Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-457-450 (კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 20 ივნისს შპს “...” დირექტორმა რ. დ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,...“ დაჯარიმების თაობაზე’’ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №130 დადგენილების და მითითებულ დადგენილებაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით მისი უარყოფის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 27 მაისის №278 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, შპს ,,...“ ქალაქ ბათუმში, ... ქ. N94-ში აშენებს მრავალსართულიან და მრავალფუნქციურ სახლს. მოსარჩელემ 2013 წლის 20 აგვისტოს და 2013 წლის 5 სექტემბერს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა სახლის მშენებლობის ეტაპების (მოსამზადებელი სამუშაოების) დასრულების დამადასტურებელი ოქმი, ასევე მშენებლობის ეტაპების: შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვის და ძირითადი ღერძების დაფიქსირების, შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოების, შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის და საძირკვლის მოწყობის სამუშაოების დასრულების ოქმები, თუმცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ რეგისტრაციაში გატარდა მხოლოდ სახლის მშენებლობის ეტაპის (მოსამზადებელი სამუშაოების) დასრულების დამადასტურებელი ოქმები, ხოლო მშენებლობის ეტაპების დასრულების დამადასტურებელი სხვა დანარჩენი ოქმები ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრაციაში არ იქნა გატარებული. 2014 წლის 29 იანვარს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, სადაც მითითებული იქნა მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები, რომელიც რეგისტრაციაში არ იქნა გატარებული. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 4 თებერვლის N25/619 წერილით ეცნობა, რომ 2014 წლის 28 იანვარს წარდგენილი მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის რეგისტრაციაში გატარებაზე ეთქვა უარი სანებართვო პირობებით განსაზღვრული წინსწრები ეტაპების რეგისტრაციაში გაუტარებლობაზე მითითებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...” დირექტორ რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “...” დირექტორ რ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №130 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს “...” დაჯარიმების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 27 მაისის №278 ბრძანება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №130 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე შპს “...” დირექტორ რ. დ-ის 2014 წლის 24 მარტის №5588/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა ქ. ბათუმის მერიას (ზედამხედველობის სამსახურს) კანონით დადგენილ ვადაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს “...” მიმართ 2014 წლის 29 იანვარს შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება; დანარჩენ ნაწილში შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

ქალაქ ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანებით, ქ. ბათუმში, ... ქ. N94-ში მდებარე 1936 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...) საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ე...“ სახელზე გაიცა მშენებლობის N000646 ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 თებერვლამდე. ამავე ბრძანებით, განისაზღვრა მშენებლობის მოსამზადებელი რიგის სამუშაოების შემდეგი ეტაპები: ა) დაკვალვა, ბ) ფუძის მოწყობა, გ)ნულოვანი ციკლის დასრულება, დ) გადახურვის მოწყობა, ე) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ვ) ყოველი მე-5 სართულის დასრულება, თ) კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება;

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 14 აგვისტოს N02/1621 ბრძანებით, ამხანაგობა ,,ე...“-ის და შპს ,,...“ განცხადება მშენებლობის სანებართვო მოწმობის გადაფორმების შესახებ დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმში, ... ქ. N94-ში მდებარე 1936 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამკვეთად ნაცვლად ამხანაგობა ,,ე...“ განისაზღვრა შპს ,,...“. შეთანხმებული იქნა არქიტექტურულ პროექტში ცვლილებები და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 3 დეკემბრის N02/2634 ბრძანებით შპს ,,...“ სახელზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გაიცა ახალი №000771 მშენებლობის ნებართვა;

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 14 აგვისტოს N02/1621 ბრძანებით, განისაზღვრა მშენებლობის მოსამზადებელი რიგის შემდეგი სამუშაოები და ეტაპები: ა) პირველი რიგი - მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები: ა.ა) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზირებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან; ა.ბ) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; ბ) მე-2 რიგი - მშენებლობის განხორციელების ძირითადი სამუშაოები: ბ.ა) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები, ბ.ბ) შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები, ბ.გ) შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე, ბ.ე)შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მაქსიმუმ ყოველ 7 მეტრ სიმაღლეზე (სართულების შემთხვევაში სართულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა, ბ.ვ) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა, ბ.ზ) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა, ბ.თ) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა, ბ.კ) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ბ.ლ) კეთილმოწყობის სამუშაოები (იხ.ბრძანება №278-ტომი 1, ს.ფ. 18-25);

შპს ,,...“ დირექტორმა 2013 წლის 20 აგვისტოს და 2013 წლის 5 სექტემბერს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარადგინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ეტაპის (მოსამზადებელი სამუშაოების) დასრულების დამადასტურებელი ოქმი, ასევე მშენებლობის ეტაპების: შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვის და ძირითადი ღერძების დაფიქსირების, შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოების, შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის და საძირკვლის მოწყობის სამუშაოების დასრულების ოქმები. ასევე წარადგინა მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმები;

შპს ,,...“ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 16 სექტემბრის წერილით ეცნობა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. N94-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ეტაპის (მოსამზადებელი სამუშაოების) დასრულების დამადასტურებელი ოქმი გატარდა რეგისტრაციაში, ხოლო მშენებლობის ეტაპები: შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვის და ძირითადი ღერძების დაფიქსირების, შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოების, შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები ჩაითვალა ნაწილობრივ შესრულებულად, რის გამოც აღნიშნული ეტაპების რეგისტრაციაზე ეთქვა უარი (იხ.წერილი-ტომი 1, ს.ფ.209);

2014 წლის 29 იანვარს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, შპს ,,...“ მიერ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლზე მოწყობილია 11 სართულის მზიდი კონსტრუქცია და რეგისტრაციაში არ არის გატარებული მშენებლობის ეტაპები, კერძოდ, ა.ბ) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვის და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; ბ.ა) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები; ბ.ბ) შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; ბ.გ) შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; ბ.ე)შენობა-ნაგებობის +0,00 ნიშნულიდან +8,16 ნიშნულამდე, +8,16 ნიშნულიდან +14,96 ნიშნულამდე და +14,96 ნიშნულიდან +21,42 ნიშნულამდე ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა (იხ.აქტი-ტომი 1, ს.ფ.29);

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 10 მარტს მიღებული იქნა დადგენილება №130 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,...“ დაჯარიმების თაობაზე’’, რომლის თანახმად ქ.ბათუმში, ... ქ. N94-ში, შპს ,,...“ სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის გამო დაჯარიმდა: შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება - 1000 ლარით; შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები - 1000 ლარით; შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები - 1000 ლარით; შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები - 1000 ლარით; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე - 1000 ლარით; შენობა-ნაგებობის +0,00 ნიშნულიდან + 8,16 ნიშნულამდე - 1000 ლარით, +8,16 ნიშნულიდან +14,96 ნიშნულამდე - 1000 ლარით და +14,96 ნიშნულიდან +21,42 ნიშნულამდე - 1000 ლარით, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა. ჯამში - 8000 ლარი. ამასთან, შპს ,,...“ დაევალა მშენებლობის წარმოების ეტაპების წარდგენა, კერძოდ, ა.ბ) შენობა- ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; ბ.ა) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები; ბ.ბ) შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; ბ.გ) შენობა-ნაგებობისსაძირკვლის მოწყობის სამუშაოები; ბ. დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობაშენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; ბ.ე) შენობა-ნაგებობის +0,00 ნიშნულიდან +8,16 ნიშნულამდე, +8,16 ნიშნულიდან +14,96 ნიშნულამდე, +14,96 ნიშნულიდან +21,42 ნიშნულამდე ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობის დასრულების საექსპერტო შეფასებები (იხ.დადგენილება-ტომი 1, ს.ფ.15-17);

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №130 დადგენილება, 2014 წლის 24 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...“ დირექტორმა რ. დ-ემ. ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 27 მაისის №278 ბრძანებით შპს ,,...“ დირექტორის რ. დ-ის საჩივარი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 10 მარტის №130 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით (იხ.ბრძანება-ტომი 1, ს.ფ.18-25).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით

გათვალისწინებულ სამარტალდამრღვევად შპს ,,...“ სწორედ სანებართვო მოწმობაში მითითებული მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის შესაბამის სამსახურში დროულად წარდგენისათვის დაჯარიმდა თითოეულ ეტაპზე 1000 ლარით, ხოლო ჯამში 8000 ლარით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. N94-ში შპს ,,...“ მიერ განხორციელებული მშენებლობა მე-4 კლასის მშენებლობაა. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, როგორც სანებართვო პირობა, სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, რაც საქმის მასალების მიხედვით დაცულია; კერძოდ საქმეში მოსათვსებულია შესაბამის ეტაპებზე შესრულებულ სამუშაოთა აქტები და მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების ოქმები, რომელთა შედგენასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, IV კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს. მხოლოდ ამ ორგანოებში რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული, სამსახურების მიერ, რა გარემოებებიც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია, ანუ არ დაუდგენია ხომ არ იყო სახეზე ამ ნორმაში მოცემული რომელიმე პირობა და შესაბამისად ხომ არ არსებობდა მოცემულ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელების გამომრიცხველი გარემოება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილებით, ამ დროს მოქმედი №000646 მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სანებართვო პირობები გაავრცელა მის გამოცემამდე არსებულ ურთიერთობაზე, მაშინ, როდესაც ამ პერიოდში სულ სხვა მშნებლობის ნებართვით განსაზღვრული პირობები იყო გათვალისწინებული. ასევე გაურკვეველია, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 16 სექტემბრის წერილში მითითებული პასუხი მშენებლობის ცალკეული ეტაპების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ როდესაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხოლოდ შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის შემდეგ არის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი იურიდიული ძალის

მქონე დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს ამ ორგანოს კანცელარიაში მის რეგისტრაციას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაჯარიმება არ ვრცელდება იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე. ეს ნორმა მოცემულ ურთიერთობას საერთოდ არ ეხება. პირველ რიგში უნდა არსებობდეს საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა, ასევე უნდა არსებობდეს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უნდა ზედამხედველობდეს სამშენებლო პროცესს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე