Facebook Twitter

ბს-504-491(2კ-14) 14 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე

კასატორები – ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი მ. ბ-ი (მინდობილობა 20.05.15წ., №06/13309473-17); ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი გ. კ-ე (მინდობილობა 04.12.14წ., №07-16/14338596)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“, წარმომადგენელი გ.ბ-ი (02.10.13წ. მინდობილობა)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.14წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „...“ 22.10.2013წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.06.2013წ. №000240 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 02.08.2013წ. №1623 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... გამზ. №56-ში მიმდინარეობს შპს „...“ საკუთრებაში არსებული ისტორიული შენობის კულტურის უძრავი ძეგლის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის მიერ 30.08.11წ. №01/2577 ბრძანებით შეთანხმებული შენობის რეკონსტრუცია-რესტავრაციის, ... გამზ. №56-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწესრიგების არქიტექტურული პროექტისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 30.08.2011წ. გაცემული ,,უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა“ №ნ/2708-1 ნებართვის საფუძველზე. 07.05.2013წ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა №000240 მითითება, რომელშიც აღინიშნა რომ შპს „...“ დაარღვია ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ 30.08.2011წ. გაცემული ბრძანებით შეთანხმებული პროექტი, კერძოდ ჩამოშლილია გუმბათი და უკანა ფასადის მხარეს 1-18 მონაკვეთში არსებული კედელი, შპს „...“ დაევალა ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეთანხმებული კორექტირებული პროექტის წარმოდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 დღის ვადა. მითითების შეუსრულებლობის გამო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.06.2013წ. №000240 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 3000 ლარით პროექტის დარღვევით მე-3 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. აღნიშნული დადგენილება შპს „...“ მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრით. ქ. თბილისის მერიის 02.08.2013წ. №1623 განკარგულებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გუმბათი და კედელი ჩამოინგრა სიძველის გამო, ზედამხედველობის სამსახური წერილობითაც გააფრთხილეს გუმბათის ჩამონგრევის საშიშროების შესახებ და მოითხოვეს კომისიური შემოწმების ჩატარება, რაზეც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მოსარჩელის განმარტებით, გაუგებარია რაში გამოხატება მშენებლობის პროექტის დარღვევა, როდესაც მშენებლობა ჩამონგრევის შემდეგ შეჩერებულია და არსებული შეთანხმებული პროექტით არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.06.2013წ. №000240 დადგენილებაში ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლზე მითითება დაუსაბუთებელია, ვინაიდან გუმბათის დაზიანების შემდეგ მშენებლობა შეჩერებულია და შეუძლებელია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი დაირღვეს იმ დროს, როდესაც არანაიარი სამუშაო მის მშენებლობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება. უსაფუძვლო და არაგონივრულია მითითებით განსაზღვრული 20 დღიანი ვადა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ უნდა მიეცა არანაირი ვადა, მაგრამ თუ მისცემდა იგი უნდა ყოფილიყო გონივრული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2013წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.06.2013 წ. #000240 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 02.08.2013წ. #1623 განკარგულება. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ მშენებლობა არ განუხორციელებია პროექტის დარღვევით, არამედ მოხდა შენობის გუმბათის და უკანა ფასადის მხარეს კედლის ნაწილის ჩამოშლა, რაც გამოწვეული იყო ნაგებობის სიძველით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ის წარმოადგენს ამ კანონით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომლებიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33.1 მუხლი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისთვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლზე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ. დადგენილების 55-ე, 74-ე მუხლებზე, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, მე-8, მე-10 და 33-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის, დაჯარიმება. სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ). საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს ზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2014წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2013წ. გადაწყვეტილება ნაწილობრივ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.06.2013წ №000240 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და დავის ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხდეველობის საქალაქო სამსახურის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.06.2013წ #000240 დადგენილება, შესაბამისად, მოპასუხე - ქ. თბილისის მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახურს დაევალა შპს „...“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2013წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის 02.08.2013წ. #1623 განკარგულების ბათილად ცნობის და საპროცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) შესახებ საკითხის გადაწყვეტის ნაწილში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პირობებში შპს „...“ უნდა შეენარჩუნებია შენობა უცვლელად. საკითხი იმის შესახებ წარმოადგენს თუ არა კედლის ჩამონგრევა შპს „...“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების, კერძოდ აქტიური მოქმედების ან/და უმოქმედობის შედეგს, საჭიროებს თავად ადმინისტრაციული ორგანოს - მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მხრიდან გამორკვევას და ერთმნიშვნელოვნად დადგენას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის გუმბათისა და კედლის ჩამონგრევა ანუ უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დაზიანება წარმოადგენს კონკრეტული პირის (პირების) მხრიდან ჩამონგრევამდე განხორციელებული მოქმედების ან უმოქმედობის შედეგს, რაც თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გამოვლენილი გადაცდომის სამშენებლო სამართალდარღვევად სწორად დაკვალიფიცირების ინტერესთა ჭრილში უნდა შეეძლოს იმ მოქმედების ან/და უმოქმედობის ზუსტად აღწერა-დახასიათება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ძეგლის დაზიანება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დამოკიდებულება შპს „...“ მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ანუ სამშენებლო სამართალდარღვევის არსის მიმართ წინააღმდეგობრივია, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჰქონდეს მკაფიო და ნათელი პასუხი კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა ეთვლება შპს „...“ სამშენებლო სამართალდარღვევად - ბრალეული ქმედებით (მოქმედებით/უმოქმედობით) ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დაზიანება, თუ 07.05.2013 წ. N000240 მითითებაში განსაზღვრული მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს თუ რა იგულისხმება კორექტირებული პროექტის წარდგენაში, ევალება თუ არა შპს „...“ დაზიანებული გუმბათისა და კედლის აღდგენა, ევალება თუ არა შპს „...“, რომ რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის არსებული პროექტი დააკორექტიროს იმგვარად, რომ მასში გაითვალისწინოს ასევე აღსადგენი გუმბათისა და კედლის აღდგენის, ხელახლა აშენების საკითხი. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოარკვიოს მითითებით განსაზღვრულ 20 დღიან ვადაში კორექტირებული პროექტის თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმების მოსწრების შემთხვევაში შექმნიდა თუ არა ასეთი აქტივობა იმის თქმის საფუძველს, რომ შპს „...“ არ ჩაუდენია სამშენებლო სამართალდარღვევა და რომ მას არ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით პასუხისმგებლობა. სააპელაციო პალატის განმარტებით, შპს „...“ კუთვნილ, ქ. თბილისში, ... გამზ. N56-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გუმბათისა და კედლის ჩამონგრევის ფაქტის კოდექსის 23-ე მუხლის მთლიანობაში და განსაკუთრებით - 23-ე მუხლის 23-ე ნაწილის ჭრილში შემოწმებისა და ანალიზის შედეგი იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებული იყო შპს „...“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაეწყო მითითების (და არა პირდაპირ შემოწმების აქტის) შედგენის გზით, რასაც რეალურად ჰქონდა კიდეც ადგილი. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შპს „...“ მიმართ მითითების შედგენა, მითითების ფარგლებში მისთვის კონკრეტული მოქმედების განხორციელების დავალება და ამ დავალების შესასრულებლად ვადის დაწესება წარმოადგენს სავალდებულოდ განსახორციელებელ პროცედურულ ეტაპს, რომელმაც თანმდევი შედეგების მიხედვით შესაძლოა გამოიწვიოს პირის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება. შესაბამისად, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეფასება უნდა მისცეს საკითხს იმის შესახებ, იყო თუ არა საკმარისად გონივრული შპს „...“ მითითებით დაწესებული 20 დღიანი ვადა კორექტირებული პროექტის მოსაპოვებლად.

სააპელაციო სასამართლოს 31.03.2014 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური საკასაციო საჩივარში აღნშნავს, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას,ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებს. კასატორი თვლის, რომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების რაციონალური ახსნა. ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს სამშენებლო პროექტის შესაბამისობას არსებულ მდგომარეობასთან და შეუსაბამობის შემთხვევაში ავალებს დარღვევის გამოსწორებას ან ფაქტობრივად ან დოკუმენტალურად. გაუგებარია რა გზით უნდა დაადგინოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტმა (არქიტექტორმა, ინჟინერ-მშენებელმა) დარღვევის ჩადენამდე შპს „...“ განზრახ თუ გაუფრთხილებლობით მოქმედებდა, როგორ უნდა გამოავლინოს დემონტაჟის განმახორციელებელი კონკრეტული პირი, საამისოდ გამოძიების ჩატარება იქნება საჭირო. მოქმედი კანონმდებლობით დამკვეთი ვალდებულია დაიცვას სამშენებლო პროექტი, მისგან ყოველგვარი გადახვევა იწვევს მის პასუხისმგებლობას. ამ პრინციპიდან გადახვევა შეუძლებელს გახდის სამშენებლო კონტროლს, წარმოუდგენელია ქალაქში ათასობით სამშენებლო ობიექტს უმტკიცო პროექტის განზრახ თუ გაუფრთხილებლობით დარღვევა, მოახდინო კონკრეტული პირების გამოვლენა, ამ პირების ქმედებების აღწერა მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს. აღნიშნული გადაულახავ პრობლემებს უქმნის ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლომ არ გაითვალისწინა სამართალდარღვევის სპეციფიურობა, რაც დასტურდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მითითებით მაშინ, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევას ცალკე არეგულირებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელიც ამომწურავად აწესრიგებს სამშენებლო სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზეა პროექტის დარღვევა, დაზიანებულია კულტურის უძრავი ძეგლი, მიუხედავად ამისა სასამართლომ აღმოაჩინა არა შპს „...“, არამედ ზედამხედველობის სამსახურის ქმედებაში წინააღმდეგობა. კულტურის ძეგლის უმნიშვნელო ცვლილება, საუბარი აღარ არის გუმბათისა და კედლის მოშლაზე, საჭიროებს შესაბამისი წესით შეთანხმებას (პროექტის კორექტირებას), ობიექტზე არსებული მდგომარეობა მოითხოვდა პროექტის კორექტირებას, რომლის წარმოდგენა მოთხოვეს შპს „...“. კასატორისათვის გაუგებარია რაში მდგომარეობს წინააღმდეგობა. კორექტირების ფუნქცია აკისრია არქიტექტურულ სამსახურს, ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნათლად არ იკვეთება რა იგულისხმა სამსახურმა პროექტის კორექტირებაში, ევალებოდა თუ არა მხარეს კორექტირების დროს კედლის და გუმბათის აღდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხვა სააპელაციო სასამართლოს 31.03.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქ.თბილისის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. გამომდინარე იქედან, რომ დამტკიცებული პროექტით არ იყო გათვალისწინებული გუმბათის და კედლის ჩამოშლა, შპს „...“ ასეთი სამუშაოების დავალება ვერ იქნებოდა კანონშესაბამისი, ამიტომ შპს „...“ დაევალა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეთანხმებული პროექტის წარმოდგენა. კასატორი შეთანხმებული პროექტის წარმოსადგენად განსაზღვრული 20-დღიანი ვადის შეფასების საჭიროებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ ვადაში შესაძლებელია პროექტის შეთანხმება, თუმცა შპს „...“ მხრიდან არც კი დაწყებულა მითითებით გათვალისწინებული მოქმედებები, მას არც ვადის გაზრდის მოთხოვნით მიუმართავს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის. კასატორი თვლის, რომ სამართალდარღვევის საქმეზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას და ასევე მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას გამოკვლეული და შეფასებული იქნა საქმისათვის ყველა მნიშვნელობის მქონე გარემოება. კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.06.13წ. დადგენილებით შპს „...“ პროექტის დარღვევით მე-3 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში დაშვებული დარღვევებისათვის დაჯარიმდა 3 000 ლარით. დაჯარიმებას საფუძვლად დაედო ,,პროექტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,ა.ბ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ.თბილისის ტერიტორიაზე, მესამე კლასის შენობა-ნაგებობისთვის - 3 000 ლარით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 30.08.11წ. =01/2577 ბრძანებით შეთანხმებულია შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის, ... გამზ. =56-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწესრიგების არქიტექტურული პროექტი და ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია 30.08.11წ. =6/2708-1 ,,უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა“, რომელიც ძალაშია 2016 წლის 1 სექტემბრამდე. შპს „...“ მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოებას სათავე დაუდო შპს „...“ კუთვნილი, ქ. თბილისში, ... გამზ. №56-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გუმბათის და უკანა ფასადის მხარის 1-18 მონაკვეთში არსებული კედლების ჩამოქცევა. შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროექტის ფარგლებში შპს „...“ არ გააჩნდა შენობის გუმბათის და უკანა ფასადის მხარეს 1-18 მონაკვეთში არსებული კედლის დემონტაჟის უფლებამოსილება, პირიქით პროექტი ითვალისწინებდა შენობის, რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პირობებში შენობის, მათ შორის გუმბათის და უკანა ფასადის კედლის უცვლელად დატოვებას.

სადავო აქტების (ზედამხედველობის სამსახურის 24.06.13წ. =4-1/დ304-13 დადგენილება =000240, ქ.თბილისის მერიის 02.08.13წ. =1623 განკარგულება) გამოცემის დროს მოქმედი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 213 მუხლის თანახმად, ქ.თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს და მშენებლობის ნებართვას (გარდა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვისა, საკულტო ნაგებობებზე სამუშაოების ნებართვებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვისა) გასცემდა ქ.თბილისის მერია ქ.თბილისის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე. ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.10.13წ. =275 დადგენილების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ქ.თბილისის მერიაში 2013 წლის 25 სექტემბრამდე არის დაწყებული, ქ.თბილისის მერიის მიერ გაიცემა. შესაბამისად ძეგლებზე სამუშაოების ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, ასევე სანებართვო პირობების კონტროლი ქ.თბილისის მერიის მიერ ხორციელდება (დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები). ამდენად, მერია, მერიის სსიპ ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო განეხორციელებია ობიექტზე სამშენებლო ზედამხედველობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.13წ. №000240 დადგენილება და მოპასუხეს - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა შპს „...“ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.13წ. გადაწყვეტილება ქ.თბილისის მერიის 02.08.13წ. =1623 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დარჩა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ახალი აქტის გამოსაცემად ზედამხედველობის ორგანოსათვის მიცემული დავალებები საფუძველს არის მოკლებული და წინააღმდეგობრივია. სააპელაციო პალატა ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს და ნათელი პასუხი გასცეს საკითხს იმის შესახებ, იქნებოდა თუ არა სახეზე სამშენებლო სამართალდარღვევა იმ შემთხვევაში თუკი შპს „...“ წარუდგენდა კორექტირებულ პროექტს თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ხოლო მეორეს მხრივ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მითითების მიცემა არის სავალდებულოდ განსახორციელებელი პროცედურული ეტაპი, რომელსაც თანმდევი შედეგის მიხედვით შეუძლია გამოიწვიოს პირის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება.

სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმიანობის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით (საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების საგამონაკლისო შემთხვევები გათვალისწინებულია კოდექსის 23.23 მუხლში). ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2, მე-5 ნაწილები). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა დაწყებულიყო მითითების და არა პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენის გზით. აღნიშნული არ წარმოადგენს სადავო აქტების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამართალდარღვევის საქმის წარმოება სწორედ რომ 07.05.13წ. =000240 მითითების შედგენით დაიწყო. მითითებაში აღინიშნა, რომ დარღვეულია ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 30.08.11წ. =01/2577 ბრძანებით შეთანხმებული პროექტი, კერძოდ ჩამოშლილია გუმბათი და უკანა ფასადის მხარის 1-18 მონაკვეთში არსებული კედელი. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით გამოსცეს აქტი, ვინაიდან შპს „...“ მიერ სადავო აქტით დაჯარიმების შემდეგ, წარდგენილი კორექტირებული პროექტის საფუძველზე, მოხდა ქ. თბილისში, ... გამზ. N56-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ჩამონგრეული გუმბათის და უკანა ფასადის მხარის 1-18 მონაკვეთში არსებული კედლის აღდგენა. სადღეისოდ გუმბათიც და კედელიც აღდგენილია. აღნიშნული გარემოება მხარეებს შორის დავას არ იწვევს. ამდენად, შეუძლებელია ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.2 მუხლით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ხელახლა ჩატარება, რადგან დღეის მდგომარეობით არ არსებობს შპს „...“ მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საზედამხედველო სამსახურის სადავო აქტით შპს „...“ მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გამოყენებულია არა აღდგენითი, არამედ საჯარიმო სანქცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში იმის მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარების შედეგად პასუხი უნდა გასცეს საკითხს იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება მითითებით დავალებული კორექტირებული პროექტის წარდგენაში, კერძოდ, გულისხმობს თუ არა ის შპს „...“ დავალდებულებას აღადგინოს გუმბათი და კედელი, პროექტის იმგვარად დაკორექტირებას, რომ მასში გათვალისწინებული იქნეს გუმბათის და კედლის აღდგენა. პროექტის ცვლილების შეთანხმებას ბრძანებით ახდენს არა ზედამხედველობის სამსახური, არამედ არქიტექტურის სამსახური. ზედამხედველობის სამსახური ახდენს უკვე დამტკიცებულ პროექტთან ობიექტის შესაბამისობას. ამდენად საფუძველს არის მოკლებული პროექტის კორექტირების მითითებაში ზედამხედველობის სამსახურის მოსაზრების გარკვევის დავალება, ასეთი მოტივაციით სადავო აქტის ბათილად ცნობა და საქმის ხელახალი განხილვისათვის ზედამხედველობის სამსახურისათვის დაბრუნება.

სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის და ხელახალი განხილვის დავალების პირობას არ ქმნის აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ შეფასებას საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს მითითებით განსაზღვრული კორექტირებული პროექტის წარმოდგენის ოცდღიანი ვადა. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის გაუქმება შესაძლებელია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების იგნორირების, მისი გამოკვლევის გარეშე გამოცემის შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გონივრულობა არ წარმოადგენს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების პირობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ოცდღიანი ვადის განსაზღვრით გონივრულად მიიჩნია იგი, ხოლო სააპელაციო პალატას საკითხის განსახილველად ხელახალი დაბრუნების გარეშე თავად შეეძლო შეეფასებინა ოცდღიანი ვადის დადგენის გონივრულობა, მით უფრო, რომ პროექტის კორექტირების წარმოდგენისათვის ვადის გონივრულობა შეფასდება არა მხოლოდ მითითებით განსაზღვრული 20 დღიანი ვადით, არამედ დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანით, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს კორექტირებული პროექტის წარდგენის შესაძლებლობას დადგენილების გამოტანამდე (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 27.5 მუხ.). შპს „...“ ვადის გაზრდის მოთხოვნით ზედამხედველობის სამსახურისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად გაუგებარია ამ საკითხის გარკვევის დავალება ადმინისტარციული ორგანოსათვის. ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია აგრეთვე მისარები, რომ ადგილი ჰქონდა კულტურის ძეგლის ნაწილის ჩამოქცევას. უდავოა, რომ შენობის რეკონსტრუქცია - რესტავრაციის არქიტექტურული პროექტის ფარგლებში შპს „...“ არ გააჩნდა შენობის გუმბათის და უკანა ფასადის მხარეს 1-18 მონაკვეთში არსებული კედლის არათუ მონგრევის, არამედ რაიმე ცვლილების შეტანის უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლო თავად აღნიშნავს, რომ პროექტის მიხედვით შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პირობებში შპს „...“ ვალდებული იყო შეენარჩუნებია შენობა უცვლელად, მათ შორის შენობის ხსენებული ორი დეტალი - გუმბათი და უკანა ფასადის კედელი. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლინდა პროექტის დარღვევა, გამოვლენილ დარღვევაზე გაიცა მითითება, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი კორექტირებული პროექტი, მიღებულ იქნა დადგენილება საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია სანებართვო პირობების შესრულებაზე. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის თანახმად ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა (28.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი). დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას (23-ე მუხ.). თუ ნებართვის საფუძველზე ძეგლზე ჩატარებული სამუშაოებისას წარმოიშობა შესაბამისი სანებართვო პირობების ცვლილების აუცილებლობა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია სანებართვო პირობების ცვლილების მოთხოვნით, განცხადებით მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, სანებართვო პირობების ცვლილების საფუძველია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (53-ე მუხ.). სამუშაოს ჩატარება კორექტირებული პროექტის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ სანებართვო პირობების ცვლილების აქტით დამტკიცების შემდეგ. სამშენებლო კანონმდებლობის თანახმად, მითითების მიცემა არის საჯარიმო სანქციის დაკისრების აუცილებელი წინაპირობა, შუალედური აქტი, რომელიც თავისთავად უშუალო სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, დაჯარიმებას იწვევს არა მითითების შედგენა, არამედ მითითებით განსაზღვრული პირობების - მოცემულ შემთხვევაში კორექტირებული პროექტის განსაზღვრულ ვადაში არწარდგენა. კორექტირებული პროექტის, ახალი სამშენებლო პირობების დამტკიცება არ გულისხმობს უძრავი კულტურის ძეგლზე უკანონო ზემოქმედების, ძეგლის კედლის ნაწილის და გუმბათის ჩამოქცევის ლეგალიზაციის შესაძლებლობას, ობიექტისათვის მინიჭებული კულტურის ძეგლის სტატუსი ცხადყოფს, რომ შპს „...“ განესაზღვრა ვადა დამტკიცებული პროექტისაგან გადახვევის დასადასტურებლად არქიტექტურული სამსახურის მიერ უკვე დამტკიცებული პროექტის წარდგენისათვის, ასეთი არსებულ ფაქტობრივ გარემოებასთან შესაბამისობაში მყოფი პროექტი უნდა შედგენილიყო მანამდე და არა ზედამხედველობის ორგანოს მიერ ვადის განსაზღვრის შემდეგ. ამდენად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს პროექტის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის გონივრულობაზე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გუმბათის და კედლის ჩამოშლასთან დაკავშირებით სამართალწარმოების დაწყებამდე, სადავო აქტების გამოცემამდე, ქ.თბილისში, ... გამზ. =56-ში მდებარე შენობის და მასთან არსებული სკვერის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევასთან მშენებლობის ეტაპზე ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 01.03.13წ. =000215 მითითებაზე შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც მშენებლობის ეტაპზე დაფიქსირდა სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ 30.08.11წ. ბრძანებით დამტკიცებული პროექტის რიგი დარღვევები, სხვა დარღვევებთან ერთად დაფიქსირდა კედლების და გადახურვის მოშლა (ტ.1, ს.ფ. 30-31). ობიექტის მესაკუთრე უარყოფდა კედლების მოშლას და ამტკიცებდა მათი სიძველის გამო ჩამოქცევას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მასალის შესწავლის, ამ დარღვევების სადავო აქტებში აღნიშნულ დარღვევასთან შესაძლო კავშირზე მსჯელობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. პროექტი არ ითვალისწინებდა სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შედეგად გუმბათის და კედლის ჩამოშლის შესაძლებლობას, პირიქით უძრავი ძეგლის ცენტრალური კონსტრუქციული ელემენტი, გუმბათი უნდა შენარჩუნებულიყო, რესტავრაცია ხომ სწორედ შემორჩენილი ავტენტიკური მასალის და ელემენტების ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძეგლის დაზიანებული ფრაგმენტების თავდაპირველი სახით აღდგენას გულისხმობს (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტი). უკეთუ სიძველის გამო სამუშაოების ჩატარება არ იყო შესაძლებელი გუმბათის დემონტაჟის გარეშე, აღნიშნული საჭიროებდა სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას დამტკიცებულ პროექტში კორექტირების შეტანის შემდეგ, ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, გაურკვეველია რამ განაპირობა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმის აღნიშვნა, რომ გარკვევას საჭიროებს თუ რა იგულისხმება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წერილობით მითითებაში. ამის გარკვევა სავსებით შესაძლებელია სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში, შესაბამისად ხსენებული ვერ იქნება მიჩნეული სადავო საკითხის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება საქმის ფაქტობრივი და არა სამართლებრივი გარემოებების გაურკვევლობის გამო. ამდენად, აქტის გაუქმებას არ ასაბუთებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძვლად დავის სამართლებრივი ასპექტების გარკვევის საჭიროებაზე მითითება (შექმნიდა თუ არა თბილისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული კორექტირებული პროექტის წარმოდგენა ჯარიმის სახით პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს; არის თუ არა კედლის და გუმბათის ჩამონგრევა მართლსაწინააღმდეგო).

დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ბრალეული ქმედების გარკვევის საჭიროებაზე, კერძოდ იმის გარკვევის საჭიროებაზე მითითება წარმოადგენს თუ არა შპს „...“ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება აქტიური მოქმედების ან/და უმოქმედობის შედეგს. სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებაში უთითებს აგრეთვე, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისათვის გუმბათის და კედლის ჩამონგრევა ანუ უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დაზიანება წარმოადგენს კონკრეტული პირის (პირების) მხრიდან ჩამონგრევამდე განხორციელებული მოქმედების ან უმოქმედობის შედეგს, რაც თავის მხრივ სააპელაციო პალატის აზრით მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, გამოვლენილი გადაცდომის სამშენებლო სამართალდარღვევად სწორად დაკვალიფიცირების ინტერესთა ჭრილში, უნდა შეეძლოს იმ მოქმედების ან/და უმოქმედობის ზუსტად აღწერა-დახასიათება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ძეგლის დაზიანება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალი პასუხისმგებლობის (დისციპლინური, ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი) სავალდებულო კომპონენტია. დაუშვებელია იურიდიული პირის ბრალის გარეშე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის ბრალეული მოქმედება (უმოქმედობა) ფიზიკური ან იურიდიული პირისა. ამასთანავე, იურიდიულ პირის ბრალის ცნებას განსხვავებული შინაარსი აქვს, სამშენებლო სამართალში იურიდიული პირის მიმართ ბრალის ხასიათის გარკვევა განზრახვის ან გაუფრთხილებლობის კლასიკური ცნების თვალსაზრისით უსაგნოა. იურიდიული პირი მიიჩნევა ბრალეულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში უკეთუ იურიდიულ პირს ჰქონდა დადგენილი წესების და ნორმების დაცვის შესაძლებლობა, მაგრამ პირის მიერ არ იქნა მიღებული ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მათ დასაცავად, დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ასეთ გარემოებაზე მითითებას სააპელაციო პალატა ვერ ახდენს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შეთანხმებული პროექტის დაცვა და სანებართვო პირობების შესრულება წარმოადგენს დამკვეთის ვალდებულებას, ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს საჯარიმო სანქციის გამოყენებას დამკვეთის მიმართ. იურიდიული პირის ბრალის კომპლექსური გაგება შეიცავს მის ობიექტურ და სუბიექტურ ასპექტებს. ბრალის ობიექტური ასპექტი ვლინდება თუ დადგენილია, რომ იურიდიულ პირს გააჩნდა დადგენილი წესების დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ხოლო მის მიერ არ იყო მიღებული ყველა საჭირო ზომა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკმარისია პირის მიერ წესის, დამტკიცებული პროექტის, მშენებლობის ნებართვის დარღვევის კონსტატაცია, ბრალი ასეთ შემთხვევაში პრეზიუმირდება. რაც შეეხება ბრალის ფორმებს (განზრახვა, გაუფრთხილებლობა), კონკრეტული ფიზიკური პირების ქმედებას, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის იურიდიული პირის პასუხისმგებლობისათვის მათ არ აქვთ არსებითი მნიშვნელობა. ასეთი მექანიზმი იძლევა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის სუბიექტად არამხოლოდ ფიზიკური, არამედ აგრეთვე იურიდიული პირის ცნობის შესაძლებლობას. სწორედ იურიდიულ პირზე საჯარიმო სანქციის სახით პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი შეადგენს განსახილველი დავის საგანს. იურიდიულ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება მიუხედავად იმისა დადგენილია თუ არა სამართალდარღვევის ჩამდენი კონკრეტული ფიზიკური პირი, აგრეთვე მიუხედავად ამ პირის ბრალის ფორმისა. ბრალის ფორმას მნიშვნელობა აქვს ფიზიკური პირის პასუხისმგებლობისათვის (ასე მაგ. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ძეგლზე განზრახ იმგვარი ზემოქმედების მოხდენა, რის გამოც ძეგლს ემუქრება გამოუსწორებელი დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას). იურიდიული პირის ბრალის სუბიექტური ასპექტი ვლინდება ადმინისტრაციის, კონკრეტული თანამდებობის პირის დამოკიდებულებაში სამართალდარღვევის მიმართ. მართალია იურიდიული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამორიცხავს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ფიზიკური პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას და პირიქით, ფიზიკური პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ გამორიცხავს მის დაკისრებას იურიდიული პირისათვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული ფიზიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, შესაბამისად საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო პალატის დავალება კონკრეტული ფიზიკური პირების მოქმედების ზუსტი დადგენის საჭიროების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახალი განხილვისათვის და ახალი გადაწყვეტილების მიღებისათვის დაბრუნების შესაძლებლობის დასაბუთებას. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი გადაწყვეტის დაკისრების აუცილებელი პირობათაგანია ადმინისტრაციული წარმოების ახლიდან ჩატარების სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, დაუსაბუთებელია სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.03.2014 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე