საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-452-445(კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ვ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ზ. ზ-ე, ხ. მ-ე, ი. ც-ე, მ. გ-ე, ე. პ-ი, ჯ. მ-ე, რ. ჩ-ე, გ. ს-ე (მოსარჩელეები)
მესამე პირი -ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 6 იანვარს ზ. ზ-ემ, ხ. მ-ემ, ი. ც-ემ, მ. გ-ემ, ე. პ-მა, ჯ. მ-ემ, რ. ჩ-ემ, გ. ს-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავჯდომარის 2013 წლის 3 დეკემბრის №02/2704 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ახალი აქტის გამოცემა, ქ.ბათუმში, ... ქ. №59-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 25 ნოემბრის №236 გადაწყვეტილებით ... ქ. №59-ში მდებარე მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენი ამოირიცხა საცხოვრებელი ფართიდან და შემოქმედებით სახელოსნოებად გადაეცა აჭარის ა/რ მხატვართა და არქიტექტორთა კავშირს. საცხოვრებელი სახლის სხვენში მოეწყო მანსარდული ტიპის სართული, მაღალი კეხით, რომლის სიმაღლე შეადგენს 5 მეტრს და 70 სანტიმეტრს. მოცემულ სივრცეში მოსარჩელეებმა მოაწყეს ანტრესოლის დონე, რომელიც მათზეა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული. მოსარჩელეებმა 2013 წლის 2 სექტემბერს ქალაქ ბათუმის მერიას განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულის სახურავის რეკონსტრუქციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2013 წლის 3 დეკემბერს გამოიცა №02/2704 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათი მოტხოვნის დაკმაყოფლებაზე. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს. ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის სახურავის რეკონსტრუქციის დროს არ გაიზრდებოდა მოსარჩელეების კუთვნილი ფართი და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგანი არ წარმოიშობოდა. პროექტი ითვალისწინებს ფართების ისეთ განვითარებას, რომელიც გავლენას არ ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანგობის სხვა წევრთა საერთო ქონებაზე. რეკონსტრუქცია არ ითვალისწინებს ინდივიდუალური საკუთრებაში არსებული ფართის ზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, ვინაიდან ეს ფართი წარმოადგენს ერთ მთელ მანსარდულ სართულს. საცხოვრებელი სახლი სახურავის რეკონსტრუქცია ხორციელდებოდა საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოს მხრიდან. რეკონსტრუქციით არავის ადგებოდა ზიანი. მოსარჩელეემა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა და ინჟინერ-გეოლოგის განმარტებითი ბარათი. გასაჩივრებულ აქტში ფაქტობრივად მოთხოვნილია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების არანაკლებ 2/3-ის თანხმობა, რაც ასევე არ შეესაბამება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ~ საქართველოს კანონს, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის 1-ლი პუნქტი ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა წევრთა თანხმობას. გასაჩივრებულ აქტში ასევე არასწორადაა მითითებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბ-ს ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის, ხ. მ-ის, ი. ც-ის, მ. გ-ის, ე. პ-ის, ჯ. მ-ის, რ. ჩ-ი და, გ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავჯდომარის 2013 წლის 3 დეკემბრის №02/2704 ბრძანება. ქ. ბათუმის მერიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ქალაქ ბათუმის მერიის 1999 წლის 25 ნოემბრის №236 გადაწყვეტილების თანახმად, ქ.ბათუმში, ... ქ.№59-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენი ამოირიცხა საცხოვრებელი ფართის კატეგორიიდან და შემოქმედებით სახელოსნოებად გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა და არქიტექტორთა კავშირს. საცხოვრებელი სახლის სხვენში მოეწყო მანსარდული ტიპის სართული, მაღალი კეხით, რომლის სიმაღლე იატაკიდან კეხამდე შეადგენს 5,7 მეტრს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, მოცემულ სივრცეში მოწყობილი ანტრესოლის დონე რეგისტრირებულია მოსარჩელეების საკუთრებად;
2. ზ. ზ-ე, ხ. მ-ე, ი. ც-ე, მ. გ-ე, ე. პ-ი, ჯ. მ-ე, რ. ჩ-ე, გ. ს-ე არიან ქ.ბათუმში, ... ქ. №59-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა `...~ წევრები;
3. 2013 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელეებმა №05-02/23743 განცხადებით მიმართეს ქ.ბათუმის მერიას და მოითხოვეს ქ.ბათუმში, ... ქ.№59-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულის სახურავის რეკონსტრუქციის მიზნით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა;
4. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო _ საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 03 დეკემბრის №02/2704 ბრძანებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ დაგეგმილი მშენებლობის შედეგად იზრდებოდა კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობა, ვინაიდან, ანტრესოლი, რაც მათ საკუთრებაში აქვთ რეგისტრირებული, არ შედის კ-2 კოეფიციენტის ანგარიშში, ხოლო რეკონსტრუქციის შემდგომ შედის კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში, რაც ადასტურებს, რომ იქმნება ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, დაგეგმილ მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად აუცილებელი იყო, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ყოფილიყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების საოქმო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წევრთა მინიმუმ 2/3 თანახმა იყო დაგეგმილ მშენებლობაზე, რაც მოსარჩელეებს არ გააჩნდათ;
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს №5003729114 დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისად, ქ.ბათუმში, ... ქ.№59-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდის რეკონსტრუქციის შედეგად, მანსარდის ფართობზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, არსებული მონაცემების გათვალისწინებით კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობა (საანგარიშო სიდიდე) დარჩება უცვლელად და გადაანგარიშების შემდეგ კ-2 კოეფიციენტი იქნება 2,9-მდე. ქ.ბათუმში, ... ქ. №59-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მანსარდის (ანტრესოლის მოწყობა) წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული რეკონსტრუქცია გამოიწვევს მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას და გაუტოლდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, მაგრამ არ გამოიწვევს ახალი ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის №5003729114 დასკვნით ერთმნიშვნელოვნად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, მათ საკუთრებაში არსებულ ფართზე განსახორციელებელი სახურავის რეკონსტრუქციის (ანტრესოლის მოწყობა) შედეგად არ იზრდება კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობა და რეკონსტრუქცია ახალი ინდივიდუალური საკუთრების წარმოშობას არ გამოიწვევს; ამასთან, მოსარჩელეების ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის №5002192814 დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერების მონაცემთა გათვალისწინებით, რეკონსტრუქციის შედეგად მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებული ფართობები არ შეიცვლება, რადგან პროექტი ითვალისწინებს უკვე დარეგისტრირებული ფართების (ანტრესოლი) სახურავის ამაღლებას და არა ამ ფართების ცვლილებას. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მოსარჩელეთა ფართები რეკონსტრუქციის შედეგად არ იცვლება და ახალი ინდივიდუალური საგანი არ იქმნება. მოპასუხეს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, თავისი პოზიციის დასადასტურებლად არ წარუდგენია რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მოსარჩელის მტკიცებას და ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შეფასებებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #59-ში ხორციელდებოდა ძველი სახურავის დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭიროებდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ შესათანხმებლად წარდგენილი მშენებლობის პროექტი ითვალისწინებდა მათ საკუთრებაში რიცხული ინდივიდუალური საკუთრების რეკონსტრუქციას, კერძოდ, მოსარჩელეების საკუთრებად დარეგისტრირებული ფართების (ანტრესოლის) სახურავის ამაღლებას და არა სახურავის დემონტაჟს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და „დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დებულებების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/254 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების გარეშე მიღებული.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება. კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით შეაგროვოს და შეაფასოს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განსაზღვროს, რა სახის მშენებლობაა გათვალისწინებული მოსარჩელეების მიერ შესათანხმებლად წარდგენილი პროექტით, დეტალურად უნდა იქნას გამოკვლეული რეკონსტრუქციის ტექნიკური მხარე, განსახორციელებელი მშენებლობის შედეგები, რის საფუძველზეც მოპასუხემ სამართლებრივი ანალიზი უნდა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს შესათანხმებელი პროექტით დაგეგმილი მშენებლობა ქ.ბათუმში, ... ქ.№59-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა `...~ დანარჩენი წევრების კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ბათუმის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არ შეაფასა მნიშვნელოვანი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ კ2 კოეფიციენტი არ იზრდებოდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, ეს გარემოება ვერ დგინდება. საქმეში არსებული ორი ექსპერტიზის დასკვნა ერთმანეთს არ შეესაბამება და ერთმანეთიდან არ გამომდინარეობს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელია სახურავის დემონტაჟის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე