საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-451-444 (კ-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. მ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - შ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 თებერვალს ჯ. მ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საოქმო გადაწყვეტილების და მის საფუძველზე შ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N10102-ის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა გამოსცა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და უარი უთხრა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდ ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის წარმოდგენილი საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, ის იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა ეს გადაწყვეტილება მოსარჩელის ინტერესებში არ შედიოდა, რადგან ნახაზის შეცვლის შემთხვევაში მას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის, 168 კვ.მ.-ს ჩამოჭრა მოუწევდა.მოსარჩელის განმარტებით, მისი უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება 16.05.2003 წელს გაცემული 22/10-124 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობისა და კონფიგურაციის შესახებ. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით სადავო უძრავი ქონებაც მოსარჩელის საკუთრებაშია და ამის შესახებ შ. კ-ისთვისაც ცნობილია.
მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, 2014 წლის 10 აპრილს, საქმის ზეპირი განხილვის დროს, სასამართლომ საქმეში ჩააბა მესამე პირი - შ. კ-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 დეკემბრის N38 საოქმო გადაწყვეტილება და შ. კ-ის სახელზე გაცემული 2009 წლის 25 დეკემბრის N10102 საკუთრების მოწმობა 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. კ-ის 16 დეკემბრის განცხადებასთან დაკავშირებით სადავო 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 დეკემბრის №38 საოქმო გადაწყვეტილება და 2009 წლის 25 დეკემბრის №10102 საკუთრების მოწმობა, რომელთა საფუძველზეც შ. კ-ის საკუთრებად რეგისტრაციაში გატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 507 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს ინდივიდუალრ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. 2009 წლის 16 დეკემბერს შ. კ-ის შვილმა, ჯ. კ-ემ მოითხოვა №0823 საკუთრების მოწმობაში შესწორების შეტანა, რის საფუძველზეც კომისიამ 2007 წლის 18 დეკემბრის №6 საოქმო გადაწყვეტილებაში შ. კ-ის ნაწილში ცვლილება შეიტანა და გამოსცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2009 წლის 25 დეკემბრის №10102 საკუთრების უფლების მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილება იყო აქტში არსებითი შესწორების შეტანა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რაც საჭიროებს სრულყოფილ ადმინისტრაციულ წარმოებას და საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას ყველა იმ დაინტერესებული პირის მონაწილეობით, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს ამ აქტის გამოცემით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კომისია ვალდებული იყო დაედგინა შესწორებულ აზომვით ნახაზზე გრაფიკულად გამოსახული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა, მისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მფლობელთა და მესაკუთრეთა ვინაობა, მიეწვია ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და მიეცა მათთვის მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კომისიამ უნდა გაარკვიოს 2009 წლის 25 დეკემბრის №10102 საკუთრების უფლების მოწმობით შ. კ-ისთვის საკუთრებაში გადაცემული 507 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ჯ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ აზომვით ნახაზთან ზედდებული (გადაფარული) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ზუსტი საკადასტრო მონაცემები და ჯ. კ-ის მიერ 2009 წლის 16 დეკემბრის განცხადების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით (5.12.2008 წ. №614) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარებაზე უფლებამოსილი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ის უფლებამოსილი 2009 წლის დეკემბერში მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით ეღიარებინა ფიზიკური პირის საკუთრების უფლება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არასაკმარისია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, რამდენადაც გაურკვეველია შ. კ-ისთვის საკუთრებაში გადაცემული 507 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ჯ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზთან ზედდებული (გადაფარული) მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები (ფართობი, ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია). ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოუსმინოს დაინტერესებულ პირებს, სრულყოფილად გამოიკვლიოს გარემოებები, აზომვითი ნახაზები, ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება და ყველა გარემოების ურთიერთშეჯერებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილებაში მოცემული მოსაზრებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ის ვერ ასაბუთებს საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სამართლებრივი აქტის გამოცემას კანონმდებლობის დარღვევით.
კასატორის მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით დადგენილი წინაპირობები სახეზე არ არის, რამდენადაც მისი მომზადებისას და მიღებისას დარღვეული არ იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და აქტი გამოიცა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში გამოკვლეული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილების მიღება მოხდა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რასაც ადასტურებ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის 2009 წლის 22 დეკემბრის დათვალიერების აქტი. გარდა ამისა, ოქმში არ ფიქსირდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გააჩნდა რაიმე იურიდიული ინტერესი.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ კომისიას უნდა შეეტანა შესწორება აქტში და არ უნდა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2009 წლის 25 დეკემბრის №10102 საკუთრების უფლების მოწმობა, დაუსაბუთებელია, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა ცვლილებები სადავო ადმინისტრაციულ აქტში.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და სამართლებრივად სათანადოდ შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე