საქმე №ბს-1-1(გ-15) 23 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობამ:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა შპს „...“ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...“ 15.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნ. მ-ის სამედიცინო მომსახურების გაწევის გამო, მოპასუხისთვის 4275.00 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 19.04.2013წ. ნ. მ-ი ჰოსპიტალიზირებულ იქნა „...“, სადაც მას ჩაუტარდა მკურნალობა. პაციენტს შემოსვლისთანავე გაეწია შესაბამისი მკურნალობა (საკეისრო კვეთა). მიუხედავად სწორად ჩატარებული სამედიცინო ქმედებებისა, მდგომარეობა გართულდა, ჩამოყალიბდა პერიტონიტის სურათი. ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება გადაედოთ ოპერატიული ჩარევა და გაეგრძელებინათ კონსერვატიული მკურნალობა, რადგან ამის საშუალებას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უწყობდა ხელს. მცდელობის მიუხედავად პაციენტს 25.04.2013წ. მაინც დასჭირდა ოპერატიული ჩარევა, ხოლო 09.05.2013წ. გაწერილ იქნა ჯანმრთელ მდგომარეობაში.
სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილებაზე მითითებით მოითხოვა ლოგინობის ხანის სეფსის და საშვილოსნოს ექსტირპაციის ღირებულების ანგარიშსწორება 3000 ლარის ოდენობით (ფაქტიური ხარჯი 6247.99 ლარი). მოპასუხემ საშვილოსნოს ექსტირპაცია მიიჩნია დაგვიანებულად, რის გამოც უარი განაცხადა გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე.
საექსპერტო დასკვნებზე მითითებით, მოსარჩელე თვლის, რომ პაციენტს კლინიკაში ყოფნის დროს გაეწია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, სრულფასოვანი, დროული და ადეკვატური მომსახურება. ოპერაციის გადადებით იქმნებოდა მაღალი შანსი პაციენტისათვის საშვილოსნოს შენარჩუნების.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის პაციენტ ნ.მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მოპასუხისათვის საექსპერტო მომსახურების ღირებულების - 1275 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითებს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 30.09.13წ. შემოწმების აქტზე, რომლითაც დადგინდა, რომ პაციენტ ნ. მ-ის მკურნალობისას ადგილი ჰქონდა რიგ დარღვევებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილების 21-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად პროგრამის მიმწოდებელ - შპს „...“ დაეკისრა გაწეული სამედიცინო მომსახურების სამმაგი ოდენობის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.30.14წ. განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით გადეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რადგან პაციენტ ნ. მ-ს მკურნალობა გაეწია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აწესრიგებს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. შესაბამისად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა მთლიანად საჯარო კანონმდებლობიდან და არა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.14წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ჩაერთო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.12.14წ. განჩინებით შპს „...“ სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებას განსჯადობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და არა საჯარო სამართლებრივი ნორმებიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს შპს „...“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი.
სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპთაგანია („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი). სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი, სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმის შემადგენელი ნაწილია („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის „ბ“, „თ“, „ლ“ ქვეპუნქტები). მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა წარმოშობილია არა პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს ან პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, არამედ დავა წარმოიშვა პროექტის განმხორციელებელსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 16.2 მუხლის შესაბამისად კომპეტენტური სამსახურის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები. ამავე კანონის 21-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი განისაზღვრა საქართველოოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით, პროგრამის განმახორციელებლად დანიშნულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა ანაზღაურებაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებების საფუძველზე შექმნილი კომისიის 30.09.13წ. შემოწმების აქტის საფუძველზე, რომლითაც შესწავლილ იქნა შპს „...“ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის“ კომპონენტის ფარგლებში რამოდენიმე პაციენტისათვის, მათ შორის ნ. მ-სათვის, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის მართლზომიერება. კომისიის 30.09.13წ. შემოწმების აქტის მიხედვით შპს „...“ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება მოითხოვა ორი კოდით: საკეისრო კვეთა 082.1 (ფაქტიური ხარჯი - 1642,57 ლ., ნოზოლოგიის ღირებულება 833 ლ., სახელომწიფოს ასანაზღაურებელი - 625 ლ., თანაგადახდა პაციენტის მხრიდან - 208 ლ.) და ლოგინობის ხანის სეფსისი (ენდომეტრიტი), საშვილოსნოს ექსტირპაცია 085 (ფაქტიური ხარჯი - 6247,99 ლ., ნოზოლოგიის ღირებულება - 3000 ლ.). კომისიამ მიიჩნია, რომ პაციენტ ნ. მ-ისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრში გაწეული სამედიცინო მომსახურების გაწევისას დაირღვა სახელმწიფო პროგრამის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები, რის გამო, დაწესებულების ბიუჯეტში დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 10875 ლ. (625 ლ. სამმაგი და 3000 ლარი სამმაგი ოდენობის ჯამი). კომისიის 30.09.13წ. შემოწმების აქტი არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს და მაშასადამე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის გამოც განსახილველი სარჩელის აღძვრამდე შპს „...“ მიერ 12.03.14წ. შემოწმების აქტის მე-5 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე სასამართლო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.14წ. განჩინებით შეწყდა დაუშვებლობის გამო. რაც შეეხება განსახილველ დავას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. სააგენტო უარს აცხადებს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებით შექმნილი კომისიის შემოწმების აქტის საფუძველზე, უარის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილება, რომელიც თავის მხრივ მიღებულია „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე უარის საფუძვლად უთითებს 15.03.12წ. №92 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-9 მუხლის 21-ე პუნქტს, რომლის თანახმად „იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით“. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უარს აცხადებს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე აგრეთვე საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დებულებების საფუძველზე, რომლის თანახმად სააგენტო, როგორც პროგრამის განმახორციელებელი, ზედამხედველობის, ინსპექტირების და რევიზიის შედეგების საფუძველზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილია არ აანაზღაუროს მიმწოდებლის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარიმო სანქციაში საბოლოოდ გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ლოგინობის ხანის სეფსისი (ენდომეტრიტი) და საშვილოსნოს ექსტიპირაციის (ღირებულება 3000 ლ.) სამმაგი ოდენობა, შესაბამისად ბიუჯეტში შესატანი თანხა 9000 ლარით განისაზღვრა, რასაც შპს „...“ არ ეთანხმება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო თვლის, რომ საკეისრო კვეთიდან მე-6 დღეს წარმოებული რელაპარატომია დაგვიანებული იყო (ს.ფ. 86).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო 15.03.12წ. №92 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არის მოცემული სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი ორგანო (უზრუნველყოფს 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სააგენტოს ფუნქციათა წრეს განეკუთვნება ჯანმრთელობის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-8 და 10.2 მუხლების მიხედვით პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს) გარდა მონაწილეობს აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, რომელიც განსახილველ დავაში საქალაქო სასამართლოს 27.10.14წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად არის ჩართული. აღნიშნული შეესაბამება ხსენებული პროგრამის მე-16.4 მუხლის დებულებას იმის შესახებ, რომ დავის შემთხვევაში განხილვაში ჩართული უნდა იქნენ მიმწოდებელი, განმახორციელებელი და რეგულირების ორგანო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი ანაზღაურებაზე ემყარება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კერძოდ საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილებას, ამ დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს გამოვლენილი დარღვევებისათვის სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციების გამოყენებას პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (21-ე, 22-ე მუხ.), რაც განაპირობებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სამედიცინო ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმას.
ამდენად, სადავო ურთიერთობები გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწ.), დავის საგანი ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების დავალებას (ანაზღაურების თანხის გადახდის დაკისრებას), რაც სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების დავის საგანს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის 15.03.12წ. №92 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №7 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) 2.2 მუხლის თანახმად, მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით, მოსარჩელე შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო მომსახურების გამწევად. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სამართალურთიერთობის სამივე სუბიექტი ჩართულია სახელმწიფო მომსახურების გაწევაში, რაც განაპირობებს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის განსახილველი დავა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე