საქმე №ბს-600-587(2კ-14) 21 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორები: 1. (მოპასუხე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახური; 2. (მესამე პირი) ჯ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. შ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. შ-ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 ივლისის №882013330315-03 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 31 აგვისტოს №882013330315-04 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 თებერვლის №157465 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს ნ. შ-ეს საკუთრებაში დაარეგისტრიროს ხულოს რა/ნ-ის სოფ. ... 900 კვ.მ. მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჯ. ხ-ის საკუთრების რეგისტრაცია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ... თემის საკრებულოს საკომლო წიგნის 1997-2000 წლების საარქივო ჩანაწერებზე, რომლის მიხედვითაც მის მართლზომიერ მფლობელობაში ირიცხება 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებულ საცხოვრებელ სახლთან ერთად. ნ. შ-ის კომლს აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიღებული აქვს უ. შ-ის კომლის გაყოფის შედეგად, რომელსაც ერიცხებოდა 4500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ნ. შ-ის მითითებით, 1998 წელს სოფელ ... არენდატორთა კრებამ შეცდომით ნ. შ-ის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეფორმის წესით საკუთრებად გამოუყო ჯ. ხ-ეს, რომელმაც ნაკვეთი დაირეგისტრირა ხულოს რაიონის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში, თუმცა ამ ნაკვეთს იგი არ დაუფლებია. მოსარჩელე სასამართლო წესით ედავა ხ-ესა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება. ხ-ის საკუთრების რეგისტრაცია გაუქმდა სადავო მიწის ნაკვეთზე(900 კვ.მ.). ნ. შ-ემ განცხადებით მიმართა ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც უარი მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ჯ. ხ-ე
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 ივლისის №882013330315-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 31 აგვისტოს №882013330315-04 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 თებერვლის №157465 გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 21 მარტის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხულოს ადგილობრივი არქივის №4 ცნობით, შ-ე უ. რ. ძის ოჯახი შედგება 10 წევრისგან, რომელთა შორისაა აპელანტი ნ. შ-ეც, ხოლო კომლს აწერია 0,45 ჰა. მიწის ნაკვეთი, 1956 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, 1957 წელს აგებული ბოსელი და 1968 წელს აგებული მთის სახლი. ხულოს ადგილობრივი არქივის მიერ 2011 წლის 11 ივლისს გაცემული №733 ცნობით დადგენილია, რომ ხულოს ადგილობრივ არქივში დაცული 1997-2000 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ნ. შ-ის კომლს აწერია 0,25 ჰა. მიწის ნაკვეთი და ქვის საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას. 1998 წლის 5 მარტს კი მიწის რეფორმასთან დაკავშირებით არჩეული კომისიის №3 ოქმის თანახმად, მიწის მიზომვის კომისიას დაევალა შ-ისთვის მიწის მიზომვა, რომელიც შესრულდა 1998 წლის 27 მარტს და შ-ეს მოუზომეს 0.46 ჰა. მიწის ნაკვეთი. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 3 აპრილის №210 ცნობით ირკვევა, რომ 1998 წლის 2 სექტემბრის №3 კრების ოქმის საფუძველზე ჯ. ხ-ეს გადაეცა სულ 7500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მათ შორის, „…“- 2000 კვ.მ., რომელშიც შედიოდა 800 კვ.მ. სახნავი და 1200 კვ.მ. სათიბი. 2013 წლის 7 მაისს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ნ. შ-ის წარმომადგენელმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ხულოს რაიონის სოფელ ... უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2013 წლის 26 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ 899 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხულოს რაიონის, სოფელ ... (სარეგისტრაციო ზონა - ხულო, კოდი ...; სექტორი - ..., კოდი:...; კვარტლის №...; ნაკვეთის №...; ნაკვეთის წინა ნომერი: ..., უფლების დამდგენი დოკუმენტი: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება) რეგისტრაცია გაუქმებულია (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882013203459, განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 07.05.2013; უფლების რეგისტრაციის თარიღი - 26.06.2013). ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012148712-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში აღსრულებულია, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება ჯ. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რაც ასევე დავალებული ჰქონდა 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით. 2013 წლის 15 ივლისს ნ. შ-ემ განცხადებით მიმართა ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზედაც მას ეთქვა უარი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შ-ის წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარზეც შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 სექტემბრის №157465 გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ №882013330315 სარეგისტრაციო განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები არ იყო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, რის გამოც წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება კანონიერი იყო.
გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმადაც სარეგისტრაციო წარმოებისას მხარეებს წარმოადგენენ დაინტერესებული პირი და შესაბამისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური. პალატამ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით, „რეგისტრაცია“ გულისხმობს ნივთისა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების რეგისტრაციას... მათში ცვლილებებსა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. „კ“ ქვეპუნქტით კი სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტია, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილ ვალდებულებაზე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შესახებ. 97-ე მუხლის მიხედვით კი მის უფლებამოსილებაზე წარმოებისას საქმის მოკვლევის მიზნით განსახორციელებელ შესაძლო მოქმედებებზე. სასამართლომ მიუთითა ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პირობებს ჩამოთვლის და განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა სარეგისტრაციო სამსახურისთვის ცნობილი იყო განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სრულად არ იყო აღსრულებული – მას ნ. შ-ის განცხადების განხილვა უნდა შეეჩერებინა ჯ. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რადგან აღნიშნული აქტის გამოცემის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შესაძლებელი იყო ისეთი გარემოებების დადგენა, რაც გავლენას იქონიებდა შ-ის უფლებებზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამავე სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურმა და ჯ. ხ-ემ.
კასატორმა ჯ. ხ-ემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმებული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები კანონიერი იყო, ვინაიდან მისი მტკიცებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მუხლებით და გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა მხოლოდ საჯარო რეესტრის მოქმედების სფეროში მიღებულ აქტებს. კასატორის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვიანიდან კრების გადაწყვეტილებით ნაკვეთი ხ-ეს მიეზომა, რასაც ადასტურებს 2014 წლის 22 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადავო მიწის ნაკვეთის ჯ. ხ-ეზე გადაცემასთან დაკავშირებით. ხ-ის მტკიცებით, მის სახელზე გაცემული 1997 წლის 5 სექტემბრის მიწის ნაკვეთის აზომვის აქტი ნათლად ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მიეზომა მას, რაც 1998 წლის 2 სექტემბრის კრების ოქმით დამტკიცდა, რის გამოც ნ. შ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
სარეგისტრაციო სამსახური მიიჩნევს, რომ 2013 წლის 15 ივლისის სარეგისტრაციო განაცხადზე №882013330315, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას 2013 წლის 23 ივლისის №882013330315-03 გადაწყვეტილებით წაროება მართებულად შეჩერდა, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა განმცხადებლის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ ფლობას. გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ არ გასაჩივრებულა. ვინაიდან შ-ემ კვლავ მოითხოვა საცხოვრებელ სახლთან დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მხარეს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი 2011 წლის 11 ივლისის №შ-33 არქივის ცნობაში მითითებული მიწის ფართობი 2500 კვ.მ. მეტრი გადაცემულია საკუთრებაში 1998 წელს რეფორმის დროს, საიდანაც 1600 კვ.მ. რეგისტრირებულია საცხოვრებელ სახლთან ერთად (საკადასტრო კოდი 23.02.36.285), ხოლო 3000 კვ.მ. გადმოცემულია, სახელდობრ „…“. ამდენად განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით წარმოსადგენი იყო ახალი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ 900 კვ.მ. ნაკვეთზე მისი მართლზომიერი ფლობის ფაქტს.
კასატორმა მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიუილი პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებულია, როგორც ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, მიწის განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი, პრივატიზების გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებითი სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი. სააგენტომ მიიჩნია, რომ ვიანიდან სარეგისტრაციო განაცხადზე №882013330315 წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება კანონიერი იყო, რამაც 2013 წლის 4 სექტემბრის №157365 გადაწყვეტილების კანონიერებაც განაპირობა. სააგენტოს უარი ეფუძნებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს, რომლის თანახმადაც სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას კი თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლის წარუდგენლობაც 21-ე და 23-ე მუხლებით წარმოების შეჩერების და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია.
კასატორმა მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ხულოს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ჯ. ხ-ის განცხადებასთან (განცხადება 06.04.2012) დაკავშირებით. კერძოდ, ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 9 ივნისის №882013334423-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ხოლო 2014 წლის 10 ივლისის №882013334423-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. კასატორის განმარტებით, ამ გარემოებაზე სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ გაუკეთებია, რომლის არსებობის შეთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამასთანავე, სააგენტომ მიუთითა, რომ 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენდა 2013 წლის 15 ივლისის ნ. შ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადების განხილვაზე, რადგან დოკუმენტაცია არასრულყოფილი იყო და მისი არსებითი განხილვა ორგანოს მხრიდან არც მომხდარა. კასატორის მოსაზრებით სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, დარღვეულია 394-ე მუხლის მოთხოვნებიც, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის გდაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ჯ. ხ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 21 მარტის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხულოს ადგილობრივი არქივის №4 ცნობის თანახმად აჭარის ა.რ. საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხულოს ადგილობრივ არქივში დაცული ხულოს რაიონის ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1980-1982 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, შ-ე უ. რ. ძის ოჯახი შედგებოდა 10 წევრისაგან მათ შორის იყო მოსარჩელე ნ. შ-ე, კომლს პირად საკუთრებაში ეწერა 0,45 ჰა. მიწის ნაკვეთი, 1956 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, 1957 წელს აგებული ბოსელი და 1968 წელს აგებული მთის სახლი. 1982 წლის 18 თებერვლის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2 ოქმის თანახმად, განხილულ იქნა უ. რ. ძე შ-ის განცხადება ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, რაც ამავე კომიტეტის №18 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ძირითადი ოჯახიდან გამოიყო ტ., ნ., ო., ნ. და ო. შ-ეები. აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხულოს ადგილობრივი არქივის მიერ 2011 წლის 11 ივლისს გაცემული №733 ცნობით დადგენილია, რომ ხულოს ადგილობრივ არქივში დაცული ხულოს რაიონის ... თემის საკრებულოს 1997-2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, ნ. შ-ის კომლს აწერია 0,25 ჰა. მიწის ნაკვეთი და ქვის საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას. 1998 წლის 05 მარტს, სოფელ ... მიწის რეფორმასთან დაკავშირებით არჩეული კომისიის №3 ოქმით, მიწის მიზომვის კომისიას დაევალა უზრუნველეყო ნ. შ-ისათვის მიწის მიზომვა და სათანადო აქტების გაფორმება. 1998 წლის 27 მარტის მიწის მიზომვის აქტით მიეზომა 0,46 ჰა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ხულოს რაიონის სოფელ ... კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საერთო კრების 1998 წლის 9 მარტის №10 ოქმით, ირკვევა რომ საწარმოში შესული იყო ნ. ტ. ძე შ-ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა საკარმიდამო ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსებას, რადგან მას ზონარგაყრილი წიგნით მიწის ნაკვეთი არ ეწერა. ამავე ოქმის შესაბამისად სარეფორმო ფონდიდან ნ. შ-ეს შეევსო 0,46 ჰა, სახელდობრ: სახლის გვერდით „…“ 0,26 ჰა სახნავი, „..“ 0,30 ჰა სათიბი, მ/შ 0,26 სახნავი, 0,30 ჰა სათიბი. 1998 წლის 27 მარტის მიწის მიზომვის აქტით, ხულოს რაიონის სოფელ ... კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საერთო კრების მიერ რეფორმასთან დაკავშირებით 1997 წლის 20 აპრილის საერთო კრების დადგენილების საფუძველზე, სარეფორმო მიწის ფონდიდან, ნ. ტ. ძე შ-ეს მიეზომა 0,46 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი - ორ ნაკვეთად, კერძოდ: სახლის გვერდით ,,..’’ - 1600 კვ.მ., „…“ - 3000 კვ.მ. სათიბი. სულ მიეზომა 0.46 ჰა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სარეფორმო მიწის ფონდიდან 0.46 ჰა მათ შორის, სახნავი 0.16 ჰა, სათიბი 0.30 ჰა.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სოფელ ... კოოპერაციული სასოფლო სამეურნეო საწარმოს 1998 წლის 2 სექტემბრის კრების ოქმით ჯ. ხ-ეს გამოეყო 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი. ხულოს რაიონის სოფელ ... თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2009 წლის 25 თებერვალს გაცემული №08 ცნობით დადგენილია, რომ ნ. შ-ეს სოფელ ... აქვს 1980 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 195.11 კვ.მ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 3 აპრილის №210 ცნობის შესაბამისად, სოფელ ... კოოპერაციული სასოფლო სამეურნეო საწარმოს 1998 წლის 2 სექტემბრის №3 კრების ოქმის საფუძველზე ჯ. ხ-ეს გადაეცა სულ 7500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ,,იელავრი”- 2000 კვ.მ., რომელშიც შედიოდა 800 კვ.მ. სახნავი და 1200 კვ.მ. სათიბი. ჯ. ხ-ემ 2012 წლის 6 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს და ხულოს რაიონის, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2013 წლის 7 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ნ. შ-ის წარმომადგენელმა შ. ჯ-ემ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია ხულოს რაიონის სოფელ .... განცხადებას ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეესტრიდან ამონაწერი, სასამართლოს გადაწყვეტილება და მინდობილობის ასლი. რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012148712-03 გადაწყვეტილება 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება ჯ. ხ-ის განცხადებასთან (განცხადება 06.04.2012) დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იყო ხულოს რაიონის, სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელება. დანარჩენ ნაწილში (ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2012 წლის 3 აპრილს გაცემული №210 ცნობის ბათილობის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2013 წლის 26 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 899 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხულოს რაიონის, სოფელ ... (სარეგისტრაციო ზონა - ხულო, კოდი: ...; სექტორი - ..., კოდი: ...; კვარტალის №...; ნაკვეთის №...; ნაკვეთის წინა ნომერი: ..., უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის (საქმე №3ბ-463-2012) გადაწყვეტილება), რეგისტრაცია გაუქმებულია (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 882013203459, განაცხადის რეგისტრაციის თარიღი - 07.05.2013; უფლების რეგისტრაციის თარიღი - 26.06.2013).
2013 წლის 21 მაისს, ნ. შ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. განცხადებას ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ი/მ ვ. ბ-ის მიერ შესრულებული 1600 კვ/ ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, დისკი, 195,22 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობის ნახაზი, 2009 წლის 4 მარტს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (ს/კ ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა (განაცხადი №882013228483-03), ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად, წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსია, ასევე მიეთითა, რომ ნაკვეთი იცვლიდა კონფიგურაციას. 2013 წლის 3 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით წარედგინა, ი/მ ,,ვ. ბ-ის’’ მიერ შესრულებული 1600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ვერსია. 2013 წლის 15 ივლისს ნ. შ-ემ №882013330315 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა ხულოს რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 26 ივნისის №882013203459 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხულოს ადგილობრივი არქივის 2011 წლის 11 ივლისის №შ-33 საარქივო ცნობა; ხულოს რაიონის ... თემის საკრებულოს 1997-2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების ასლი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა (განაცხადი №882013330315) იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის 11 ივლისის №შ-33 არქივის ცნობაში მითითებული მიწის ფართობი - 2500 კვ/მ, განმცხადებელს გადაეცა 1998 წელს რეფორმის დროს, საიდანაც 1600 კვ/მ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია, ხოლო 3000 კვ/მ მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა სახელდობრ ,,…”. 2013 წლის 26 ივლისს ნ. შ-ის წარმომადგენელმა შ. ჯ-ემ საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2013 წლის 23 ივლისს მიღებული №882013330315 გადაწყვეტილების გაუქმება. ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 31 აგვისტოს №882013330315-04 გადაწყვეტილებით - 2013 წლის 15 ივლისის ნ. შ-ის №882013330315 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 სექტემბრის №157465 გადაწყვეტილებით, ნ. შ-ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის №118956/17 დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, ნ. შ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უძრავ ნივთზე, მდებარე ხულო, სოფელი ..., მიწის ნაკვეთი ფართით 1600 კვ.მ, შენობა-ნაგებობა 195.22 კვ.მ (ს/კ ...). სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ 1998 წლის 9 მარტის სოფ. ... კოოპერაციული სასოფლო სამეურნეო საწარმოს საერთო კრების №10 ოქმის შესაბამისად (პუნქტი 68) ნ. ტ. ძე შ-ეს, რომელსაც ზ/გ წიგნით მიწის ნაკვეთი არ ეწერა, სარეფორმო ფონდიდან შეევსო 0,46 ჰა, სახელდობრ, სახლის გვერდით ,,…” 0,16 ჰა. სახნავი, ,,…’’ 0,30 ჰა. სათიბი, მ/შ 0,16 სახნავი, 0,30 ჰა. სათიბი, ასევე წარმოდგენილი 1998 წლის 27 მარტის მიწის აზომვის აქტის შესაბამისად, ნ. ტ. ძე შ-ეს, რომელსაც იმ დროისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ ეწერა ზ/გ წიგნით, ხოლო სარეფორმო მიწის ფონდიდან მიეზომა 0,46 ჰა. მიწის ნაკვეთი შემდეგი მიწის ნაკვეთებისაგან: 1. სახლის გვერდით ,,…” 1600 კვ.მ. სახნავი (რომელიც უკვე რეგისტრირებულია განმცხადებლის საკუთრებაში ს/კ ...); 2. ,,…” 3000 კვ.მ. სათიბი, სულ მიზომილ იქნა 0,46 ჰა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ამდენად აღნიშნული ფართი (0,46 ჰა) წარმოადგენს ორ მიწის ნაკვეთს (1600 კვ/მ და 3000 კვ/მ) მიზომვის აქტში მითითებულია ხსენებული მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები. ვინაიდან №882013330315 სარეგისტრაციო განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს სარეგისტრაციო უფლების ობიექტზე დაინტერესებული პირის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს, შესაბამისად, მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტის წარდგენის მოტივით, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012148712-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში (რომელიც ეხებოდა 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჯ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას) აღსრულდა, მაგრამ სარეგისტრაციო სამსახურს არ მიუღია გადაწყვეტილება ჯ. ხ-ის 2012 წლის 6 აპრილის განცხადებაზე, რაც ასევე დავალებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიღებულია ნ. შ-ის კანონით დაცული ინტერესის დაკმაყოფილების საფუძველზე. შესაბამისად, ჯ. ხ-ისათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაეკმაყოფილებინა ნ. შ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის შესახებ. საქმეზე დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო 900კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ნ. შ-ის საკუთრებაში არსებული მიწის - 1600 კვ.მ. ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს და იმყოფება ნ. შ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტისა. კერძოდ, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებს. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ. შ-ის კომლს 1997-2000 წელების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით აწერია 0,25 ჰა. მიწის ნაკვეთი და ქვის საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის №66 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით მოქალაქეთა საკუთრებად გამოცხადდა ის მიწის ნაკვეთები, რომელიც რეფორმის დროინდელი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების შესაბამისად იყო გამოყოფილი ან წარმოადგენდა 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებულ საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთებს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მიიჩნევა საკომლო წიგნიდან ამონაწერი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს ნ. შ-ის განცხადებაზე და შეაფასოს „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების არსებობის საკითხი. იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სრულად არ იყო აღსრულებული - ადმინისტრაციულ ორგანოს ნ. შ-ის განცხადების განხილვა უნდა შეეჩერებინა ჯ. ხ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, რადგან აღნიშნული აქტის გამოცემის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შესაძლებელი იყო ისეთი გარემოებების დადგენა, რაც გავლენას იქონიებდა ნ. შ-ის უფლებებზე. ამასთან, ნ. შ-ე წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფლება ჰქონდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მიეღო მონაწილეობა, როგორც დაინტერესებულ მხარეს. საკითხის კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხილვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებების გამოკვლევის, დადგენისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. შ-ის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, გათვალისწინებული იქნეს იგივე მხარეებს შორის წარმოებულ დავაზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემობები, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ხ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე