Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-456-449 (2კ-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - 1. ე. ფ-ე, 2. აჭარის ა/რ მთავრობა

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

გასაჩივრებული განჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 23 ივნისს ე. ფ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, ასევე აჭარის ა/რ მთავრობის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა ლიკვიდირებული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების-ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მოპასუხეების აღიარება, ე. ფ-ისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სარჩოს გაცემის საკითხში.

მოსარჩელის განმარტებით, ე. ფ-ემ 2003 წლის 29 ნოემბერს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში მუშაობისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც დაუდგინდა მუდმივი, ანუ უვადო შრომისუუნარობა. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის 2009 წლის 30 ოქტომბრის №57 ბრძანების საფუძველზე დაენიშნა სარჩო შრომის ანაზღაურების 70%, ხოლო 2012 წლის 13 აგვისტოს №99 ბრძანების თანახმად, სარჩოს ოდენობა განესაზღვრა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის შრომის ანაზღაურების (790 ლარის) 70%-ით. ის ასევე ღებულობდა სამკურნალო ხარჯებს, შესაბამისი პროპორციული გაანგარიშების საფუძველზე. ე. ფ-ე, როგორც დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის კონსულტანტი, შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად იღებდა 237 ლარს და უნაზღაურდებოდა მკურნალობის ხარჯები. აჭარის ა.რ. მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებით 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა.რ. მთავრობისსაქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი, თუმცა დადგენილებით არ ყოფილა განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის საკითხი. დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ დეპარტამენტის ბალანსზე არსებული მთლიანი ქონება აჭარის ა.რ. მთავრობის მიერ გადაეცა ახლად შექმნილ, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღიარებული იქნა ლიკვიდირებული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, ე. ფ-ისათვის სარჩოს ოდენობის ხელახალი განსაზღვრისა და მისი უვადოდ გაცემის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის №57 ბრძანებითა და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13

აგვისტოს ბრძანებით განსაზღვრული, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელისათვის სარჩოს გაცემაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ე. ფ-ემ და აჭარის ა.რ. მთავრობამ გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. ფ-ისა და აჭარის ა.რ. მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტს 2009 წლის 30 ოქტომბრის №57 ბრძანების და 2012 წლის 13 აგვისტოს №99 ბრძანების საფუძველზე ნაკისრი ჰქონდა ე. ფ-ისათვის საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების კომპენსაციის და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი წარმოადგენდა აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, ანუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფდა ამ საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამართლის, ისევე როგორც კერძო სამართლის, სუბიექტების ლიკვიდაცია არის მისი არსებობის, საქმიანობის, შეწყვეტის სამართლებრივი ფორმა, საშუალება. უფლებამონაცვლეობის დროს უფლებები და მოვალეობები, როგორც წესი, უფლებამონაცვლეს გადაეცემა იმავე სახით, რა სახითაც ის ეკისრებოდა უფლებრივ წინამორბედს; ამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ სამართლებრივ აქტში მისი სამართალმემკვიდრის განსაზღვრა, ხოლო ასეთის არარსებობისას, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

რაც შეეხება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ლიკვიდირებული აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო შეიქმნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 12 ივლისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად. ამავე კანონის 351 მუხლით განსაზღვრული იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი, რომლის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო იქმნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, შესაბამისად ცალსახაა, რომ იგი ვერ განიხილება აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფლებამონაცვლედ მხოლოდ იმის გამო, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის გადაწყვეტილებით სარგებლობს მის კუთვნილებაში რიცხული ქონებით და ასევე ეწევა იმავე საქმიანობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ფ-ემ და აჭარის ა.რ. მთავრობამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

ე. ფ-ე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ლიკვიდირებული აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებას და აღნიშნავს, რომ ლიკვიდაციის შესახებ აქტი მიღებულია მისი მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, უნდა მომხდარიყო დაწესებულების რეორგანიზაცია და დადგენილიყო უფლებამოანცვლე.

აჭარის ა.რ. მთავრობა ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით: 2013 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებით არ განხილულა ლიკვიდირებული დაწესებულების უფლებამონაცვლეობის საკითხი და არ ყოფილა განსაზღვრული სამართალმემკვიდრე ე. ფ-ისათვის სარჩოს ანაზღაურებასთან მიმართებაში. აღნიშნული დადგენილების გამოცემასთან დაკავშირებით ჩასატარებელი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობილი იყო საჯაროდ, თუმცა ე. ფ-ეს არ მიუმართავს თავისი მოთხონით. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ” კანონით არ არის მოწესრიგებული საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაციისას უფლებამონაცვლეობის განსაზღვრის საკითხი. სასამართლომ ვერ დაასაბუთა აჭარის ა.რ. მთავრობის უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხი, მაშინ, როდესაც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო იგივე ფუნცია-მოვალეობებს ახორციელებდა და სარგებლობდა ლიკვიდირებული დაწესებულების ქონებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებებით ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ფ-ისა და აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე