Facebook Twitter

საქმე #ბს-628-615(კ-14) 02 ივლისი,2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი - კ. ხვთისაშვილი (03.0914წ., №02/521 მინდობილობა), გ. გ-ი (14.05.15წ., №02/776 მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2014წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-მა სარჩელი აღძრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.11.2013წ. N2183 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის, სახელფასო განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 09.09.2103წ. დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში საპეციალისტის თანამდებობაზე, 08.10.2013წ. გადაიყვანეს ამავე განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 21.10.2013 წ. დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და პარალელურად დაეკისრა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება. მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიულ დონეზე, რამაც გამოიწვია მისი სამსახურებრივი დაწინაურება, თუმცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.11.2013წ. N2183 ბრძანების საფუძველზე მოულედნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან, გათავისუფლების საფუძვლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი - ,,არადამაკმაყოფილებელი ჩვევების“ გამო, თუმცა რაში მდგომარეობდა აღნიშნული მოპასუხის მიერ არ იქნა მითითებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, სადავო აქტი გამოცემულია ზაკ-ის 601, 53.2 მუხლების დარღვევით, სადავო აქტი არ არის დასაბუთებული, შეიცავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს, ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებით მას არ მისცემია მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 04.03.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე, 98.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.09.2010წ. №14 დადგენილებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 9.2, მე-14 მუხლებზე, 26.11.2010წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №23 დადგენილებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების 1-ელ, 10.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ნ. ა-ს ევალებოდა განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა, განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების განსაზღვრა, სამსახურის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების ორგანიზება, განყოფილების საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვის წესის განსაზღვრა, განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე წინადადებების შემუშავება, განყოფილების მოსამსახურეებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულებისა და საიდუმლოების რეჟიმის, აგრეთვე შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის, გამგებლის დავალებების შესრულება. მითითებულ მოვალეობათა განხორციელების დროს ნ. ა-ი პასუხისმგებელი იყო განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. მოსარჩელე იმავდროულად ასრულებდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობასაც, რა დროსაც მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამსახურის გამართული საქმიანობისთვის. სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ა-ს, როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მოეთხოვებოდა როგორც მინიმუმი იმ სამართლებრივი აქტების სრულყოფილი ცოდნა, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებასთან, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო განხილვასთან. ნ. ა-ს ამ აქტების ცოდნა არ გააჩნდა. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ნ. ა-მა, თანამდებობაზე დანიშვნიდან რვა დღის შემდეგ, მოქალქე ა. გ-ის განცხადებაზე 29.10.2013წ. მოამზადა პასუხი №1405, რომლის შინაარსიც არ შეესაბამებოდა განმცხადებლის მოთხოვნას და არასათანადოდ იყო არგუმენტირებული. კერძოდ, ა. გ-ი 16.10.2013წ. №4579 განცხადებით ითხოვდა ეცნობებინათ მისთვის კ. ც-ის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ნ. ა-მა კი პასუხი მოამზადა თავად განმცხადებლის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ დოკუმენტში საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის დარღვევით მითითებულია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ,,უფლებამოსილია“ აღადგინოს პიროვნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და არა ვალდებული. ა. გ-ის განცხადება და მასზე პასუხი აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა, შეფასების გარეშე დარჩა ა. გ-ის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომლითაც განმცხადებელი ცდილობდა დაედასტურებინა განცხადებაში მითითებული გარემოებები.

სათანადო ჩვევების არარსებობის დამადასტურებელ გარემოებად სასამართლომ მიიჩნია აგრეთვე 05.11.2013წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის არასახელმწიფო ენაზე შედგენილი განცხადების, განმცხადებლისგან სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის მოთხოვნის გარეშე, ნ. ა-ის მიერ რეაგირებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურისათვის გაგზავნა, რითაც დაირღვა ზაკ-ის მე-14, 73-ე მუხლები. სასამართლომ მიუთითა, რომ თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმოამადგენელმა არ უარყო ნ. ა-ის მიერ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირიდან შემოსული №ზ-497 განცხადების შემდგომი რეაგირებისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურისთვის გადაგზავნის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ განცხადების თავფურცელი შედგენილი იყო ქართულ ენაზე.

სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ ნ. ა-მა 06.12.2013წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 05.11.2013წ. შემოსული ,,...“ №ზ-497 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საჯარო ინფორმაცია დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო ნუსხის და შვებულებათა სიის შესახებ, სათანადო რეაგირების გარეშე გადააწერა კანცელარიას დასაარქივებლად მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაციის გაცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26.11.2010წ. №23 დადგენილებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ სზაკ-ის 52-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით ნ. ა-მა 05.11.2013 წ. შეადგინა ბრძანების პროექტი თ. თულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ნ. ა-ის მიერ 06.11.2013წ. შედგენილ იქნა აგრეთვე წერილი, რომელიც შეიცავდა არასწორ ინფორმაციას შპს ,,პ..“ მიმართ, მოსარჩელემ პასუხი მიმართვაზე შეადგინა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,პ...“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობების გაცნობის გარეშე. 23.10.2013წ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ელ-ფოსტაზე საქართველოს მთავრობიდან გადმოიგზავნა მიმართვა, რომლითაც რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ითხოვდა არაუგვიანეს 28.10.2013წ. მიეწოდებინათ კომლების სია სატყეო ბარათების გაცემისას სახელმძღვანელოდ. კომლების სია შედგენილი უნდა ყოფილიყო ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით: 1. ოჯახი უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და 2. ოჯახში არ უნდა ყოფილიყო შეყვანილი ბუნებრივი აირი. აღნიშნული მომართვა არ გატარებულა კანცელერიაში, ხოლო ნ. ა-მა არასწორი ინფორმაცია გადასცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს თითქოს შეშის გაცემა უნდა მომხდარიყო ყველა ოჯახზე, ვინც რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მათ უნდა წარმოედგინათ სათანადო სია. მოგვიანებით მოსარჩელემ რწმუნებულებს გადასცა ინფორმაცია, რომ წარმოსადგენი იყო მხოლოდ იმ ოჯახთა სია, ვისაც თავად თვლიდნენ აუცილებლად, რომ ესაჭიროებოდათ შეშა. გარდა აღნიშნულისა, მომართვაზე პასუხი არ იქნა გაგზავნილი დადგენილ ვადაში. მომართვაზე პასუხის გაცემა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნ. ა-ი გათავისუფლდა სამსახურიდან.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2013 წლის 21 ოქტომბრამდე მოხდა მისი თანამდებობრივი დაწინაურება, რაც მიუთითებს მის მაღალ კვალიფიკაციაზე. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე ერთი წელი მაინც მსახურობს. ნ. ა-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა საერთო ვადით 1 თვის და 11 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც 21.10.2013წ დაინიშნა იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის წესით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მასვე დაეკისრა აგრეთვე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კუთვნილ შვებულებიდან გამოსვლამდე. შესაბამისად ნ. ა-ის მიერ 2013 წლის 9 სექტემბრიდან 2013 წლის 21 ოქტომბრამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში სხვადასხვა თანადებობების დაკავება, კერძოდ: სპეციალისტის - მიუხედევად ამგვარი შტატის არარსებობისა, შემდეგ მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის და იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, სასამართლომ არ მიიჩნია სამსახურებრივ დაწინაურებად და ვერც იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე სათანადოდ ახორციელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

არ გაიზიარა სასამართლომ ასევე მოსარჩელის და მისი რწმუნებულების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ა-ს შესაძლებლობა არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, გაცნობილიყო მტკიცებულებებს და გამოეხატა საწინააღმდეგო პოზიცია. სასამართლომ მიუთითა, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ №4788 განცხადებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ნ. ა-ი ითხოვს იმ მტკიცებულებების ნაწილს, რომლებიც საფუძვლად დაედო მისი სამსახურიდან გათავისუფლებას.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 04.03.2014წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 04.03.2014წ. გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.11.2013წ. №2183 ბრძანება ნ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მოსარჩელეს სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება ა.გ-ის განცხადებაზე ნ. ა-ის მიერ პასუხის მომზადება. უცხო ენაზე შედგენილ ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის განცხადებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განცხადების უფლებამოსილი სამსახურისათვის გადაგზავნა დავას არ იწვევს. რაც შეეხება ,,...“ განცხადებას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დასტურდება განცხადების კანცელარიისათვის დასაარქივებლად გადაგზავნა. ,,პ..“ მიმართვასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო გათავისუფლების საფუძვლად უთითებს პროფესიული ჩვევების არარსებობას, თუმცა მას ასაბუთებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაარკვია რა შემთხვევას აქვს ადგილი ნ. ა-ის მიმართ - არადამაკმაყოფილებელი უნარ-ჩვევების არსებობას, თუ არაჯეროვან შესრულებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოიცა ზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, კონკრეტული დარღვევის არსებობის პირობებში უნდა ემსჯელა სახდელის ადეკვატურობაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დისციპლინური გადაცდომის პირობები ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, რაც ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას დისციპლინური სახდელის შეფარდებაში. დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს კანონიერ ფარგლებში (ზაკ-ის მე-6 მუხ.), არ დაიშვება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას პირის უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდ აიქნეს ცნობილი ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მსჯელობს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე და 98-ე მუხლების ნორმათა მსგავსებაზე, ახდენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის არასწორ ინტერპრეტაციას და მას დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან აიგივებს, როდესაც მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს, რაც ასევე ვრცელდება ამავე კანონის 98.1 მულის ,,ვ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემთხვევების პირობებშიც და ანიჭებს ადმინისტრაციას დიკსრეციას კონკრეტული სამართალდარღვევის გამო მოახდინოს ამ სამართალდარღვევის ადეკვატური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, თუ რომელი დისციპლინური სახდელი შეუფარდოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. კასატორი თვლის, რომ მოხელის გათავისუფლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნტის საფუძველზე არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არაა დაკავშირებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან. დისკრეციული უფლებამოსილება ზაკ-ის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში თუ დავუშვებთ იმას, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ნ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგებში, მაშინ გაუგებრა რა კრიტერიმით უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერების პროპორციულობა ან რაში გამოიხატება კანონის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, როდესაც მოხელეს ერთი თვის განმავლობაში დაშვებული აქვს არაერთი შეცდომა, როგორც ორგანიზაციული, ისე სამართლებრივი ხასიათის. კასატორის განმარტებით, საჭიროა განიმარტოს თუ რითი განსხვავდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლი იმავე კანონის 78-ე და 99-ე მუხლებისაგან. საჯარო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მიზნად ისახავს სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას. დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობათა ბრალეული დარღვევისათვის განსხვავდება არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევებისაგან იმ ძირითადი ნიშნით, რომ თუ პირველ შემთხვევაში მოხელე ბრალეულად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მეორე შემთხვევაში მოხელეს არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არასათანადო ცოდნის ანდა გამოცდილების გამო, რომლის გამოსასწორებლად საკმარისი არაა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება, რადგან მას არანაირი შედეგი არ მოყვება სამომავლოდ იგივე ხასიათის დარღვევის აღმოსაფხვრელად. დისციპლინური პასუხისმგებლობისას ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და დარღვევის სიმძიმის, ხასიათის, მიყენებული ზიანის გათვალისწინებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური ზომებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები ზომა, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლოდ მსგავსი შემთხვევევის აღმოფხვრას. არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ უნარ-ჩვებების აღმოფხვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით შეუძლებელია, რის გამოც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ცალ-ცალკე ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევას დისციპლინური გადაცდომისა და დაკავებული თანამდებობის შეუსაბამობის გამო. ნ. ა-ის მიერ დაშვებული იყო არაერთი შეცდომა, მათ შორის სამართლებრივი ხასიათის, რაც აშკარად მიუთითებს მის არასათანადო პროფესიულ ჩვევებზე. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზაკ-ის 53-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის გარემოება, რომ ნ. ა-ისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედი მის სამსახურიდან გათავისუფლებას. კასატორისათვის გაუგებარია რა სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ არასწორად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები, საიდან დგინდება, რომ ადმინისტრცაიულ ორგანოს გააჩნია არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას დისკრეციული უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. ა-ს დროის მოკლე პერიოდში 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე დაშვებული ჰქონდა არაერთი არაერთგავროვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი ხასიათის შეცდომა, რაც აშკარად მიუთითებდა მის არასათანადო პროფესიულ ჩვევებზე, რამაც საბოლოოდ გამოიწვია არასწორი ნორმის გამოყენება სადავო საკითხის გადაწყვეტისას. კასატორი აღნიშნავს, რომ 05.11.13წ. ნ. ა-ის მიერ შედგენილ იქნა ბრძანების პროექტი თ.თულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, პროექტი შედგა გამგეობის ბლანკით, რაც წარმოადგენს სზაკ-ის 52-ე მუხლის დარღვევას. შპს ,,პ...“ მიმართვაზე მოსარჩელის წერილი შედგა გამგეობასა და შპს ,,პ...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გაცნობის გარეშე. არასწორი ინფორმაცია გაიცა ნ. ა-ის მიერ სოფლის რწმუნებულებზე სატყეო ბარათების გაცემის წესთან დაკავშირებით. ნ. ა-ის მიერ განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულების დროს არის შედგენილი 29.10.13წ. =1405 პასუხი, იმ შემთხვევაშიც თუ პასუხი მის მიერ შედგენილი არ ყოფილა, ის ვალდებული იყო შეემოწმებია მისი სისწორე, ვინაიდან განყოფილების უფროსი პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე. ნ. ა-მა ინგლისურ ენაზე შედგენილი განცხადება გადაუგზავნა სხვა სამსახურს, რითაც დაარღვია ზაკ-ის 80.1 მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენდა აპელანტის არასათანადო მოქმედება, სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევა და არა უფლებამოსილი ორგანოს საკითხის განხილვა. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ გაიზიარა ნ.ა-ის მოსაზრება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ =ზ-497 განცხადებასთან დაკავშირებით და არ გაითვალისწინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების 3.2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, 4.2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ახორციელებს გამგეობის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, რაც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილებასაც. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-6 მუხლში, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და კადრების განყოფილების უფლებამოსილებები, არაფერია მითითებული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, ნ.ა-მა განცხადება დააწერა კანცელარიას.

კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა 53.4 მუხლი, არადამაკმაყოფილებელი ჩვევების გამო გათავისუფლება არ განეკუთვნება დისკრეციულ უფლებამოსილებას. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ზაკ-ის 53.7 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. ნ.ა-ისათვის ცნობილი იყო ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გათავისუფლებას სამსახურიდან, მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა და გამოეთქვა საწინააღმდეგო პოზიცია.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ა-ი 09.09.13წ. ბრძანებით დაინიშნა სპეციალისტად, 08.10.13წ. N1864 ბრძანებით - მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად, 21.10.13წ N1963 ბრძანებით - მთავარი სპეციალისტი დაინიშნა იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის წესით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ხოლო 21.10.13წ. N1964 ბრძანებით მას დაეკისრა აგრეთვე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვალდებულება, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შვებულებიდან გამოსვლამდე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 20.11.13წ. N2183 ბრძანებით ნ. ა-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 21 ნოემბრიდან. ბრძანების საფუძვლად მიეთითა ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 39.3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, 44.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 93-ე, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 110-ე, 127-ე მუხლები.

არასათანადო კვალიფიკაციის ნიშნით თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო სამსახურიდან გათავისუფლება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის თანახმად შესაძლებელია არამხოლოდ ატესტაციის შედეგების (98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, არამედ აგრეთვე არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების (98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი) გამო. თანამდებობასთან შეუსაბამობა პირის გათავისუფლებას იწვევს იმ შემთხვევაში, როდესაც პირს არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია. სამუშაოს შეუსრულებლობა სხვა მიზეზებით (მაგ. ბრალეული შეუსრულებლობა ან ხარვეზებით შესრულება) არ წარმოადგენს ამ საფუძვლით გათავისუფლების პირობას. არასათანადო კვალიფიკაცია შესაძლოა გამოვლინდეს სათანადო ცოდნისა და თვისებების არარსებობაში. არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს მაშინ, როდესაც დაბალი პროფესიული მომზადების დონის გამო მუშაკის მხრიდან არაერთჯერადად ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას. მუშაკის პროფესიული ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან ობიექტური მონაცემებით უნდა დასაბუთდეს, დავის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო ხელმძღვანელ თანამდებობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში თანამდებობიდან გათავისუფლება არ ნიშნავს სავალდებულო წესით მუშაკის საერთოდ სამსახურიდან დათხოვნას. ნ. ა-ის 2013 წლის 9 სექტემბრიდან 2013 წლის 21 ოქტომბრამდე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ განყოფილებაში სპეციალისტად, მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად და იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა თავისთავად ადასტურებს განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, სათანადო უნარ-ჩვევების გამოვლენას. ამასთანავე, ყველა სპეციალისტს არ ძალუძს მმართველობითი, საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება, სპეციალური განათლება არ არის საკმარისი დაკავებულ თანამდებობასთან უდავოდ შესაბამისობის, ხელმძღვანელი მუშაკისათვის საჭირო ორგანიზატორული თვისებების დასადასტურებლად, ხელმძღვანელი მუშაკისათვის საჭირო საქმიანი თვისებების არასაკმარისობა შესაძლოა გახდეს ხელმძღვანელის ამ მოტივით თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციის არასათანადოდ შესრულებას ასეთ შემთხვევაში უნდა გამოეწვია არა საერთოდ სამსახურიდან დათხოვნა, არამედ დაქვეითება, მისი სხვა პოზიციაზე გადაყვანა, მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა დასაშვები იყო სხვა სამსახურში გადაყვანაზე მუშაკის შეუძლებლობის შემთხვევაში (მოსამსახურის უარი შეთავაზებულ ალტერნატიულ სამსახურზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ობიექტური მიზეზით გამოწვეული დამსაქმებლის მოთხოვნების მკვეთრი გაზრდა, სხვა ალტერნატიული სამუშაო ადგილის შეთავაზების შეუძლებლობა), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციას გააჩნდა საკადრო როტაციის შედეგად ნ. ა-ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან დაქვეითების შესაძლებლობა.

არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო გათავისუფლების საფუძვლის („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლი) განსხვავება დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან (კანონის 78-ე, 99-ე მუხ.) არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური გადაცდომა, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული დარღვევა განსხვავდება არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო თანამდებობრივი შეუსაბამობისაგან, თუ პირველ შემთხვევაში მოხელე ბრალეულად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მეორე შემთხვევაში მოხელეს არ ძალუძს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება არასათანადო ცოდნის, არასაკმარისი ჩვევების გამო. არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების შემთხვევაში მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შეუძლებლობა არ ნიშნავს უსათუოდ სამსახურიდან მის გათავისუფლებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს კომპეტენტურად, აღნიშნული არის მოხელის არა უფლება, არამედ ვალდებულება. ამასთანავე, მოხელის კვალიფიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განსხვავებულია საჯარო სამსახურში მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობისდამიხედვით. აღნიშნულის გამო არადამაკმაყოფილებელი ჩვევები, არასათანადო კვალიფიკაცია შესაძლოა გახდეს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი იმ შემთხვევაში, უკეთუ არ არსებობს სხვა, მოხელის კვალიფიკაციის შესაბამისი ფუნქციონალური დატვირთვის სამსახურში მისი დასაქმების შესაძლებლობა ან თუ ასეთ გადაყვანაზე უარს ამბობს მოხელე. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება სხვა პოზიციაზე მოსარჩელის დასაქმების წინადადება ან/და ნ. ა-ის უარი მის გადაყვანაზე. მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობასთან შეუსაბამობის და არა საერთოდ არაპროფესიონალიზმის გამო. აღნიშნულის მიუხედავად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 20.11.13წ. №2183 ბრძანებით შეწყდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა ნ.ა-სა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებული ექცევა დამსაქმებლის ნების ზეგავლენის ქვეშ, დამოკიდებული ხდება მის მითითებეზე და მის მიერ განსაზღვრულ ორგანიზაციულ პირობებზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება მოსამსახურისათვის ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება, ხოლო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ცალმხრივი ნების გამოვლენა - სამსახურიდან მოხელის გათავისუფლება არ არის შეუზღუდავი. ნ. ა-ის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სასახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლი, რომელიც არ მოიცავს დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლების შემთხვევას, საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციის მიერ სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შეთავაზება, ნ. ა-ის უარი სხვა საშტატო ერთეულზე გადაყვანაზე, მოსარჩელემ არაერთგზის დაადასტურა დავის მორიგებით დამთავრების მზაობა (ტ.1, ს.ფ.225), მოპასუხეს მორიგების პირობები არ წარმოუდგენია (ტ.1, ს.ფ. 200).

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობასთან შეუსაბამობის და არა საერთოდ არაპროფესიონალიზმის გამო. თანამდებობასთან შეუსაბამობა ობიექტური მონაცემებით უნდა დასტურდებოდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ერთთვიან პერიოდში (2013 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრამდე) საქმიანობის ხარვეზიანობის უმეტესობა ეხება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხებს, რომლის შესრულება ნ.ა-ს დაეკისრა დროებით, სამმართველოს უფროსის შვებულებაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26.11.10წ. =23 დადგენილებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-3, მე-6 მუხლების თანახმად, ინგლისურ ენაზე შედგენილი ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის განცხადების განსჯადობით შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაგზავნა, ,,...“ განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადების გადასაწყვეტად კანცელარიისათვის გადაცემა , კომლების სიის შესახებ ცნობის შედგენა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების წრეს, რომლის მოვალეობის შესრულება მოსარჩელეს დაეკისრა დროებით, სამსახურის უფროსის შვებულებიდან გამოსვლამდე. მოხელეს დროებით შეიძლება დაეკისროს იმ ფუნქციების შესრულება, რომელიც არ შედის მის მოვალეობაში, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ამ ფუნქციების შესრულების სათანადო კომპეტენცია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ფუნქციის არასათანადო შესრულება ქმნიდა ნ. ა-ის ამ ფუნქციის შესრულებისაგან განთავისუფლების, ამ ფუნქციის ადმინისტრაციულ სამსახურში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის დაკისრების და არა ნ. ა-ის სამსახურიდან საერთოდ განთავისუფლების საფუძველს, ვინაიდან შეუსაბამობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ იმ თანამდებობასთან, რომელიც პირს უკავია. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ არ დგინდება განმცხადებელ ნ. გ-ისათვის გაგზავნილი 29.10.13წ. =1405 პასუხის პირადად ნ.ა-ის მიერ შედგენა. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების 10.2 მუხლის დანაწესი იმის შესახებ, რომ სამსახურის განყოფილების უფროსი ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე, არ ნიშნავს უფროსის მიერ ყველა დოკუმენტის პროექტის უშუალო მომზადებაში მონაწილეობას, მოცემულ შემთხვევაში არ არის გარკვეული თუ რას ჰქონდა ადგილი - განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შიდა კონტროლის ხარვეზიანობას თუ არაკომპეტენტურობას. ინგლისურ ენაზე შედგენილი განცხადების განსჯადობით გადაგზავნა არ ნიშნავს მისი არსებითი განხილვის გადასაწყვეტად გადაცემას, განსჯადი ორგანოსთვის განცხადების გადაგზავნა არ გამორიცხავდა, უფრო მეტიც - გულისხმობდა განსჯადი სტრუქტურული ერთეულის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განმცხადებლისათვის ვადის მიცემას, შესაბამისად არ დასტურდება ზაკ-ის 80.1 მუხლის დარღვევა. საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე ,,... განცხადების კანცელარიისათვის დასაარქივებლად გადაცემა, მოსარჩელის განმარტებით კანცელარიისათვის განცხადების გადაცემა განაპირობა მოთხოვნილი ინფორმაციის ამ სტრუქტურაში არსებობა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.09.10წ. =14 დადგენილებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოებისა და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს მოქალაქეებისათვის საინფორმაციო მომსახურების გაწევას. საკასაციო სასამართლო იზიარებს აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამგეობასა და შპს ,,პ...“ შორის დადებული ხელშეკრულების პირობების გაცნობის გარეშე დასკვნის მომზადება, პასუხის დაგვიანებით გაცემა სცდება იმ სამართლებრივ საფუძველს (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი), რომლის გამო იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან მოსამსახურე, აღნიშნული არის არა კომპეტენციის დონის, არამედ სამსახურებრივი დისციპლინის შესაძლო დარღვევის მაჩვენებელი.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საჯარო მოსამსახურე უნდა იყოს ინფორმირებული მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე, მოხელე უნდა ჩაერთოს წარმოების პროცესში. საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. ა-ისთვის იმ დოკუმენტის გაცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო მისი სამსახურიდან გათავისუფლებას, არ დასტურდება მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თავისი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემა. სადავო აქტის გამოცემის დღეს (20.11.13წ) ნ. ა-ის მიმართვა განცხადებით არ ადასტურებს მის ჩართულობას ადმინისტრაციულ პროცესში. ადმინისტრაციის მიერ არ შედგენილა ნ. ა-ისთვის საქმის წარმოების მასალების გაცნობის, მისთვის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის შესაძლებლობის მიცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. გამგეობის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ გამგეობაში საკითხის განხილვისას ნ. ა-მა უარი განაცხადა ახსნა-განმარტებების მიცემაზე და საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმაზე, არ დასტურდება დოკუმენტალურად. სადავო აქტში არ არის მოყვანილი სამსახურიდან ნ. ა-ის გათავისუფლების მოტივაცია მაშინ, როდესაც სზაკ-ის 53.2 მუხლის თანახმად, წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უნდა უძღოდეს აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან, ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან. სადავო აქტი უთითებს მხოლოდ კანონმდებლობის ნორმებს, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვთ ამ ნორმებს კავშირი კონკრეტულ შემთხვევასთან. აღნიშნულის შესახებ არგუმენტაცია არც საქმის განხილვის პროცესში იქნა წარმოდგენილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის გენერალური, საკანონმდებლო რეგულაციის ინდივიდუალურ რეგულაციაში გადაყვანის საშუალება, შესაბამისად მასში უნდა დასაბუთდეს გენერალური რეგულაციის (საკანონმდებლო ნორმების) ინდივიდუალურ შემთხვევასთან კავშირი. სადავო აქტი ასეთ დასაბუთებას არ შეიცავს. ამასთანავე, სახეზე არ არის სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აქტის წერილობითი დასაბუთების გამომრიცხავი გარემოება, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაინტერესებული პირისთვის (მოსარჩელისათვის) ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოხელის გათავისუფლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო) არ არის დაკავშირებული დისკრეციულ უფლებამოსილებასთან, არ ქმნიდა სადავო აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას, ვინაიდან სახეზე არ არის სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გამომრიცხავი გარემოება, საქმეში დაცული მტკიცებულებებით (კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღეს ნ. ა-ის მიერ შედგენილი განცხადებით) დასტურდება, რომ ნ. ა-ისათვის უცნობი იყო სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი, რაც დამატებით ადასტურებდა სადავო აქტის დასაბუთების საჭიროებას, ვინაიდან სწორედ დასაბუთებას უკავშირდება გასაჩივრების უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 01.07.03წ. გადაწყვეტილება საქმეზე „კლემესო ნორდი შვედეთის წინააღმდეგ“, 01.04.10წ. გადაწყვეტილება საქმეზე „გ. მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, §54).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას განსახილველ შემთხვევაში დისკრეციული სფეროს არარსებობის, სრული განსაზღვრულობის შესახებ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად დისციპლინური გადაცდომის სახეს წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. კანონის 98-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, უკანასკნელი არ განეკუთვნება დისციპლინური გადაცდომის სახეს, რაც არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას. მართალია მოხელის არასათანადო კვალიფიკაცია ქმნის მოხელის სამსახურიდან დათხოვნის პირობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დისკრეციის, შეფასების სფეროს განეკუთვნება თვით მოხელის არასათანადო უნარ-ჩვევები, მისი კვალიფიკაციის შეფასების საკითხი. უკვე აღინიშნა, რომ არასაკმარისი პროფესიული ჩვევები არ იწვევს უცილობლად მუშაკის სამსახურიდან დათხოვნას, გათავისუფლების გარდა შესაძლებელია განისაზღვროს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა, დაქვეითება, ალტერნატიული სამსახურის შეთავაზება. სამსახურიდან დათხოვნა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელს არ აქვს ობიექტურად სხვა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზების ან სხვა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, ვინაიდან არ იყო გამორიცხული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო გადაწყვეტილება არ იყო მიღებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. სზაკ-ის 53.4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება საჭიროებს წერილობით დასაბუთებას, მასში ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების მითითებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. აღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ მუშაკის შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან ობიექტური მონაცემებით უნდა საბუთდებოდეს, ხოლო დავის შემთხვევაში ადმინისტრაციას აკისრია შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ სადავო აქტით გამოყენებულ იქნა უკიდურესი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტში ადმინისტრაციას უნდა მოეყვანა მოხელის არასათანადო პროფესიული ჩვევების, ასევე მისი სხვა პოზიციაზე გამოყენების შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოებები, გამოეკვლია ყველა გარემოება და დაესაბუთებია სხვა გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა, რასაც ადგილი არ ჰქონია.

კასატორის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ნ.ა-ის მიერ ჩადენილი ცალკე აღებული თვითოეული დარღვევა თუ დავალების შესრულების დროს არაეფექტური მოქმედება არ წარმოადგენდა ისეთ არსებით დარღვევას, რომელიც გამოიწვევდა სამსახურიდან გათავისუფლებას. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ არ იყო შესაძლებელი მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შეფასების დადგენა ატესტაციის პროცედურის კვალდაკვალ ან კონკურსის ჩატარებით, რომლის ჩატარებამდეც იყო დანიშნული ნ.ა-ი თანამდებობაზე. საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დანიშნული იყო განსაზღვრული ვადით, მოვალეობის შემსრულებლად - კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 23.2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო თანამდებობის დასაკავებლად უფლებამოსილი იყო გამოეცხადებინა საჯარო კონკურსი (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1342 მუხ.), ამასთანავე, კონკურსის გამოცხადებამდე რაიმე დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემოღებული არ ყოფილა (19.2 მუხ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული დავა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2014წ. გადაწყვეტილება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე