Facebook Twitter

#ბს-223-219(კს-15) 9 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 25 აპრილს მ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 27 მარტის №1-1/84 ბრძანების, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე 2010 წლის 9 დეკემბრის №05/2513 და 2012 წლის 7 თებერვლის №05/2773 და №05/2800 მიმართვების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 27 მარტის №1-1/84 ბრძანება, მ. გ-ისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 9 დეკემბრის №05/2513 მიმართვის ნაწილობრივ ( 29.59 კვ.მ ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 9 დეკემბრის №05/2513 მიმართვა ქ. თბილისი, ... ქუჩა №8-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ 29.59 კვ.მ ნაწილში;სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კნონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ-ესთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ დღის მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მ. გ-ეს და მის წარმოამდგენელს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი მ. გ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 31 დეკემბერს. ხოლო მის წარმომადგენელს 2015 წლის 6 იანვარს. სასამართლომ მიუთითა, რომ შეტყობინების დასტურზე გზავნილის მიმღები პირის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ასევე შტრიხული სახით; გარკვევითაა მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი და ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისის წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვლისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბერს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2015 წლის 1 იანვარს, რომელიც დასრულდა 2015 წლის 14 იანვარს, 24 საათზე. ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულს საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მ. გ-ემ შეიტანა 2015 წლის 30 იანვარს. აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მ. გ-ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე მსჯელობის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, როდესაც ჩაბარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები, მაშინ გადაწყვიტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული სააპელაციო საჩივრების (გზავნილის) ჩაბარების თარიღიდან 10 დღის ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ფაქტი და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაცულობის ფაქტი. ამასთანავე კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლში წარმოადგინა არა სააპელაციო საჩივარი 14 დღიანი გასაჩივრების ვადის პირობებში, არამედ შეგებებული სააპელაციო საჩივარი 10 დღიან ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც ჩაბარდა გზავნილი. ამასთანავე სააპელაციოს საჩივარზე აღნიშნული იყო, რომ საჩივარი იყო შეგებებული, თუმცა სასამართლომ არ იმსჯელა წარმოდგენილ საჩივარზე, როგორც შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე.

საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით მ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის საფუძველზე და მხარე სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ითხოვდა სააპელაციო საჩივრის განხილვას.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ასლები ჩაბარდა 2015 წლის 24 იანვარს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2015 წლის 25 იანვარს, რომელიც დასრულდა 2015 წლის 3 თებერვალს, 24 საათზე. ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულს საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მ. გ-ემ შეიტანა 2015 წლის 30 იანვარს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცულობის და საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, არამედ 379-ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ვადის გაცდენის მოტივით მ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები, რის გამოც საქმე ზემოაღნიშნული მითითებების გავალისწინებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. საქმე შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე