# ვ-901-4(ა-15) 2 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართეს გ. დ-ემ, ჯ. გ-მა და გ. დ-ემ, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
შუამდგომლობის ავტორთა მითითებით, 2004 წლის 10 სექტემბერს, პროკურორის სარჩელის საფუძველზე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მათ მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხი. ჯ. გ-ს ბრალი ჰქონდა წაყენებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა ქედის რაიონის სოფელ ... არსებული საცხოვრებელი სახლისა და ერთი ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე, ჯ. გ-ს დაეკისრა კომპენსაცია 3000 ლარის ოდენობით სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით გაუმჯობესებისათვის; მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... არსებული, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და 0,07ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე, ჯ. გ-ს დაეკისრა კომპენსაცია 8000 ლარის ოდენობით სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით გაუმჯობესებისათვის; აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილდა, კერძოდ, ჯ. გ-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შემდეგი ქონება: დასასვენებელი სახლი ხულოს რაიონის კურორტ ..., ღირებული 1000 ლარად; 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ...; ავტომანქანა უაზი სახელმწიფო ნომრით ..., ღირებული 1500 ლარად; მშენებარე წვენების ქარხანა, მდებარე ქედის რაიონის სოფელ ...; ამავე გადაწყვეტილებით ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას დაექვემდებარა ჯ. გ-ის ოჯახის წევრის - გ. დ-ის სახელზე რიცხული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..., მეურნეობის ტერიტორიაზე, ღირებული 5000 ლარად; ჯ. გ-ის ახლო ნათესავის - გ. დ-ის სახელზე რიცხული მშენებარე საცხოვრებელი სახლი არასაცხოვრებელი კომერციული ფართით, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. 33-ში, ღირებული 105000 ლარად.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, ასევე გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ჯ. გ-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. გ-ისათვის ავტომანქანა უაზის (სახელმწიფო ნომრით ..., ღირებული 1500 ლარად), ქედის რაიონის სოფელ ... მშენებარე წვენების ქარხნის და გ. დ-ის სახელზე რიცხული 0,25ჰა მიწის ნაკვეთის (მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სალიბაურის მეურნეობის ტერიტორიაზე, ღირებული 5000 ლარად) ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი ჯ. გ-ისათვის ავტომანქანა უაზის (სახელმწიფო ნომრით BAM 020), ქედის რაიონის სოფელ ... მშენებარე წვენების ქარხნისა და გ. დ-ის სახელზე რიცხული, ხელვაჩაურის რაიონის სალიბაურის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 0,25ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
შუამდგომლობის ავტორთა მითითებით, უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 13 თებერვლის კანონით. მითითებული მუხლი ითვალისწინებდა მხოლოდ ბრალდებულის მიმართ ქონების ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას. ჯ. გ-ი საჯარო სამსახურში მუშაობდა 1996 წლიდან 2004 წლის 13 იანვრამდე. შესაბამისად, მისი მუშაობის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ქონების ამ გზით ჩამორთმევას არ ითვალისწინებდა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2007 წელს შეტანილი ცვლილებით, ჩამორთმევას დაექვემდებარა არა ბრალდებულის, არამედ მსჯავრდებულის ქონება. შესაბამისად, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბრალდებული პირი აღარ წარმოადგენდა დანაშაულის სუბიექტს. ჯ. გ-ი ქონების ჩამორთმევის დროისათვის არ იყო მსჯავრდებული, რის გამოც, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით უნდა გაუმჯობესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
შუამდგომლობის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2015 წლის 23 აპრილს.
ამდენად, შუამდგომლობის ავტორებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამასთან, შუამდგომლობის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, მათი შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებების გადასინჯვის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის საკითხს, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განცხადება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს განსჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში, გ. დ-ე, ჯ. გ-ი და გ. დ-ე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ. შუამდგომლობის ავტორთა მიზანს ჩამორთმეული ქონების დაბრუნება წარმოადგენს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელე - აჭარის ა/რ პროკურორს უარი ეთქვა ქედის რაიონის სოფელ ... არსებული საცხოვრებელი სახლისა და ერთი ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე, ჯ. გ-ს დაეკისრა კომპენსაცია 3000 ლარის ოდენობით სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით გაუმჯობესებისათვის; მოსარჩელე აჭარის ა/რ პროკურორს უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... არსებული, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და 0,07ჰა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე, ჯ. გ-ს დაეკისრა კომპენსაცია 8000 ლარის ოდენობით სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით გაუმჯობესებისათვის.
დაუკმაყოფილებელ მოთხოვნათა ნაწილში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგი ქონების ჩამორთმევის ნაწილში: ჯ. გ-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა: დასასვენებელი სახლი ხულოს რაიონის კურორტ ...; 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ...; ავტომანქანა უაზი სახელმწიფო ნომრით ...; მშენებარე წვენების ქარხანა, მდებარე ქედის რაიონის სოფელ ...; ამავე გადაწყვეტილებით ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას დაექვემდებარა ჯ. გ-ის ოჯახის წევრის - გ. დ-ის სახელზე რიცხული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..., მეურნეობის ტერიტორიაზე; ჯ. გ-ის ახლო ნათესავის - გ. დ-ის სახელზე რიცხული მშენებარე საცხოვრებელი სახლი არასაცხოვრებელი კომერციული ფართით, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. 33-ში. მითითებულ ნაწილში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. დ-ემ, ჯ. გ-მა და გ. დ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გ. დ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. 33-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლისა და არასაცხოვრებელი კომერციული ფართის ჩამორთმევის ნაწილში უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ჯ. გ-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. გ-ისათვის ავტომანქანა უაზის (სახელმწიფო ნომრით ...), ქედის რაიონის სოფელ ... მშენებარე წვენების ქარხნისა და გ. დ-ის სახელზე რიცხული 0,25ჰა მიწის ნაკვეთის (მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სალიბაურის მეურნეობის ტერიტორიაზე) ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ვერ იქნება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილებულა არც ერთი მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის ავტორთათვის გარკვეული ქონების ჩამორთმევის ნაწილში. საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკამაყოფილა ფიზიკურ პირთა მოთხოვნა და საქართველოს გენერალური პროკურატურის რიგი სასარჩელო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ამდენად, პროკურატურის დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა (გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის ქონების ჩამორთმევის) ნაწილში, რომლის გაუქმებასაც ითხოვენ შუამდგომლობის ავტორები, ზემდგომი ინსტანციის - საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელადაა დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობის ავტორთა მოთხოვნა ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასაც, გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შესაძლოა ეხებოდეს მხოლოდ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის მოთხოვნის განხილვის საპროცესო კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში 2005 წლის 23 ივნისის #1734-რს და 2005 წლის 25 ნოემბრის #2125-IIს ორგანული კანონებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო, ხოლო პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვა მხოლოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოთა იურისდიქციას დაექვემდებარა.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით დავები განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2007 წლის 4 ივლისის N 5198 – რს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მითითებული დავების განხილვის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სასამართლოებს აღარ აქვთ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ისინი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას დაექვემდებარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილი შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს მოთხოვნის დასაშვებობასა და საფუძვლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 421-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. დ-ის, ჯ. გ-ისა და გ. დ-ის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობის წესების დაცვით გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე