Facebook Twitter

№ბს-349-345(უს-15) 23 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ მ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. ვ-ე

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 19 თებერვალს ლ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 24 იანვრის №109 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 13 თებერვლის №ლეგ-114 ბრძანება მანსარდის ლეგალიზების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. გ-ი და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2015 წლის 22 აპრილს მ. გ-მა განცხდებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ქ. თბილისი, ... ქ. №27-ში მდებარე ლ. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ 55.96 კვ.მ. მანსარდაზე (ს/კ ...) ყადაღის დადება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, სადავო მანსარდა ლ. ვ-ის საკუთრებაშია, რომლის ლეგალიზების კანონიერების საკითხი სწორედ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს. თუმცა, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ლ. ვ-ემ შესაძლოა გაასხვისოს ან სხვაგვარად განკარგოს სადავო მანსარდა, რაც ხელს შეუშლის მ. გ-ის ინტერესის დაცვასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 13.02.2008წ. №ლეგ-114 ბრძანებით დაკმაყოფილდა ლ. ვ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ... ქ. №27-ში უნებართვოდ დაშენებული მანსარდა და მიშენება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მიშენების ფართია 42.84 კვ.მ., ხოლო მანსარდის ფართი - 55.96 კვ.მ. ობიექტის სალეგალიზაციოდ წარდგენილ დოკუმენტებად ბრძანებაში მითითებულია: საინვენტარიზაციო გეგმა, საჯარო რეესტრის ამონაწერი №... №..., არსებული ობიექტის აზომვითი ნახაზები, ობიექტის ფოტოსურათები.

ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 13.02.2008წ. №ლეგ-114 ბრძანება მანსარდის ლეგალიზების ნაწილში სადავო გახადა მ. გ-მა. ქ. თბილისის მერიის 24.01.2014წ. №109 განკარგულებით დაკმაყოფილდა მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 13.02.2008წ. №ლეგ-114 ბრძანება მანსარდის ლეგალიზების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. ვ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია თბილისში, ... ქ. №27-ში 68 კვ.მ. ფართი 13.07.99წ. №2-651 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. უფლების რეგისტრაციის თარიღია: 06.02.08წ. ობიექტის საკადასტრო კოდია №.... ლ. ვ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია თბილისში, ... ქ. №27-ში 55.96 კვ.მ. მანსარდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 13.02.2008წ. №ლეგ-114 ბრძანების საფუძველზე. უფლების რეგისტრაციის თარიღია 04.06.09წ. ობიექტის საკადასტრო კოდია №.... ლ. ვ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია თბილისში, ... ქ. №27-ში 20.56 კვ.მ. ფართი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 13.02.2008წ. №ლეგ-114 ბრძანების საფუძველზე. უფლების რეგისტრაციის თარიღია 15.05.08წ. ობიექტის საკადასტრო კოდი №.... ლ. ვ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია თბილისში, ... ქ. №27-ში 19.04 კვ.მ. ფართი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 13.02.2008წ. №ლეგ-114 ბრძანების საფუძველზე. უფლების რეგისტრაციის თარიღია 15.05.08წ. ობიექტის საკადასტრო კოდია №....

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. საკითხს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ამ ღონისძიების სახის შესახებ წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით. უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალებაა და თუკი სარჩელის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ ემუქრება, მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. გ-ი უზრუნველყოფის სახით ყადაღის დადებას ლ. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ 55.96 კვ.მ. მანსარდაზე (მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. №27, საკადასტრო კოდით №...) ითხოვს იმ საფუძვლით, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე ლ. ვ-ემ შესაძლოა გაასხვისოს ან სხვაგვარად განკარგოს აღნიშნული მანსარდა, რაც ხელს შეუშლის განმცხადებლის ინტერესების დაცვას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკითხს იმის თაობაზე, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს თავად შუამდგომლობის ავტორი განცხადების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ვერ იქნა საკმარისად დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა რატომ გააძნელებს ან რატომ გახდის შეუძლებელს გადაწყვეტილების აღსრულებას და ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ღონისძიების გამოყენების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. განცხადება შეიცავს მხოლოდ მითითებას იმის შესახებ, თუ რატომ არის განმცხადებლის მოსაზრებით აუცილებელი ასეთი განჩინების გამოტანა, მაგრამ წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ არსებობს საშიშროება არსებული მდგომარეობის შეცვლის და განმცხადებლის უფლების რეალიზაციისათვის ხელის შეშლის ან აღსრულების გართულების თაობაზე, რაც უმთავრესი პირობაა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მისაღებად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოდ დაადასტურებს მხარე მისი გამოყენების იურიდიულ ინტერესს, აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობით შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან საერთოდ აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებას. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, გამოყენებული უნდა იქნეს თუ არა უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე. განმცხადებლის მიერ მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან შესაძლებელია მოხდეს ქონების გასხვისება, საკმარისი არ არის. სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სახეზეა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძვლებს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

საქმის მასალების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე შუამდგომლობა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ლ. ვ-ემ შესაძლებელია გაასხვისოს მანსარდა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოყენებისათვის. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის საფრთხე და განმცხადებლის კანონიერი ინტერესების შელახვა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განჩინებაზე მ. გ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს ერთმანეთს უნდა შეუპირისპიროს მხარეთა ინტერესები და შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად მიადგება თუ არა რომელიმე მხარეს ზიანი და მისი გამოუყენებლობა ხომ არ გამოიწვევს უარყოფით შედეგს, რომელიც ახალ დავის საგანს წარმოშობს. საჩივრის ავტორი არაგონივრულად და წარმოუდგენლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნას მის მიერ რისკის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო ხელოვნურ ბარიერს არ უნდა ქმნიდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს, ვინაიდან, მისმა უმოქმედობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარის კანონიერ ინტერესს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით მ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განჩინებაზე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

მ. გ-ის საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ლ. ვ-ის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რომლითაც გამოკვლეული და დადგენილი იქნება ყველა სადავო გარემოება, მათ შორის, რამდენად კანონიერად მოხდა მანსარდის ლეგალიზების ნაწილში ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 13.02.2008წ. №ლეგ-114 ბრძანების ბათილად ცნობა. შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობას ამოწმებს არა სარჩელის საფუძვლიანობის თვალსაზრისით ან კონკრეტული მოპასუხის მიმართ მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებულობისა და საფუძვლიანობის თვალსაზრისით, არამედ იმ კუთხით, რომ გარკვეული ქმედითი ღონისძიებების გაუტარებლობა შესაძლებელია შემდგომში ნეგატიურად აისახოს მოსარჩელის უფლების რეალიზაციაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებაში, ასევე საჩივარში მითითებული გარმოებები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის - განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩართული მ. გ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისი, ... ქ. №27-ში მდებარე ლ. ვ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ 55.96 კვ.მ. მანსარდაზე (ს/კ ...) ყადაღის დადება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ გარემოების დასაბუთებაზე, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას ამ ღონისძიების გაუტარებლობა. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საჩივრის ავტორის - მ. გ-ის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოსარჩელის - ლ. ვ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და მიუთითებს, რომ მ. გ-ი ვერ ასაბუთებს განსახილველი დავის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოუყენებლობა რა ზიანს აყენებს მისი ინტერესის დაცვასა და მით უფრო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის საფრთხე და საჩივრის ავტორის კანონიერი ინტერესების შელახვა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თავად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითებს, რომ მესამე პირის - მ. გ-ის მოთხოვნა მოსარჩელის - ლ. ვ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ლ. ვ-ე, ხოლო მ. გ-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მიწვევის მესამე პირია, რომლის სამართლებრივი ინტერესიც თავისი არსით მოპასუხე მხარის ინტერესს შეესაბამება, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 24 იანვრის №109 განკარგულების კანონიერება წარმოადგენს, რომლითაც მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 13 თებერვლის №ლეგ-114 ბრძანება სადავო მანსარდის ლ. ვ-ის სახელზე ლეგალიზების ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსისა და მიზნების გათვალისწინებით, აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მოსარჩელის მიმართ შეუძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის და 2015 წლის 22 აპრილის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე