№ბს-77-75(კ-15) 2 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი – თ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი – ს. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 25 აპრილს თ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. ამასთან, მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოპასუხედ ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი მიუთითა.
მოსარჩელის მითითებით, 2005 წლამდე იგი მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში, ... უფროსად ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში. მუშაობის ბოლო პერიოდში იგი გახდა II ჯგუფის ინვალიდი და დაენიშნა კომპენსაცია 440.91 ლარის ოდენობით. 2005 წლიდან იგი მუშაობდა სს „...“, ხოლო 2010 წლიდან - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 15 დეკემბერს სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მისი კუთვნილი კომპენსაცია არ იყო დარიცხული, რის გამოც მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც განუმარტეს, რომ მას კომპენსაცია საჯარო საქმიანობის მოტივით მოეხსნა. მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ამჟამინდელ „დელტაში“), შემდეგ მინისტრთა საბჭოში, სახელმწიფო კანცელარიაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და კარგად იცნობს „დელტას“ სპეციფიკურობას, რომლის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება ყოველთვის იყო და დღესაც რჩება სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოები სამხედრო დარგში. სამამულო საბრძოლო იარაღის, მასალების, აღჭურვილობის, მაკონტროლებელი და გამზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შესაქმნელად „დელტა“ ატარებდა სამეცნიერო-კვლევით და საკონსტუქტორო სამუშაოებს.
ამასთან, მოსარჩელის მითითებით, როცა 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა „დელტა“, მისი საქმიანობის პროფილი პრეზიდენტის ბრძანებულებით იყო შენარჩუნებული. შესაბამისად, „დელტა“ წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო დაწესებულებას; „დელტა“ არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და „დელტაში“ მომუშავე პენსიონერზე უნდა მოქმედებდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი, მათ შეუძლიათ იმუშაონ და იმავდროულად მიიღონ კომპენსაცია, ხოლო არასწორად შეწყვეტილი კომპენსაცია უნდა აღდგეს იმ კანონით, რომლითაც იგი დაინიშნა.
ამდენად, მოსარჩელემ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის №04/18068 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ლ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა უშიშროების ხაზით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით. თ. ლ-ე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 27 ნოემბერს ტერიტორიულ ერთეულებს გაუგზავნა №04/105912 მიმართვა და მიაწოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია, ამასთან განუმარტა, რომ დანართი №1-ში მითითებულ დაწესებულებებში (აღნიშნულ დანართში სხვა დაწესებულებებთან ერთად მითითებული იყო სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“) დასაქმებულ პირებს უნდა შეწყვეტოდათ სახელმწიფო გასაცემელი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ეს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით შეუწყდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია. თ. ლ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის №04/18068 გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა კანონიერად.
სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლოს მითითებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა, გადაანგარიშება, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს საჯარო საქმიანობის ცნებას. აღნიშნული განმარტების თანახმად (2013 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებ ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 27 ნოემბერს ტერიტორიულ ერთეულებს გაუგზავნა №04/105912 მიმართვა და მიაწოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია, ამასთან განუმარტა, რომ დანართი №1-ში მითითებულ დაწესებულებებში (აღნიშნულ დანართში სხვა დაწესებულებებთან ერთად მითითებული იყო სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“) დასაქმებულ პირებს უნდა შეწყვეტოდათ სახელმწიფო გასაცემელი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის №1120 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას; ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). ამავე დებულების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საჯაროსამართლებრივი და კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავლები; ე) საინფორმაციო, საკონსულტაციო-კვლევითი, საექსპერტო და სხვა სახის საჯარო და კერძო მომსახურებით მიღებული შემოსავლები; ვ) საქველმოქმედო შემოწირულობები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის №04/18068 გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 20 თებერვლის განმარტებით, უშუალოდ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, ამიტომ მასში დასაქმებულ პირებზე ვერ გავრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის პერიოდში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა და არც დღეის მდგომარეობით გააჩნია საკანონმდებლო ნორმა, რაც მას მისცემდა შეწყვეტილი კომპენსაციის აღდგენის შესაძლებლობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადასტურებს სადავო აქტების დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე ვერ აბათილებს აქტების დასაბუთებას წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტებით. სასამართლოს მოსაზრებით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან თ. ლ-ისთვის სახელწიფო კომპენსაციის აღდგენის დავალების თაობაზე, სასამართლოს მითითებით, წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის თანამდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამიად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, შეუძლებელია სახელმწიფო ორგანიზაცია, სამამულო სამხედრო მეცნიერების ფლაგმანი, რომელიც შექმნილია პრეზიდენტის მიერ სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ორი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის („დელტას“ და „სხივის“) ბაზაზე პროფილის შენარჩუნებით და რომელიც ახორციელებს სამეცნიერო, კვლევით, საცდელ და საკონსტრუქტორო სამუშაოებს ახალი ტიპის ტექნიკის შესაქმნელად, არ წარმოადგენდეს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო დაწესებულებას. კასატორის მითითებით, კანონში არ არის ტერმინ „სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების“ განმარტება, ამდენად, კანონი არ ადგენს იმ აუცილებელი პარამეტრების ნუსხას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება იმისათვის, რომ ეწოდოს „სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება“. შესაბამისად, თუ დაწესებულება აკმაყოფილებს მთავარ პარამეტრებს, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისთვის (დაფუძნებულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ახალი ტექნოლოგიების შექმნა, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება, სამეცნიერო საბჭოს ფუნქციონირება), ასეთი დაწესებულება წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებუელბას. პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულება და „დელტას“ დებულება აბსოლუტურად საკმარისია „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო დაწესებულებად მიჩნევისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2015 წლის 4 ივნისს, 13:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თ. ლ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა უშიშროების ხაზით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით. ამასთან, თ. ლ-ე 2010 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 27 ნოემბერს ტერიტორიულ ერთეულებს გაუგზავნა №04/105912 მიმართვა და მიაწოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია. ამასთან, განუმარტა, რომ დანართი №1-ში მითითებულ დაწესებულებებში (აღნიშნულ დანართში სხვა დაწესებულებებთან ერთად მითითებული იყო სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“) დასაქმებულ პირებს უნდა შეწყვეტოდათ სახელმწიფო გასაცემელი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ეს საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო შეუწყდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია. თ. ლ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის №04/18068 გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა კანონიერად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. თ. ლ-ეს სწორედ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით შეუწყდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრას საჯარო საქმიანობის ცნებას, რომლის თანახმად (2013 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებ ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამდენად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და არ ქმნის კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველს.
შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს ახორციელებს თუ არა თ. ლ-ე საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა დადგინდეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ - სადაც ამჟამად მუშაობს თ. ლ-ე – წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. მოცემული დავის საგანს სწორედ „დელტას“ საქმიანობის ფორმა და მისი პროფილი იწვევს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული ორგანოები, ისევე როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ, რომ „დელტა“ არ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, თუმცა ვერ გამორიცხავენ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას; გადაწყვეტილებას თ. ლ-ის მოთხოვნის არდაკმაყოფილებასთან დაკავშირებით აფუძნებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილს და მსჯელობის მიღმა ტოვებენ სადავო სამართალურთიერთობის სწორად გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს - „დელტას“ შექმნის საფუძვლებს, მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას და მის პროფილს.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შექმნის შესახებ საქართევლოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის №394 ბრძანებულებაზე, რომლის თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების შემუშავება და დამტკიცება დაევალა (ს.ფ. 24). აღნიშნული ბრძანებულება ხაზს უსვამს „დელტას“ შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტურუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით შეიქმნა.
ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის №1120 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება (თ. ლ-ისთვის კომპენსაციის შეწყვეტის დროს მოქმედი), რომლითაც განსაზღვრულია ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი. დებულების მიხედვით, ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სხვადასხვა იარაღისა და მასალების შექმნა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს. მაგალითისათვის, მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ასევე, „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ახალი ტექნიკის შექმნის საკითხებში შეიმუშავებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს სათანადო უწყებებთან ერთად; „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ამტკიცებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს, გეგმებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე; „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ატარებს ცენტრში შექმნილი და დამზადებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პროდუქციის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებს, მონაწილეობს მათ სახელმწიფო გამოცდებში, ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაზე და ახორციელებს სერიულ წარმოებაში დანერგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ხოლო „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა), მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ცენტრთან სათათბირო ორგანოს სტატუსით, მოქმედებს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომლის წევრები არიან ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.
ამდენად, „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
საყურადღებოა, რომ „დელტას“ იგივე მიზნებს, ამოცანებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 10 სექტემბრის №1-1/247 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულებები. შესაბამისად, დაფუძნების დღიდან დღემდე (როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ყოფნის დროს) „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი ვერ შეცვლის პრეზიდენტის ბრძანებულებითა და თავად „დელტას“ დებულებით განსაზღვრულ „დელტას“ მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებას, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 20 თებერვლის წერილის (რომელიც თ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა) შინაარსზე, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას. თუმცა, ამავე წერილში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა, რომ მის კომპეტენციას სცილდება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსის განსაზღვრა (ს.ფ. 151). შესაბამისად, არც თავდაცვის სამინისტროს წერილი გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
ასევე აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე „დელტა“ არ იყო მოწვეული, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილია „დელტას“ გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2014 წლის 31 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარსადგენად გაცემული ცნობა, რომელიც ეძლევა თ. ლ-ეს მასზედ, რომ იგი 24.09.2010 წლიდან დღემდე ნამდვილად მუშაობს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მომსახურებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პროდუქტების მიწოდების შემდგომი მომსახურების სამმართველოში ექსპერტად. ამასთან, ცნობაში აღნიშნულია, რომ სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს (ს.ფ. 17).
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა თ. ლ-ისთვის კუთვნილი კომპენსაციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, თ. ლ-ე, რომელიც ექსპერტად მუშაობს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის №04/18068 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს უნდა დაევალოს თ. ლ-ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის №04/18068 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თ. ლ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია 2004 წლის 22 ნოემბრიდან დანიშნული ჰქონდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (ს.ფ. 15-16). ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 22 ნოემბრის ცნობის თანახმად, თ. ლ-ე აღრიცხვაზე იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში, უშიშროების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, როგორც შშმპ მნიშვნელოვანი (მე-2 ჯგ), თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, თანხით 440.91 ლარი (ს.ფ. 13).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თ. ლ-ისთვის კომპენსაციის აღდგენასთან ერთად საყურადღებოა კომპენსაციის გაანგარიშება და მისი ოდენობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრებას, სადაც იგი მიუთითებს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე ხელახლა უფლების მოპოვების შემთხვევაში თ. ლ-ის სახელმწიფო გასაცემლის გაანგარიშება ვერ განხორციელდება გაუქმებული ნორმებით და კომპენსაციის შეწყვეტამდე არსებული ოდენობით. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს კომპენსაციის მიღებაზე ხელახლა უფლების მოპოვების შემთხვევა, თ. ლ-ემ უფლება კომპენსაციაზე სწორედ ძველი წესით მოიპოვა და მას კომპენსაციის მიღების უფლება არ დაუკარგავს. კასატორიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი ითხოვს კომპენსაციის აღდგენას და არა დანიშვნას. ამასთან, მართალია, კომპენსაციის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი საჯარო საქმიანობის განხორციელებას განსაზღვრავს, თუმცა საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპენსაციის შეწყვეტა თავისი არსით კომპენსაციის შეჩერებას გულისხმობს, შესაბამისად, მოსარჩელე იმ უფლებებში უნდა აღდგეს, რაც მას უკვე მოპოვებული ჰქონდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. უფლება კომპენსაციაზე მოსარჩელეს შენარჩუნებული ჰქონდა და „დელტას“ საქმიანობის ხასიათის მიუხედავად მას უფლება ჰქონდა ესარგებლა არჩევანით - კომპენსაცია ან სამსახური. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრების გაზიარების პირობებში, უკანონოდ შეწყვეტილი კომპენსაციის აღდგენის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი ხდება პირის უფლებებში აღდგენა, რაც შექმნის კომპენსაციის უკანონოდ შემცირების პრეცენდენტს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებზე, კერძოდ, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდა შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა, ხოლო მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას; 37-ე მუხლის თანახმად კი ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.
შესაბამისად, თ. ლ-ეს, რომელიც წლების განმავლობაში იღებდა უშიშროების ხაზით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო კომპენსაციას 440.91 ლარის ოდენობით, კომპენსაცია იმ ოდენობით უნდა აღუდგეს რაც მას უკვე მოპოვებული ჰქონდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის №04/18068 გადაწყვეტილება;
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს თ. ლ-ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე