Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-455-448 (კ-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ფ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი -აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სმაართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 13 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ფ-ემ მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 იანვრის №882010875221-09 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 27 თებერვლის №882010875221-10 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №84078 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება გამოსცეს ახალი აქტი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 14 ნოემბრის №01-10/5032 წერილის შესაბამისად, 2013 წლის 25 ნოემბერს შპს „...“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ქ. ბათუმში, ... მდებარე 224 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ს. ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 11 ნოემბერს ს. ფ-ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს №882010875221 სარეგისტრაციო განცხადებით (2792857) და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე მისთვის საკარმიდამოდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 17 ნოემბრის №882010875221-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან ზედდების გამო და

განმცხადებელს განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარსადგენად. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 დეკემბრის №882010875221-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო 2010 წლის 18 დეკემბრის №882010875221-06 გადაწყვეტილებით წარმოება კვლავ შეჩერდა. განმცხადებელს ეცნობა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან ზედდების დაფიქსირების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურმა „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-14 მუხლის 29-ე პუნქტზე მითითებით სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა უფლებამოსილი ორგანოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ზედდების მოხსნის თაობაზე პასუხის მიღებამდე. აჭარის ა./რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის 14 ნოემბრის №88201087522 წერილით სარეგისტრაციო სამსახურს აცნობა ზედდების მოხსნის თაობაზე, მაგრამ ამის მიუხედავად 2014 წლის 27 თებერვლის №882010875221-10 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თანხმობა განაცხადა ზედდების მოხსნის თაობაზე, ამასთან, მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის კანონით გათვალისწინებულ უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 1997 წლის 30 ივლისის ... სოფლის საკრებულოს გამგეობის №43 გადაწყვეტილება და ... სოფლის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 1998 წლის 27 მაისის №2 ოქმი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 იანვრის №882010875221-09, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 თებერვლის №882010875221-10 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 აპრილის №84078 გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ფ-ის განცხადებაზე, ... მდებარე 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 1997 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოსარჩელე 1990 წლიდან ... საკრებულოში აღრიცხულია ცალკე კომლად შვიდი სულის შემადგენლობით. მას გამოყოფილი არ ჰქონია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. სოფელ ..., ზღვის პირას განლაგებულ ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე შენობის საძირკველამდე განადგურებულ სათავსოს ჩაუტარა რეკონსტრუქცია და იყენებდა საცხოვრებლად; შესაბამისად გამგეობამ, იმის გათვალისწინებით, რომ ს. ფ-ეს აღნიშნული შენობის მოსაწყობად გაწეული ჰქონდა გარკვეული რაოდენობის შრომა და ხარჯი, ჰყავს მრავალშვილიანი ოჯახი, მუშაობდა კოოპერაციულ მეურნეობაში რიგით წევრად და არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, დააკმაყოფილა მოსარჩელის თხოვნა და დაუკანონა მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან გამომდინარე, რომლის მიმართ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა გააჩნია, ერთმნიშვნელოვნად დგინდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის კანონიერი უფლება, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში მას მართლზომიერ ფლობდა, ამასთან ისიც უდავოა, რომ შეუძლებელია, განყენებულად, სათანადოდ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთის გარეშე მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის განხილვა. მითითებული საცხოვრებელი სახლის მიმართ სახელმწიფოს რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის შემთხვევაში, რისი შეფასებაც საჯარო რეესტრის პრეროგატივაა, თანხმობას აცხადებს მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვაზე.

ამ გარემოებბეის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისა და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის არამართლზომიერ მფლობელად და წარდგენილი დოკუმენტების საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად (მაგ. ნორმის დანაწესში მითითებული ,,სხვა დოკუმენტი’’) განუხილველობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორების განმარტებით, სასამართლომ შეაფასა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 14 ნოემბრის №01-10/5032 წერილი. სასამართლოს საერთოდ არ უნდა შეეფასებინა ეს წერილი, ვინაიდან ს. ფ-ის №882010875221 განაცხადის საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შედეგად სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას და საკადასტრო აზომვითი კორექტირებული ელექტრონული და ქაღალდის ვერსია. „სააჯარო რეესტრის“ შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 29-ე პუნქტი ისეთ შემთხვევებში ითვალისწინებს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოსათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით მიმართვის ვალდებულებას, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოცემულ შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი ს. ფ-ეს სარეგისტრაციო სამსახურში არ წარუდგენია.

კასატორების მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება განიმარტება, როგორც უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. კასატორმა ასევე მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება; კასატორებს დაუბრუნდეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 09.07.2015 წელს N19037 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70%- 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე