#ბს-695-681(კ-14) 9 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორები (მოსარჩელეები) _ ლ. ხ-ი; ჯ. დ-ი წარმომადგენელი - ნ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - ს. შ-ა;
2) ი. ე-ი; ნ. ე-ი; წარმომადგენელი - მ. ბ-ე;
მესამე პირი (სასკ-ის 16.1 მუხლით) - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა; წარმომადგენელი - მ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება და 2014 წლის 27 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 7 დეკემბერს ლ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, კ. ე-ის მეუღლის - ნ. ე-ის და შვილის - ი. ე-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით წარდგენილ სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი.
2013 წლის 24 იანვარს ლ. ხ-მა და ჯ. დ-მა ერთობლივი სასარჩელო განცხადებით მიმართეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურისა და იოსებ და ნ. ე-ების მიმართ.
მოსარჩელეებმა ინდივიდუალური საწარმო „...“ სახელზე განხორციელებული ჩანაწერის №07045 ტექნიკური სააღრიცხვო ბარათის, 2012 წლის 15 მარტს ნ. და ი. ე-ების სახელზე გაცემული №120248813 სამკვიდრო მოწმობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე, 2012 წლის 3 აპრილს ე-ების სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა და სადავო ქონების მესაკუთრეებად აღიარება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1992 წელს ისნის რაიონის აღმასკომის მიერ შესწავლილი იქნა მათი ოჯახის გაჭირვებული მდგომარეობა და მათი ოჯახი მოხვდა, იმ დროს მიმდინარე სოციალურ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, ისინი 1993 წელს ისნის რაიონიდან გადავიდნენ საგარეჯოს რაიონის, სოფ. ..., სადაც ლ. ხ-მა - საბავშვო ბაღის გამგედ, ხოლო ჯ. დ-მა ამავე საბავშვო ბაღის მებაღედ დაიწყო მუშაობა. 1993 წელს ლ. ხ-მა განცხადებით მიმართა საგარეჯოს რაიონულ გამგეობას და როგორც, უდედმამო და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლმა, მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა მოითხოვა. 1994 წელს საგარეჯოს რ-ნის, სოფ. ... საკრებულოს მხრიდან, 1994 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით მოსარჩელეებს სარგებლობაში გადაეცათ (ნ. მ-ასგან შეძენილი) საცხოვრებელი სახლი, 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობის შემთხვევაში საკუთრებაში გადაცემის უფლებით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ზუსტად იყო მითითებული უძრავი ქონების მდებარეობა და მისი მახასიათებლები. მოსარჩელეები ხელშეკრულების შესაბამისად უწყვეტად ფლობდნენ უძრავ ქონებას, ამასთან, მათ არსებითად გააუმჯობესეს საცხოვრებელი სახლის პირობები, თუმცა, შესაბამისი უძრავი ქონების საკუთრების უფლებით მიღება და რეგისტრაცია ვერ განახორციელეს, რადგან სადავო უძრავი ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სამკვიდრო მოწმობისა და ტექბიუროს სააღრიცხვო ჩანაწერის საფუძველზე, ი. და ნ. ე-ების სახელზე იქნა რეგისტრირებული. ამასთან, ტექბიუროს სააღრიცხვო ბარათის №07045 ჩანაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება ინდივიდუალური საწარმო „...“ საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელეების განმარტებით, დაუდგენელი იყო, თუ როგორ განხორციელდა სადავო უძრავი ქონების ინდივიდუალური საწარმო „...“ სახელზე აღრიცხვა, მაშინ როდესაც ისინი ამ ქონებას წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და სარგებლობდნენ. ამდენად, მოსარჩელეებმა სადავო აქტების ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება მოითხოვეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის საოქმო განჩინებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სარჩელს გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ნ. და ი. ე-ების სახელზე 2012 წლის 15 მარტს გაცემული №120248813 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შეჩერებულ იქნა სარჩელის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის დასრულებამდე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ტექნიკური აღრიცხვის მასალებში (მომზადების თარიღი 27.03.2012 წელი) ი/საწარმო კ. ე-ის სახელზე აღრიცხული იყო საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... მდებარე - 128 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი საერთო ფართით - 3814 კვ.მ. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო 1991 წლის 10 მაისის N1 (ტექნიკური ინვენტარიზაციის რ.N81 12.06.1991 წელი) ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავი ნივთი კი აღრიცხული იყო 1989 წლის ივლისში საინვენტარიზაციო ნომრით №07045.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2012 წლის 15 მარტს ნ. ე-ზე და კ. ე-ზე, როგორც კ. ე-ის პირველი რიგის მემკვიდრეებზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისადაც, მათ თანაბარწილად მიიღეს მამკვიდრებლის კ. ე-ის სამკვიდრო ქონება, რომელიც მოიცავდა საცხოვრებელ სახლს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფართით - 3814 კვ.მ და სახლის განაშენიანების ფართით - 128 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... (საკადასტრო კოდი №...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (3819 კვ.მ) და საცხოვრებელი ფართი (115 კვ.მ) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი. ე-ის და ნ. ე-ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენდა - 1989 წლის №07045 საინვენტარიზაციო ბარათი (დამოწმებული 27.03.2012წ. საგარეჯოს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ) და სამკვიდრო მოწმობა (დამოწმების თარიღი 15.03.2012 წელი).
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ 1991 წლის 10 მაისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (მის დირექტორ კ. ე-სა) და მოქალაქე ნ. მ-ას შორის დაიდო N1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, გასაყიდი საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართით - 66.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 3814 კვ.მ და დამხმარე ფართით - 99.2 კვ.მ ეკუთვნოდა ნ. მ-ას, აღნიშნული ბინის ფასი განისაზღვრა - 27000 მანეთით, რომელსაც იხდიდა ფირმა ,,...“. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, გამყიდველის ხელმოწერას ამტკიცებდა სოფლის საბჭო ან კოლმეურნეობა. ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო და მას ადასტურებდა ს. ... კოლმეურნეობის თავმჯდომარე მ. კ-ი. ამასთან, 1991 წლის ივლისის თვეში საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (მის დირექტორ კ.ი. ე-სა) და მოქალაქე ნ. მ-ას შორის დაიდო N5 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, გასაყიდი საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართით - 56.6 კვ.მ, მიწის ნაკვეთი - 5666 კვ.მ და დამხმარე ფართი - 15 კვ.მ ეკუთვნოდა ნ. მ-ას, აღნიშნული ბინის ფასი განისაზღვრა - 18000 მანეთით, რომელსაც იხდიდა ფირმა ,,...“. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, გამყიდველის ხელმოწერას ამტკიცებდა სოფლის საბჭო ან კოლმეურნეობა. ხელშეკრულება იყო ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 1989 წლის №07045 ტექნიკური პასპორტით (დამოწმებული 27.03.2012 წელს საგარეჯოს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ) დგინდებოდა, რომ სოფ. ..., 3814 კვ.მ-ზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, თავდაპირველად ირიცხებოდა ნ. ი. ასულ მ-ას სახელზე (გადახაზულია), შემდგომ ფირმა ... (გადახაზულია), შემდგომ კი ინდ. საწარმო ... სახელზე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ 1999 წლის 15 ივნისის ცნობა-დახასიათების მიხედვით, საგარეჯოს რაიონის სოფ. ... ინდივიდუალურ საწარმო ,,...“ (ხელშეკრულება №1 10.05.1991 შესაბამისად) აღრიცხული იყო 3814 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი ორ- სართულიანი სახლი, სასარგებლო ფართით - 82.4 კვ.მ და ბოსელი - 32 კვ.მ.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საგარეჯოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 დეკემბრის №444 გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაში გატარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“. ამასთან, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ,,...“, აღნიშნული დადგენილების მე-8 პუნქტის მიხედვით შპს ,,...“ იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ უფლებამონაცვლე. ამასთან, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 7 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, დარეგისტრირდა ინდივიდუალური საწარმო ,,...“, დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით ინდივიდუალური საწარმო დაარსდა შპს ,,...“ ბაზაზე და წარმოადგენდა მის უფლებამონაცვლეს.
რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საგარეჯოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 23 მარტის №155 გადაწყვეტილებით განხილულ იქნა მოქალაქე ნ. მ-ას განცხადება და გადაწყდა, რომ რაიაღმასკომის სახსრებით შესყიდულიყო მოქალაქე ნ. მ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ჩამოსასახლებლად. საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული იყო პასპორტიზაცია და სახლი შეფასებული იყო 15 ათას მანეთად.
რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 1994 წლის 24 თებერვლის საცხოვრებელი სახლის სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებით, საგარეჯოს რაიონის საკრებულოს ხელმძღვანელმა ლ. ხ-სა და ჯ. დ-ს სარგებლობაში გადასცა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეკუთვნოდა ნ. მ-ას. აღმოსავლეთიდან სახლს ესაზღვრებოდა - ა. პ. ასული დ-ას მეურნეობა, სამხრეთიდან და დასავლეთიდან კოლმეურნეობის - მინდვრები, ჩრდილოეთიდან კი - სოფლის ცენტრალური გზა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ მოქალაქე ნ. მ-ას საკუთრებას წარმოადგენდა საგარეჯოს რაიონ სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი ბინა - ფაქტიური ფართით - 66.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 3814 კვ.მ და დამხმარე ფართით - 99.2 კვ.მ. 1991 წლის 10 მაისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა , ,,...“ (დირექტორს კ. ე-სა) და მოქალაქე ნ. მ-ას შორის დაიდო N1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. მ-ასაგან ფირმა ,,...“ შეიძინა საცხოვრებელი ბინა - ფაქტიური ფართით 66.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთი - 3814 კვ.მ, დამხმარე ფართი - 99.2 კვ.მ. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად. გამყიდველის ხელმოწერას ამტკიცებდა სოფლის საბჭო ან კოლმეურნეობა. ხელშეკრულება იყო ხელმოწერილი და იყო დადასტურებული ს. ... კოლმეურნეობის თავმჯდომარე მ. კ-ის მიერ, თავად ხელშეკრულება იყო ძალაში და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონება №07045 სააღრიცხვო ბარათით აღირიცხა ჯერ ფირმა ,,...“ სახელზე, რომლის დირექტორიც იყო კ. ე-ი, ხოლო შემდეგ კი ინდივიდუალურ საწარმო ,,...“ სახელზე.
რაიონული სასამართლოს მითითებით ასევე დადგენილი იყო ის გარემოება, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ რეგისტრაციაში გატარდა 1990 წლის 28 დეკემბრის №444 გადაწყვეტილებით, შემდგომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით დაარსდა შპს ,,...“ რომელიც წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ უფლებამონაცვლეს, ხოლო შემდგომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 7 ოქტომბრის დადგენილების თანახმად. დარეგისტრირდა ინდივიდუალური საწარმო ,,...“, რომელიც დაარსდა შპს ,,...“ ბაზაზე და წარმოადგენდა მის უფლებამონაცვლეს. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ნ. მ-ას შესყიდული ქონება, რომელიც თავის დროზე შეისყიდა ფირმა ,,...“, კანონის დადგენილი წესით აღირიცხა ინ/მეწარმე კ. ე-ზე, ვინაიდან, იგი გახდა მისი სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, შემდგომ ი. ე-ის და ნ. ე-ის სახელზე საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... ((საკადასტრო კოდი №...) სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) - 3819 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 115 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) მდებარე უძრავ ქონებაზე განხორცილებული რეგისტრაცია იყო სრულიად კანონიერი, ამასთან, საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებით რაიმე განსხვავებული არსებითი გარემოება დადგენილი არ ყოფილა.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ საგარეჯოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 23 მარტის №155 გადაწყვეტილება და 1994 წლის 24 თებერვლის საცხოვრებელი სახლის სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება წარმოადგენდა იმ უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა საგარეჯოს რაიონი, სოფ. ... (საკადასტრო კოდი №...) სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) 3819 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 115 კვ.მ საცხოვრებელი ფართზე ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის საკუთრებას, ვინაიდან, საქმეზე არ ყოფილა წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თავის დროზე აღმასკომის 1990 წლის 23 მარტის №155 გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. მ-ასგან ქონების შეძენას და შემდგომ, სადავო ქონების მოსარჩელეთა სარგებლობაში გადაცემას. რაც შეეხებოდა, საქმეზე წარდგენილ დოკუმენტს, რომელიც ტექბიუროს მიერ 1994 წლის 13 მარტს იყო გაცემული, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, ლ. ხ-ზე და ჯ. დ-ზე საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... საქველმოქმედო ფირმა ,,...“ საკუთრებაში აღრიცხული სადავო ქონების გადაცემის ფაქტი, ვინაიდან, თავად აღნიშნული დოკუმენტი არ იყო დაცული ტექბიუროს მონაცემებში და ასევე არ ირკვეოდა რის საფუძველზე იყო მიწერილი დოკუმენტზე ლ. ხ-ი და ჯ. დ-ი. ამასთან, საქმეში წარდგენილი 1999 წლის 31 დეკემბრის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა არ ადასტურებდა სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების არსებობას.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავდა საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია იყო – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული იყო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო, თუ: ა) წარმოდგენილი იყო სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იყო ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იყო ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემდა გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდებოდა სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლო წესით.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საგარეჯოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 23 მარტის №155 გადაწყვეტილება და 1994 წლის 24 თებერვლის საცხოვრებელი სახლის სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება წარმოადგენდა იმ უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... (საკადასტრო კოდი №...) სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) 3819 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 115 კვ.მ საცხოვრებელი ფართზე ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მაშინ როდესაც №07045 ტექნიკურ სააღრიცხვო ბარათის შედგენა განხორციელდა, საჯარო რეესტრმა არასწორად მოახდინა ქონების 1991 წლის N1 ხელშეკრულებაზე დაყრდნობით აღრიცხვა, ვინიდან, ხელშეკრულება არ იყო დამოწმებული - ხელმოწერას არავინ ადასტურება და იგი სრულყოფილ დოკუმენტად არ შეიძლება ჩათვლილიყო და შესაბამისად, ჩანაწერიც წარმოადგენდა უკანონო აქტს და უნდა გაუქმებულიყო.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა თავის დროზე მოქალაქე ნ. მ-ას საკუთრებას წარმოადგენდა. ასევე დადგენილი იყო, რომ 1991 წლის 10 მაისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (მის დირექტორს კ. ე-სა) და მოქალაქე ნ. მ-ას შორის დაიდო N1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. მ-ასაგან ფირმა ზრუნვამ შეიძინა სადავო საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართი - 66.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთი - 3814 კვ.მ და დამხმარე ფართი - 99.2 კვ.მ, ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ მხარეები და ადასტურებდა ს. ... კოლმეურნეობის თავმჯდომარე მ. კ-ი. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, შესყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონება №07045 სააღრიცხვო ბარათით აღირიცხა ჯერ ფირმა ,,...“ სახელზე, რომლის დირექტორიც იყო კ. ე-ი, ხოლო შემდეგ კი ინდივიდუალურ საწარმო ,,...“ სახელზე. ასევე დადგენილი იყო, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ რეგისტრაციაში გატარდა 1990 წელს და მის სამართალმემკვიდრეს ინდივიდუალური საწარმო ,,...“ წარმოადგენდა.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიაჩნია, რომ ნ. მ-ას შესყიდული ქონება, რომელიც თავის დროზე შეისყიდა ფირმა ,,...“, კანონის დადგენილი წესით აღირიცხა ინ/მეწარმე კ. ე-ზე, ვინაიდან, იგი გახდა მისი სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, შემდგომ ი. ე-ის და ნ. ე-ის სახელზე საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე ((საკადასტრო კოდი ...) სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) - 3819 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 115 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) განხორცილებული რეგისტრაცია იყო სრულიად კანონიერი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა და ჯ. დ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით ლ. ხ-სა და ჯ. დ-ს ნ. და ი. ე-ების სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებივ აქტს წარმოადგენდა ინდივიდუალური საწარმო ,,...“ სახელზე განხორციელებული ტექნიკური სააღრიცხვო ბარათის №07045 ჩანაწერი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 აპრილის №882012109194 გადაწყვეტილება სადავო საცხოვრებელი ბინასა და მიწის ნაკვეთზე (მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფ. ... (... საკადასტრო კოდი ...)) ნ. ე-ისა და ი. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ნ. მ-ას საკუთრებაში იყო სოფ. ... მდებარე ორი უძრავი ქონება: საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართით - 66.2 კვ.მ, დამხმარე ფართით 99.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 3814 კვ.მ და საცხოვრებელი ბინა - ფაქტიური ფართით 56.6 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 5666 კვ.მ, დამხმარე ფართით - 15 კვ.მ. აქედან, მხარეთა შორის სადავო ქონებას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართით - 66.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 3814 კვ.მ, დამხმარე ფართით - 99.2 კვ.მ. საქმეში ასევე წარდგენილი იყო 1991 წლის 10 მაისის №1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (დირექტორ კ. ე-ს) და მოქალაქე ნ. მ-ას შორის, რომელიც დარეგისტრირებული იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში 1991 წლის 12 ივნისს (საინვენტარიზაციო №07045) და სადავო ქონების მესაკუთრედ დაფიქსირდა საქველმოქმედო ფირმა ,,...“.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ქალაქში ან ქალაქის ტიპის დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო სახალხო დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან; სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო წერილობით და რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო სახალხო დეპუტატების სასოფლო საბჭოში არა უგვიანეს სამი თვისა ხელშეკრულების დადების დღიდან. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ 1991 წლის 10 მაისის №1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ შეიცავდა კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებს. 1991 წლის 10 მაისს დადებული №1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხელმოწერილი იყო ს. ... კოლმეურნეობის თავმჯდომარე მ. კ-ის მიერ. თავად ხელშეკრულება იყო ძალაში და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 1991 წლის 10 მაისის №1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებიდან სამთვიან ვადაში აღრიცხული იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რაც დასტურდებოდა №07045 ტექნიკური სააღრიცხვო ბარათით და მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელმოწერა არ იყო დადასტურებული სოფ. ... კოლმეურნეობის ბეჭდით, ვერ გახდებოდა საგარეჯოს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის საცხოვრებელი სახლის №07045 ტექნიკური პასპორტის (1989 წ) ბათილობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრაციას არ ჰქონდა მხოლოდ ფაქტობრივი მნიშვნელობა. სააღრიცხვო მონაცემებს, რომელიც დაცული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, გააჩნდა იურიდიული მნიშვნელობა და იგი ადასტურებდა სანივთო უფლების არსებობას, რაც არ დასტურდებოდა აპელანტებთან (მოსარჩელეებთან) მიმართებაში. კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სადავო ქონების, არც საგარეჯოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და არც ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, რომ ნ. მ-ასაგან კ. ე-მა შეიძინა არა სადავო, არამედ მე-2 საცხოვრებელი ბინა 1991 წლის ივლისის თვის №5 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობდა, სწორედ 1991 წლის 10 მაისის №1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე განკარგულ ქონებასთან დაკავშირებით. თუმცა, ორივე შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ ნ. მ-ამ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები გაასხვისა საქველმოქმედო ფირმა ,,...“, ხოლო შემდეგ უძრავი ნივთების მფლობელად, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული იქნა ინდივიდუალური საწარმო ,,...“. მართალია, ინდივიდუალურ საწარმო ,,...“ სახელზე სადავო ქონებაზე უფლების დამადატურებელი დოკუმენტი სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილი არ ყოფილა, მაგრამ საქმეს ერთვოდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც ინდივიდუალური საწარმო ,,...“ მიჩნეული იქნა შპს ,,...“ უფლებამონაცვლედ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარე ასევე ასაჩივრებდა საჯარო რეესტრის ჩანაწერს სადავო საცხოვრებელ ბინასა და მიწის ნაკვეთზე ((მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფ. ..., (..., საკადასტრო კოდი №...)) ნ. ე-ისა და ი. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია იყო – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ხოლო „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი იყო დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ იყო განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც იყო ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენდა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; დაინტერესებული პირი კი იყო – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობდა (სარგებლობდა) უძრავი ქონებით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველი იყო დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით განსაზღვრული წესის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი იყო - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.
საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება, ტექბიუროს №07045 სააღრიცხვო ბარათით აღირიცხა ჯერ ფირმა ,,...“ სახელზე, რომლის დირექტორიც იყო კ. ე-ი, ხოლო შემდეგ კი ინდივიდუალურ საწარმო ,,...“ სახელზე. ასევე დადგენილი იყო, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ რეგისტრაციაში გატარდა 1990 წელს და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა ინდივიდუალური საწარმო ,,...“. ამდენად, ი. ე-ზე და ნ. ე-ზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... ((საკადასტრო კოდი №...) სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) 3819 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 115 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე) მდებარე უძრავ ქონებაზე, განხორციელდა მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, ვინაიდან, აღნიშნული ქონება კანონით დადგენილი წესით აღრიცხული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ინდ. მეწარმე „კ. ე-ზე“, რომლისაგანაც მოპასუხეებმა, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღეს მამკვიდრებლის ქონება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო ქონების სარეგისტრაციო მასალებზე და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ნაცვლად მართლზომიერი მფლობელობით საკუთრების უფლების აღიარებისა. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დაცული უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, დასტურდებოდა, რომ სადავო ქონება აღრიცხული იყო კ. ე-ის სახელზე და სამკვიდრო მოწმობები, რომლითაც ირკვეოდა, რომ ი. ე-მა და ნ. ე-მა თანაბარწილად მიიღეს კ. ე-ის სამკვიდრო ქონება, წარმოადგენდა სადავო ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, ნ. და ი. ე-ების საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული დარღვევა არ წარმოადგენდა იმ სახის დარღვევას, რომლის არ არსებობა, მოცემულ საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ამასთან, დამატებით გადაწყვეტილებაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებითა და შესაბამისი შემოსავლის ორდერით დგინდებოდა, რომ ი. ე-ისა და ნ. ე-ის მიერ ადვოკატის - მ. ბ-ესათვის საადვოკატო მომსახურების გამო გადახდილი მომსახურების საფასური - 500 ლარს შეადგენდა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, ნ. და ი. ე-ების სასარგებლოდ აღნიშნული თანხის ანაზღაურება ლ. ხ-სა და ჯ. დ-ს უნდა დაკისრებოდათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება და 2014 წლის 27 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა და ჯ. დ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და არ გაიზიარა უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1991 წლის 10 მაისის N1 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (დირექტორ - კ. ე-სა) და ნ. მ-ას შორის არ იყო დადასტურებული ნოტარიულად ან/და ადგილობრივი თვითმართველობის, სოფლის საბჭოს ან კოლმეურნეობის თავმჯდომარის ბეჭდით. სააპელაციო სასამართლომ კი მიუთითა, რომ თითქოს ხელშეკრულება შესაბამისი წესით იყო დამოწმებული, რაც აშკარად უსაფუძვლო იყო, რადგან წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნდა შესაბამისი ორგანოს ბეჭედი, მათ შორის, სოფ. კრასნაგორკის კოლმეურნეობის თავმჯდომარის ბეჭედი, რაც აუცილებელ შემადგენელ და განმსაზღვრელ რეკვიზიტის წამოადგენდა. სასამართლო დაეყრდნო ბეჭდის გარეშე მხოლოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარის ხელმოწერას, რაც სამართლებრივი და იურიდიული ძალის მქონე არ იყო. ამასთან, კასატორების მითითებით, საქმეში წარმოდგენილი იყო ნ. მ-ას წერილი, რომლის განმარტებითაც, მას 1991 წლის 10 მაისს კ. ე-თან ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. მისი განმარტებით, მან საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საგარეჯოს რაიონის დეპუტატთა საბჭოს მიჰყიდა.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1994 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულებით, პირდაპირ დგინდებოდა უძრავი ქონების მახასიათებელი ნიშნები, რითაც ცალსახად იდენტიფიცირდებოდა ხელშეკრულების საგანი. ასევე მეტად საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ უარყო, რომ მოსარჩელეებმა ნამდვილად მიიღეს საცხოვრებელი ბინა, თუმცა არა სადავო ბინა, არამედ მ-ას საკუთრებაში არსებული მე-2 ბინა.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ, კრასნაგორკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის - პ. ტ-ის, რომლის ხელმოწერითაც დაიდო 1994 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულება და ასევე ყოფილი თავმჯდომარის ა. ა-ის ჩვენებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ, რომ აღნიშნული სადავო ბინა გადაეცათ მოსარჩელეებს, ხოლო კ. ე-მა მ-ასაგან შეიძინა მე-2 ბინა.
კასატორების მითითებით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საჯარო რეესტრის გასაჩივრებულ ჩანაწერში მესაკუთრედ ირიცხებოდა ი/მ კ. ე-ი და იგი შპს ,,...“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა, თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში არსებობდა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის მონაცემებში სადავო უძრავი ქონება შპს ,,...“ სახელზე აღრიცხული არასოდეს არ ყოფილა. ამრიგად, შპს ,,...“ სამართალმემკვიდრე ვერ მიიღებდა ქონებას თუ იგი ირიცხებოდა სხვა სამართლებრივი წარმონაქმნის საკუთრებაში, კერძოდ, საქველმოქმედო ფირმა ,,...“ ქონებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება ამ მხრივაც უკანონოს წარმოადგენდა.
კასატორებმა ასევე განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლო არ ითვალისწინებდა იმ გარემობას, რომ ჩანაწერი განხორციელებული იყო არასრულყოფილი, ფორმადარღვეული ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, მის საფუძველზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება წარმოადგენდა უკანონოს, ხოლო 1994 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულება წარმოადგენდა კანონიერს და ის პასუხობდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთან, დამატებით გადაწყვეტილებასთან მიმართებაში კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან მტკიცებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო დამატებითი გადაწყვეტილებას გამოტანას, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არსებითი გადაწყვეტილების გამოტანამდე არ წარუდგენია, რაც ბუნებრივია დაუშვებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2015 წლის 14 მაისს 12:00 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა - ნ. გ-ემ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საბოლოოდ, გასაჩივრებული განჩინების/დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის და ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალური საწარმო ,,...“ სახელზე განხორციელებული ტექნიკური სააღრიცხვო ბარათის №07045 ჩანაწერის (რომლის მიხედვითაც, ი/საწარმო ,,...“ სახელზე აღირიცხა საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... მდებარე უძრავი ქონება: საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართით - 66.2 კვ.მ, დამხმარე ფართით 99.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 3814 კვ.მ) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 აპრილის ¹№882012109194 გადაწყვეტილების (სადავო საცხოვრებელი ბინასა და მიწის ნაკვეთზე (მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფ. ... (... საკადასტრო კოდი №...)) ნ. ე-ისა და ი. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა წარმოადგენს. ტექნიკური სააღრიცხვო ბარათის №07045 ჩანაწერის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული არის 1991 წლის 10 მაისის №1 ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 2012 წლის 3 აპრილის ¹№882012109194 გადაწყვეტილების საფუძვლად კი №07045 სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი და 2012 წლის 15 მარტს ნ. და ი. ე-ების სახელზე გაცემული №120248813 სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, წარმოდგენილი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სადავო უძრავი ქონების ჯერ ინდივიდუალური საწარმო ,,...“ სახელზე აღრიცხვის, შემდგომ კი ნ. და ი. ე-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. მ-ას საკუთრებაში იყო საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... მდებარე ორი უძრავი ქონება: საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართით - 66.2 კვ.მ, დამხმარე ფართით 99.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 3814 კვ.მ და საცხოვრებელი ბინა - ფაქტიური ფართით 56.6 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 5666 კვ.მ, დამხმარე ფართით - 15 კვ.მ. ამ ორი უძრავი ქონებიდან, მხარეთა შორის სადავო ქონებას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა ფაქტიური ფართით - 66.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთით - 3814 კვ.მ, დამხმარე ფართით - 99.2 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ტექბიუროს №07045 სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერის საფუძლად მითითებული, 1991 წლის 10 მაისის №1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, დადებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (დირექტორ კ. ე-სა) და მოქალაქე ნ. მ-ას შორის შედგენილი იყო სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო მხარეთა მიერ და დადასტურებული იყო ... კოლმეურნეობის თავმჯდომარე მ. კ-ის მიერ. ამასთან, მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირებული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ტექბიუროს №07045 სააღრიცხვო ბარათით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადავო ქონება აღირიცხა ჯერ ფირმა ,,...“ სახელზე, რომლის დირექტორიც იყო კ. ე-ი, ხოლო შემდეგ კი ინდივიდუალური საწარმო ,,...“ სახელზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ რეგისტრაციაში გატარდა 1990 წლის 28 დეკემბრის №444 გადაწყვეტილებით, შემდგომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით დაარსდა შპს ,,...“, რომელიც წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ უფლებამონაცვლეს, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 7 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე კი დაფუძნდა ინდივიდუალური საწარმო ,,...“, რომელიც თავის მხრივ, შპს ,,...“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. მ-ასაგან შეძენილი ქონება კანონიერად აღირიცხა ინდ/მეწარმე კ. ე-ის სახელზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე და შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ საქველმოქმედო ფირმა ,,...“ უფლებამონაცვლეს ინდივიდუალური საწარმო ,,...“ წარმოადგენდა და შესაბამისად, მასზე და შემდგომ ე-ის მემკვიდრეებზე საქველმოქმედო ფირმა ,,...“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა კანონშესაბამისი იყო. სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა მოპასუხე მხარის მსჯელობა ლ. ხ-ის და ჯ. დ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე, რომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და მათ ქრონოლოგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად არ იქცა განსახილველი საქმის სწორად გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესი გარემოება – თუ როგორ გახდა ინდივიდუალური საწარმო ,,...“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ უფლებამონაცვლე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშნელობა ენიჭება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების დეტალურად და ქრონოლოგიურად განხილვას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საგარეჯოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 23 მარტის №155 გადაწყვეტილებით განხილულ იქნა მოქალაქე ნ. მ-ას განცხადება და გადაწყდა, რომ შესყიდულიყო მოქალაქე ნ. მ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (ტომი I, ს.ფ. 92).
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ რეგისტრაციაში 1990 წლის 28 დეკემბრის №444 გადაწყვეტილებით გატარდა (ტომი II, ს.ფ. 47) და 1991 წლის 10 მაისს №1 ნასყიდობის ხელშეკრულება სწორედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა „...“ (დირექტორს კ. ე-ს) და ნ. მ-ას შორის დაიდო (ტომი I, ს.ფ. 50). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ 1992 წლის 12 დეკემბერს ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომრის მოადგილემ თ. ა-ემ №24 წერილით მიმართა საქველმოქმედო ფირმა ,,...“ დირექტორს - კ. ე-ს და თბილისიდან (ისნის რაიონიდან) საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... გადასული ჯ. დ-ის ოჯახისათვის შესაბამისი ბინით და სამსახურით უზრუნველყოფის საკითხებში სათანადო დახმარების გაწევა სთხოვა (ტომი I, ს.ფ. 103). 1993 წლის 27 დეკემბერს ლ. ხ-მა განცხადებით მიმართა საგარეჯოს რაიონული გამგეობის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის, როგორც, ბავშვთა სახლში აღზრდილი (ჯ. დ-ი) და მრავალშვილიანი ოჯახის (ლ. ხ-ი) წარმომადგენლების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 39-40). 1994 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... საკრებულოს ხელმძღვანელსა (პ. ტ-ი) და ლ. ხ-ს და ჯ. დ-ს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის (ნ. მ-ასაგან შეძენილი) სარგებლობაში გადაცემის (10 წლის შემდგომ საკუთრებაში გადაცემის უფლებით) ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა უძრავი ნივთის მახასიათებლები, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრებოდა - ა. დ-ას მეურნეობა, სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან - კოლმეურნეობის მინდვრები, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან - ცენტრალური გზა (ტომი I, ს.ფ. 100-101).
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით დაარსდა შპს ,,...“. აღნიშნული დადგენილების მე-8 პუნქტის თანახმად, შპს ,,...“ წარმოადგენდა აგრარულ-სამრეწველო კომერციული საქველმოქმედო ფირმა ,,...“ უფლებამონაცვლეს, რომელიც თავის მხრივ საგარეჯოს რაიონის 1992 წლის 22 ივლისის №359 გადაწყვეტილებით იქნა რეგისტრაციაში გატარებული და მის დირექტორს ასევე კ. ე-ი წარმოადგენდა (ტომი II, ს.ფ. 48-49; ს.ფ. 53-54). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის საქველმოქმედო ფონდი ,,...“, რომლის სამართალმემკვიდრესაც ჯერ შპს ,,...“, შემდგომ კი ი/საწარმო ,,...“ წარმოადგენდა, 1991 წლის 10 მაისს ნ. მ-ასთან ვერანაირად ვერ დადებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რადგან მისი რეგისტრაცია 1992 წლის 22 ივლისს განხორციელდა, ამასთან, მართალია, ორივე ფირმის სახელწოდება იყო საქველმოქმედო ფირმა ,,...“ და ორივე ფირმის დირექტორს კ. ე-ი წარმოადგენდა, მაგრამ თუ ამ ფირმების დასახელებას ზედმიწევნით ყურადღებით და დეტალურად წავიკითხავთ ვნახავთ, რომ ერთის მხრივ, სახეზე გვყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (დაფუძნებული 1990 წლის 28 დეკემბერს) და მეორეს მხრივ, აგრარულ-სამრეწველო კომერციული საქველმოქმედო ფირმა ,,...“ (დაფუძნებული 1992 წლის 22 ივლისს). ამდენად, 1992 წლის 22 ივლისს რეგისტრირებული საქველმოქმედო ფირმა ,,...“ სამართალმემკვიდრე შპს ,,...“, შემდგომ კი მისი უფლებამონაცვლე ინდივიდუალური საწარმო ,,...“ მის ბალანსზე ვერანაირად ვერ მიიღებდა 1991 წლის 10 მაისს ნ. მ-ასაგან შეძენილ უძრავ ქონებას.
ამასთან, ის გარემობა, რომ კასატორებს სარგებლობაში სწორედ სადავო უძრავი ქონება გადაეცათ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით ი. და ნ. ე-ების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №...) ადგილმდებარეობა და მისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები ზუსტად ემთხვევა 1994 წლის 24 თებერვალს ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ისათვის გადაცემული უძრავი ქონების მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებს. გარდა ამისა, 2006 წლის 12 ნოემბრის საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... საკრებულოს №1 აქტის (საცხოვრებელი სახლის ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით) თანახმად, ლ. ხ-ს და ჯ. დ-ს 1994 წლის 24 თებერვალს მათთვის სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელ სახლი არ მიუტოვებიათ, ამასთან, მათ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 2500 კვ.მ-დე შეევსოთ (რაც, 1999 წლის 31 დეკემბრის მიწის №10861/99 სარეგისტრაციო მოწმობით დასტურდება - ტომი I, ს.ფ. 171). ამავე აქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები არიან აღმოსავლეთის მხრიდან - დ. ჯ-ე (შეძენილი აქვს ა. დ-ას საცხოვრებელი სახლი), დასავლეთის მხრიდან - ვ. გ-ის მიწის ფართი, სამხრეთის მხრიდან - ხევი, ჩრდილოეთის მხრიდან - გზა (ტომი I, ს.ფ. 286).
ამასთან, მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნ. და ი. ე-ების მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან - აღმოსავლეთის მხრიდან - დ. ჯ-ე, დასავლეთით და სამხრეთით მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები არ არის რეგისტრირებული, ჩრდილოეთის მხრიდან კი გზა, ხოლო თავის მხრივ, დ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზის მიხედვით, რომელიც რეალურად ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველია, დ. ჯ-ის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებული არის სწორედ - ჯ. დ-ი და - არა ნ. და ი. ე-ი (ტომი II, ს.ფ. 13, 22-23).
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოში 2015 წლის 11 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე საგარეჯოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, მის მიერ ადგილზე ჩატარებული დათვალიერების და მეზობელთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სადავო უძრავ ქონებას შესახლების მომენტიდან (დაახლოებით 1994 წლიდან) დღემდე ფლობს ლ. ხ-ის და ჯ. დ-ის ოჯახი, ხოლო კ. ე-ის საკუთრებაში ირიცხებოდა სოფლის მეორე ბოლოში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეის მდგომარეობით გასხვისებულია (ამასთან, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი თავის დროზე ეკუთვნოდა სრულიად სხვა ნ. ვ. ასულ მ-ას).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ გამორიცხა სარჩელის მოტივები და ვერ დაასაბუთა რა სამართლებრივი კავშირი ჰქონდათ ი/საწარმო ,,...“ და მის მემკვიდრეებს ი. და ნ. ე-ებს სადავო უძრავ ქონებასთან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა ობიექტური შეფასება, რის შედეგადაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ სამართალურთიერთობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის და ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის
ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ თავისმხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ დამატებით გადაწყვეტილებასთან მიმართებაში განმარტავს, რომ არსებითი განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში უნდა გაუქმდეს ამ განჩინებაზე/გადაწყვეტილებაზე გამოტანილი დამატებითი გადაწყვეტილებაც, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება რეალურად არსებითი გადაწყვეტილების განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში სასამართლო ხარჯების საკითხი წყდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს უბრუნდება, სასამართლო ხარჯების საკითხი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ხ-ის და ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება და 2014 წლის 27 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე