Facebook Twitter

საქმე #ვ-1060-3(ა-15) 3 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. ჟ-ას განცხადების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დასაშვებობის საკითხი.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ივლისის განჩინება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი; ი. ა. ჟ-ის სახელზე 1989 წლის 21 მარტს გაცემული ორდერი ჩაითვალა ძალადაკარგულად; ს. ა-ი გამოსახლდა ქ. ბათუმში, ... ქ. #94-ში მდებარე #36 ბინიდან.

2015 წლის 3 ივნისს ი. ჟ-ის მეუღლემ ს. ჟ-ამ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორდერი, რომელიც საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ძალადაკარგულად, ი. ჟ-ის გარდა, გაცემული იყო მის მეუღლე ს. ჟ-ასა და ქალიშვილ ა. ჟ-აზე. საქმის განხილვაში კი მონაწილეობა არ მიუღია ს. ჟ-ას, რის გამოც განმცხადებლის განმარტებით, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ს. ჟ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამ ვადის გაგრძელება კი არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2001 წლის 20 ნოემბერს, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება კი უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2015 წლის 3 ივნისს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში მისთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ იგი მიწვეული არ იყო მოცემული საქმის განხილვაში.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმცხადებელ ს. ჟ-ას განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მას კანონით დადგენილ ვადაში არ დაუყენებია საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნა, შესაბამისად მან გაუშვა მისთვის კანონით მინიჭებული სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის ერთთვიანი ვადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვების არანაირი პირობა და იგი დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ს. ა-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი ს. ჟ-ას განცხადებისათვის - 100 (ასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 426-ე, 399-ე, 429-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ჟ-ას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 20 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად; ს. ა-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ ს. ჟ-ას განცხადებისათვის 2015 წლის 1 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე