¹1346აპ.-08 თბილისი
19 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დმანისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განაჩენით ფ.ო-ი _ ნასამართლობის მქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტების საფუძველზე _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა და ფ. ო-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და ფ. ო-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. მასვე ქვემო ქართლის რეგიონული სატყეო სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 241 (ორას ორმოცდაერთი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა. ფ. ო-ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე _ არაერთგზის ქურდობის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 22 დეკემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ....... მცხოვრები, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი ფ. ო-ი, ამავე სოფელში მცხოვრები ვ. ა-ი და დმანისის რაიონის სოფელ ....... მცხოვრები რ. ა-ი იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი _ არაყი. საღამოს, დაახლოებით 18.00 საათზე, ფ. ო-მ, ვ. ა-მ და რ. ა-მ გადაწყვიტეს, ჩასულიყვნენ ბოლნისის რაიონის სოფელ ...... მცხოვრებ რომელიმე ოჯახში და ფარულად, ქურდობის გზით წამოეყვანათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ფ. ო-ი, ვ. ა-ი და რ. ა-ი იმავე დღეს ცხენებით, დაახლოებით 22 საათზე, ჩავიდნენ ბოლნისის რაიონის სოფელ ....... . 100 მეტრის მოშორებით მათ გააჩერეს ცხენები, რომლებიც ჩააბარეს ვ. ა-ს, ხოლო ფ. ო-მ და რ. ა-მ შეაღწიეს ტ. პ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საქონლის სადგომში, საიდანაც ფარულად, მისაკუთრების მიზნით გამოიყვანეს მისი კუთვნილი, ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და ორი სული დეკეული, რომლებიც მათ რ. ა-ის სახლში მიიყვანეს. აღნიშნული ქმედებით ფ. ო-მ, ვ. ა-მ და რ. ა-მ დაზარალებულ ტ. პ-ს მიაყენეს 3 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2008 წლის იანვრის შუა რიცხვებში (15-16 იანვარი) ფ. ო-მ განიზრახა, უკანონოდ მოეჭრა სოფელ დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ერთი ძირი წიფელი, ერთი ძირი რცხილა და ნეკერჩხალი, შემდგომ ფარულად გამოეტანა ტყიდან და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მათ. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2008 წლის იანვრის შუა რიცხვებში ფ. ო-მ ტყეში მოჭრა ზემოთ აღნიშნული ხის ჯიშები, რის შემდეგაც ისინი თავის საცხოვრებელ სახლში გადაიტანა და დააწყო ეზოში, რითაც ქვემო ქართლის რეგიონულ სატყეო სამმართველოს მიაყენა 241,40 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ.
Aაპელანტი თავისი საჩივრით ითხოვდა ფ. ო-ის მიმართ დმანისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ფ. ო-ს საქონლის ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია; ვ. ა-ის მიერ მისი მამხილებელი ჩვენების მიცემა განპირობებული იყო სხვა პირების დაფარვით, ვისთან ერთადაც ვ. ა-მ რეალურად ჩაიდინა დანაშაული და ასევე _ პირადი პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, რასაც მიაღწია კიდეც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. რაც შეეხება ბრალად შერაცხულ მეორე ეპიზოდს, მსჯავრდებულ ფ. ო-ის განმარტებით,Y 2007 წლის ნოემბერში მან აიღო ხის მოჭრის ნებართვა, მაშინვე წავიდა ტყეში, მოჭრა ხეები, მაგრამ წვიმების გამო, იქიდან გამოიტანა მოგვიანებით.
აპელანტი ასევე აყენებს ალტერნატიულ მოთხოვნას: იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფ. ო-ის ბრალდებას, უნდა გადაიხედოს დანიშნული სასჯელის სამართლიანობის საკითხი. Aაპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულს სასჯელი დანიშნული აქვს თითოეული ეპიზოდისათვის, რაც მიაჩნია არასწორად. Mმისი აზრით, ამ შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი _ არაერთგზისობა _ მოიცავს ყველა ეპიზოდს და მათი ცალ-ცალკე კვალიფიკაცია, სასჯელების ცალ-ცალკე განსაზღვრა და დანაშაულთა ერთობლიობის წესით შეჯამება არ არის სწორი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დმანისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განაჩენი ფ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ფ. ო-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ფ. ო-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. ო-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. ფ. ო-ს ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ფ. ო-ის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ფ. ო-ისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა მსჯავრდებულ ფ. ო-ის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულ ფ. ო-სათვის დაეკისრებინათ ქვემო ქართლის რეგიონული სატყეო სამმართველოს სასარგებლოდ 241 (ორას ორმოცდაერთი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება ფ. ო-ის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ქვემო ქართლის რეგიონული სატყეო სამმართველოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, ქვემო ქართლის რეგიონულ სატყეო სამმართველოს აქვს უფლება, იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ფ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება ქვემო ქართლის რეგიონული სატყეო სამმართველოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.