Facebook Twitter

#ბს-364-360(გ-15) 9 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მოპასუხე _ ააიპ „…“

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ააიპ „...“ მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 31 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ააიპ „...“ შორის გაფორმდა მემორანდუმი - შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და დევნილთა დასაქმების მიზნის განხორციელებისათვის ხელშეწყობას. შეთანხმების თანახმად, მხარეებს უნდა უზრუნველეყოთ ფინანსური რესურსების მოზიდვა აღნიშნული პროგრამების დასაფინანსებლად. 2013 წლის 10 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ააიპ „...“ შორის გაფორმდა გრანტის ხელშეკრულება, რომლის ძალით გრანტის გამცემმა იკისრა ვალდებულება გრანტის მიმღებისათვის გრანტის სახით გადაეცა 270 915 000 ლარი სამ ეტაპად, თითოეულ ეტაპზე 90 305 000 ლარის ოდენობით. გრანტის მიმღებმა, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება, აღნიშნული თანხა გამოეყენებინა მიზნობრივად, მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საცხოვრებელი სახლებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის, კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის მიწის ნაკვეთზე ოცდაექვსი თექვსმეტსართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის. 2013 წლის 7 ოქტომბერს ხელშეკრულების 1.1 პუნქტში შევიდა ცვლილება საგრანტო თანხის გაზრდასთან დაკავშირებით და საგრანტო თანხა განისაზღვრა 487 500 000 ლარით, ხოლო ხელშეკრულების 1.2 პუნქტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გრანტის თანხა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ დევნილთათვის საცხოვრებელი სახლებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისათვის. აღნიშნული ცვლილებით ხელშეკრულებაში დაკონკრეტდა მშენებლობის განხორციელებისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთები: ქ. თბილისი, 16 ოცდაორსართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის; ქ. თბილისი, 9 ოცდაორსართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის; ქ. ბათუმი, 9 თექვსმეტსართულიანი და 19 თერთმეტსართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ გამოყო მიწის ნაკვეთები საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისათვის. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ივლისის N700 განკარგულებით მთავრობამ მოიწონა მხარეთა შორის გაფორმებული გრანტის ხელშეკრულება. საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და გრანტის ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის 13 იანვარს გასცა N04-01/1296 საგარანტიო წერილი.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო „...“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების 1.1 და 2.1.2 პუნქტების მოთხოვნები, რაც ითვალისწინებდა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 90 დღის ვადაში პირველი ეტაპისათვის გათვალისწინებული საგრანტო თანხის გადარიცხვას. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, სამინისტრომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გასწია გარკვეული დანახარჯი, კერძოდ, ორ ობიექტზე გამოცხადდა კონკურსი, კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამინისტრომ თითოეულ ობიექტზე გაწეული სამუშაოების ორგანიზებისათვის გადაიხადა ჯამში 574000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 416-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება 488 074 000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარჩელი განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, საგნობრივი განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტის შედეგად, სარჩელი საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა კერძო სამართლის სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული იყო არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „…”, რომლის იურიდიული მისამართია - ქ. ბათუმი, … №23. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხევაში სსსკ-ს მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმე საერთო განსჯადობის წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი დავა, თავისი შინაარსით წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავას. სსსკ-ს მე-15 მუხლი ეხებოდა ტერიტორიული განსჯადობის ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ნებისმიერი სარჩელის (განცხადების) აღძვრა სასამართლოში და გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამ საერთო წესიდან გამონაკლისს წარმოადგენდა სსსკ-ს მე-16-24-ე მუხლები. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის, ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის ტერიტორიული განსჯადობის მარეგულირებელ ნორმად სწორედ სსსკ-ს მე-16 მუხლი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ადგილად ითვლება ის ადგილი, რომელიც ამ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლის თანახმად, თუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული, მაშინ უნდა ვიხელმძღვანელოთ ვალდებულებითი ურთიერთობის არსით. 2013 წლის 10 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ააიპ „...“ შორის გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების 2.1. მუხლის (გრანტის გამცემის ვალდებულება) 2.1.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი ვალდებული იყო გრანტის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წერილის, ამ მუხლის 2.2.3. პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის და ამ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გრანტის მიმღებისათვის მიწის გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, არა უმეტეს 90 დღის ვადაში გადაერიცხა ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის თანხა, გრანტის მიმღებისთვის (სამინისტრო) სახელმწიფო ხაზინაში გათვალისწინებულ, ამ ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე.

ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის ადგილსამყოფელი და შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის ადგილმდებარეობად მითითებული იყო ქალაქი თბილისი. ამასთან, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე ვალდებულებათა ურთიერთობის არსის თანახმად, გრანტის მიმღებისთვის გრანტის თანხის გადაცემის ადგილი იყო ქ. თბილისი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე მხარე სასარჩელო განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდა, რომ 2013 წლის 10 ივლისს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულებით, ხელშეკრულების შესრულების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისი, რამდენადაც საგრანტო თანხის ჩარიცხვა სამინისტროსთვის უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, რომელიც ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში და იგი იმპერატიული შინაარსის ნორმაა.

ამგვარად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული საქმე ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესი არის ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესი, რომლის მიხედვით ხდება ნებისმიერი სარჩელის (განცხადების) აღძვრა სასამართლოში და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამ საერთო წესიდან გამონაკლისებს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16-24-ე მუხლები, რომლებიც განსჯადობის საკითხებს აწესრიგებს.

სსსკ-ის მე-16 მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებული განსჯადობის წესებს, მათ შორის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელებისთვის. კერძოდ, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის, ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის ტერიტორიული განსჯადობისთვის მარეგულირებელ ნორმად სწორედ მე-16 მუხლი უნდა იქნეს გამოყენებული.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებაში, მოცემულ საქმეზე საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის განხილვისას, სასამართლომ მიუთია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ემსჯელა, სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებული სარჩელი სწორად იყო თუ არა წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლოს მითითება ითვალისწინებდა მსჯელობის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების მიღებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა აღნიშნული საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით სსსკ-ს მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობის) მიხედვით მოცემული საქმე გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არ ექვემდებარებოდა საქმე სსსკ-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რატომ არ წარმოადგენდა იგი განსაკუთრებული განსჯადობით განსახილველ შემთხვევას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის ტერიტორიული განსჯადობისთვის მარეგულირებელ ნორმად სსსკ-ს მე-16 მუხლის მეორე ნაწილი უნდა იქნეს გამოყენებული. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სარჩელის აღძვრისას, ტერიტორიული განსჯადობის ამ წესის შესაბამისად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რამდენადაც მიიჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ადგილს, ხელშეკრულების მიხედვით, ქ. თბილისი წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სსსკ-ის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებს მოსარჩელის ინტერესებს და უადვილებს მას საქმის წარმოებას სასამართლოში.

გრანტის გამცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (თანხის გადარიცხვა) უნდა შეესრულებინა გრანტის მიმღებისთვის (სამინისტრო) სახელმწიფო ხაზინაში გათვალისწინებულ, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ანგარიშზე.

ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის ადგილსამყოფელი და შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის ადგილმდებარეობად მითითებული იყო ქალაქი თბილისი. ამასთანავე, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ვალდებულებითი ურთიერთობის არსის თანახმად, გრანტის მიმღებისთვის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო) გრანტის თანხის გადაცემის ადგილი - ქ. თბილისია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხის - ააიპ „...“ მიმართ, განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე