საქმე ბს-206-202(კ-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 18 ივლისს ნ. ხ-მა და ლ. კ-მა განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით ნ. ხ-ისა და ლ. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქობულეთში, სოფ. ... (ზონა ..., სექტორი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ...) კ. ქ-ის საკუთრებაში რიცხულ 6512 კვ.მ. (ს/კ/ ...) ფართის მიწის ნაკვეთზე ყველა სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.
2013 წლის 29 ივლისს ნ. ხ-მა და ლ. კ-მა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის - კ. ქ-ის მიმართ და მოითხოვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვრის №4-3 საოქმო გადაწყვეტილების კ. ქ-ის ნაწილში და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კ. ქ-ის სახელზე გაცემული №15488 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და ასევე სადავო მიწაზე მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ... (ზონა ...; სექტორი - ...; კვარტალი -...; ნაკვეთი -...) თვითნებურ მფლობელებად აღიარება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ისა და ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვრის №43-ე საოქმო გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონის, სოფ. ... მდებარე, 2500 მ2 ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკველვისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა კ. ქ-ის განცხადებაზე, ქობულეთის რაიონის, სოფ. ..., მდებარე 2500 მ2 ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა და ლ. კ-მა და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვრის საოქმო გადაწყვეტილებისა და საკუთრების უფლების მოწმობის - 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ნ. ხ-ისა და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 4000 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე კ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 იანვრის №43 საოქმო გადაწყვეტილებისა და №15488 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ ნ. ხ-ის და ლ. კ-ის სარჩელის უარყოფის) ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა და ლ. კ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ხ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე კასატორებს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს - 300 (სამასი) ლარის 70 % _210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. ნ. ხ-ს (პირადი ნომერი: ...) 2015 წლის 28 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე