმ დოკუმენტის საშუალებითაც, რომელიც არ არის მოცემული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სადავო ფართში რეგისტრაცია, ასევე, მის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა, ვერ იქნება მიჩნეული დ. ყ-ის მიერ სადავო ფართის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც, რეგისტრაცია ადასტურებს პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს და არა უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ნივთის მართლზომიერ ფლობასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ იგი სადავო ფართში შესახლებული იყო გლდანი-ნაძალადევის იმდროინდელი გამგებლის - ხ-ის ზეპირი მითითებით, ასევე რეგისტრაციის მისამართად მითითებული ჰქონდა ... ქ. #80 და აღნიშნულ მისამართზე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნივთის ფლობა მართლზომიერია, როცა პირი მასზე ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც ემყარება გარიგებას ან კანონს. შესაბამისად, პირი მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობის უფლება მინიჭებული აქვს ნორმატიული აქტის საფუძველზე ან მოპოვებული აქვს მესაკუთრესთან შეთანხმებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი ნორმატიული აქტის, ან თუნდაც მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე იყო შესახლებული სადავო ფართში. უფრო მეტიც, იგი თავად აღიარებს, რომ სადავო ფართი დაიკავა ზეპირი მითითების საფუძველზე და შემდგომ მიმართა გამგეობას ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რეგისტრაცია, ასევე, კომუნალური გადასახადების გადახდა, ვერ იქნება მიჩნეული სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა დ. ყ-მა წარმოადგინა გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მიერ გაცემული ცნობა და მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა სადავო ფართში მისი მართლზომიერი ცხოვრების დამადასტურებელ დოკუმენტს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზირებს, ვინაიდან აღნიშნული ცნობა გაცემულია დ. ყ-ის სახელზე, მასზედ, რომ ის არის მარტოხელა დედა და ჰყავს 5 შვილი. მცხ: გლდანის ... მკ/რ-ებს შორის მდებარე #.. აფთიაქის შენობაში, ... ქ. #80-ში. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს დ. ყ-ის სადავო ფართში მართლზომიერი ცხოვრების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან მითითებულ დოკუმენტს აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი დ. ყ-ის ოჯახური მგომარეობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ და იგი არ წარმოადგენს რაიმე სამართლებრივ დოკუმენტს, რაც დაადასტურებდა მის მიერ სადავო ფართის მართლზომიერი და კანონიერი ფლობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მინდინარეობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმა გულისხმობს უძრავ ნივთთან მიმართებაში მხოლოდ ისეთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს უძრავ ნივთზე არსებულ საკუთრების უფლებაზე. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნიეს, რომ ნორმის ფართო ინტერპრეტაცია და მასში უძრავ ნივთთან დაკავშირებით დაწყებული ნებისმიერი სახის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის მოაზრება, არათუ სცილდება კანონმდებლის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან და იძლევა უსამართლო შედეგს, ვინაიდან გამოიწვევს დავის გაჭიანურებას და ხელს შეუშლის მესაკუთრის უფლების დაცვის სისწრაფესა და ეფექტურობას. შესაბამისად, ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე1’’ ქვეპუნქტი გულისხმობს უძრავ ნივთთან დაკავშირებით დაწყებულ არა ნებისმიერი სახის გამოძიებას, არამედ მხოლოდ ისეთი სახის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობას, რომელიც დაკავშირებულია უძრავი ნივთის საკუთრების უფლებასთან ან უძრავი ნივთის დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიების მიმდინარეობის მოტივითაც ითხოვს საკასაციო საჩივრის ავტორი უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტას, აღძრულია ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაც გამოიხატა საბუთების გაყალბების გზით ი. ჯ-ისათვის ქ. თბილისში, ... ქ. №80-ში მდებარე №... აფთიაქის შენობის მიყიდვაში. ამდენად, ეს გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის’’ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე1’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად, ვინაიდან გამოძიება არ მიმდინარეობს შპს „...“ საშუალო სკოლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლებასთან, ან მისი დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „...“ საშუალო სკოლას სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა და ძალაშია. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. აგრეთვე, დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული ფაქტი საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. ამდენად, საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ შპს „...“ საშუალო სკოლას საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატაც თვლის, რომ შპს „...“ საშუალო სკოლის არაკეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძვლები არ არსებობს, ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მის მიერ სადავო უძრავი ნივთის დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს - დ. ყ-ს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ყ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე