Facebook Twitter

№ბს-632-619(კ-14) 9 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი _ პ. ბ-ე

წარმომადგენელი – ქ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ს. ც-ი

მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი – ს. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 29 ნოემბერს პ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1994-2004 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2005-2011 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საიდანაც დათხოვნილ იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 1 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს, რომლითაც ითხოვდა წარდგინების მომზადებას კანონით გათვალისწინებული სამხედრო კომპენსაციის დასანიშნად. ამავე წლის 9 აგვისტოს აღნიშნულ განცხადებაზე მოსარჩელემ წერილობითი უარი მიიღო (#3/4-2377/13) იმ საფუძვლით, რომ უშიშროების სამინისტროში ნამსახურები წლები არ ჩაეთვალა სამხედრო სამსახურად. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული პასუხი ეწინააღმდეგებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს, რის გამოც პ. ბ-ემ მითითებული უარი ისევ გაასაჩივრა, რაზეც 20013 წლის 26 სექტემბერს მიიღო ახალი #3/4-2933/13 წერილი, რომელიც არ განსხვავდებოდა წინა უარისგან. მოსარჩელემ ჩათვალა, რომ აღნიშნული პასუხიც უკანონო იყო და გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 26 სექტემბრის #3/4-2933/13 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ საჩივარზე 2013 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელემ ისევ წერილობითი უარი მიიღო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის #MOD9 13 00019047 ბრძანების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 26 სექტემბრის #3/4-2933/13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ-ე 1994-2004 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც მისი ნამსახურობის სტაჟი შეადგენდა 5 თვესა და 26 დღეს. 2005 წლის 1 ოქტომბრიდან მოსარჩელე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებო დანაყოფების ორგანიზაციული კონტროლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 2007 წლის 24 ივლისიდან იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სადაც მისმა ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 9 თვე და 23 დღე. 2009 წლის 24 აგვისტოდან პ. ბ-ე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილების პატრულად დაინიშნა, საიდანაც დათხოვნილ იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ნამსახურების პერიოდი შეადგენს 1 წელს, 4 თვესა და 22 დღეს.

მოსარჩელემ 2013 წლის 1 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების მომზადება მოითხოვა. ამ უკანასკნელის 2013 წლის 9 აგვისტოს #3/4-2377/13 წერილით პ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ზემოაღნიშნული წერილის ბათილად ცნობა და მისი განცხადების დაკმაყოფლება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის #1055 ბრძანებით პ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 9 აგვისტოს #3/4-2377/13 წერილი და მასვე დაევალა პ. ბ-ის განცხადების განხილვა და ახალი აქტის გამოცემა ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 26 სექტემბრის #3/4-2933/13 წერილით პ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ 2013 წლის 8 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით კვლავ მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 26 სექტემბრის #3/4-2933/13 წერილის ბათილად ცნობა და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის #MOD9 13 00019047 ბრძანებით პ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს. ამასთან, „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანების (დანართი #2) მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო.

სასამართლომ მიუთითა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთი სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე, შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმით კომპენსაციის დანიშვნას განაპირობებს გარემოებები, რომელთა თანახმად, პირი სამხედრო სამსახურში ჩარიცხული უნდა იყოს 1991-1995 წლებში, დათხოვნილი უნდა იქნეს ზღვრული ასაკის გამო, უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურების 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამასთან, დათხოვნილი უნდა იყოს სამხედრო სამსახურიდან. საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადაგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ-ეს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურები აქვს 3 წელი, 2 თვე და 13 დღე, დათხოვნილია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან ზღვრული ასაკის გამო, ხოლო სამხედრო ძალებში ნამსახურობა შეადგენს 13 წელს და 3 დღეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე პ. ბ-ეს არ ჰქონდა შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურების 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი შეადგენდა 20 კალენდარულ წელზე ნაკლებს. ამდენად, იგი ვერ აკმაყოფილებდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურების 20 წელზე ნაკლები კალენდარული წელი. ამ მუხლის მიზნებისთვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურების წლებად განესაზღვროს 20 წელი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ პ. ბ-ეს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურები აქვს მხოლოდ 3 წელი, 2 თვე და 13 დღე, დათხოვნილია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ხოლო სამხედრო ძალებში მისი ნამსახურება შეადგებს 13 წელს და 3 დღეს. ამდენად, იგი არ წარმოადგენს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების დავალების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და სრულიად უგულებელყო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადასულ პირთა სპეციალური წოდებების შესაბამის სამხედრო წოდებებთან გათანაბრების შემთხვევაში, სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. აქედან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ უშიშროების სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლისას მას უკვე ჰქონდა სპეციალური წოდება - ვიცე-პოლკოვნიკი და ამავე წოდებით დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში. ამდენად, სრულიად გაუგებარია, სამხედრო წოდებით ნამსახურები წლები რატომ არ ჩაეთვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვისზეც ვრცელდება მითითებული კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2015 წლის 21 მაისს, 13:30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: პ. ბ-ე 1994-2004 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც მისი ნამსახურობის სტაჟი შეადგენდა 5 თვესა და 26 დღეს. 2005 წლის 1 ოქტომბრიდან პ. ბ-ე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებო დანაყოფების ორგანიზაციული კონტროლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 2007 წლის 24 ივლისიდან იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სადაც მისმა ნამსახურების პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 9 თვე და 23 დღე. 2009 წლის 24 აგვისტოდან პ. ბ-ე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, სამხედრო პოლიციის კახეთის, ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილების პატრულად დაინიშნა, საიდანაც 2011 წლის 14 იანვრიდან დათხოვნილ იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ნამსახურების პერიოდი შეადგენდა 1 წელს, 4 თვესა და 22 დღეს.

პ. ბ-ემ 2013 წლის 1 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით წარდგინების მომზადება მოითხოვა. ამ უკანასკნელის 2013 წლის 9 აგვისტოს #3/4-2377/13 წერილით პ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 16 აგვისტოს პ. ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ზემოაღნიშნული წერილის ბათილად ცნობა და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის #1055 ბრძანებით პ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 9 აგვისტოს #3/4-2377/13 წერილი და მასვე დაევალა პ. ბ-ის განცხადების განხილვა და ახალი აქტის გამოცემა ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 26 სექტემბრის #3/4-2933/13 წერილით პ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

პ. ბ-ემ 2013 წლის 8 ოქტომბერს ადმინისტრაციული საჩივრით კვლავ მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 26 სექტემბრის #3/4-2933/13 წერილის ბათილად ცნობა და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის #MOD9 13 00019047 ბრძანებით პ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველი დავის საგანს სწორედ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 ნოემბრის #MOD9 13 00019047 ბრძანებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 26 სექტემბრის #3/4-2933/13 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლითაც პ. ბ-ეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაზე (წარდგინების მომზადებაზე) უარი ეთქვა.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, პ. ბ-ე წარმოადგენს თუ არა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს, შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს არის თუ არა იგი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები. მითითებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე, შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე, კერძოდ, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) „ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობა უკავშირდება, კერძოდ, პირი სამხედრო სამსახურში ჩარიცხული უნდა იყოს 1991-1995 წლებში, დათხოვნილი უნდა იქნეს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ასევე, დათხოვნილი უნდა იყოს სამხედრო სამსახურიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ პ. ბ-ე 1994-2004 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 24 ივლისამდე მუშაობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებო დანაყოფების ორგანიზაციული კონტროლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლად, გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში; 2009 წლის 24 აგვისტოდან 2011 წლის 14 იანვრამდე მუშაობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, სამხედრო პოლიციის კახეთის, ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილების პატრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პ. ბ-ეს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურები აქვს 3 წელი, 2 თვე და 13 დღე, დათხოვნილია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ხოლო სამხედრო ძალებში ნამსახურება შეადგენს 13 წელს და 3 დღეს.

საკასაციო პალატის დასკვნით, პ. ბ-ეს არა აქვს შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც, ხოლო შრომის საერთო სტაჟი 13 წელს არ აღემატება. ამდენად, იგი ვერ აკმაყოფილებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატამ ასევე მიუთითა „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი, რომელთა თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ შედიოდნენ საქართველოს უშიშროების სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები. ამდენად, უშიშროების სამინისტროში პ. ბ-ის წელთა ნამსახურობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სრულიად სამართლიანად არ ჩაითვალა შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურად.

საკასაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონზე, რომლითაც დადგენილია ნამსახურების ვადის ამოწურვის გამო დანიშნული კომპენსაციების გადაანგარიშების საკითხები. მითითებული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადაანგარიშება ეხებათ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.

საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას და განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი ეხება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშებას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს იმ შინაარსის ნორმას, რომლის საფუძველზეც ხდება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დროს თანხის ოდენობის გაანგარიშება. პირებს, რომლებსაც აქვთ ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, მაგრამ უკვე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, ამ მუხლის მიზნებისთვის, ნამსახურების წლებად განესაზღვრებათ 20 წელი. ეს ის შემთხვევაა, როცა შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის 10 კალენდარული წელი სრულიად საკმარისია სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად. ამდენად, მითითებული ნორმა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირებს არათანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს და თანხის გაანგარიშების დროს უთანაბრებს 20-წლიანი სტაჟის მქონე მოქალაქეებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადასულ პირთა სპეციალური წოდებების შესაბამის სამხედრო წოდებებთან გათანაბრების შემთხვევაში, სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. აქედან გამომდინარე, უშიშროების სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლისას პ. ბ-ეს უკვე ჰქონდა სამხედრო წოდება - ვიცე-პოლკოვნიკი, მაგრამ არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ მითითებული ნორმა არ გაითვალისწინა და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები არ ჩათვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში.

საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფორმულირება არ ვრცელდება პირთა განუსაზღვრელ წრეზე, ვინაიდან ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა სპეციალური წოდებების შესაბამის სამხედრო წოდებებთან გათანაბრების შემთხვევაში, სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა ჩამონათვალი დაკონკრეტებულია ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება. ვინაიდან პ. ბ-ე არ წარმოადგენს 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან შეიარაღებულ ძალებში გადასულ პირს, აქედან გამომდინარე, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს ზემოაღნიშნული ნორმა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს - პ. ბ-ეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

­

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე