საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-467-460 (კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მესამე პირი -ფ. დ-ე
წარმომადგენელი - რ. ხ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 19 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 5 მარტის №09 საოქმო გადაწყვეტილების (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... (...) მდებარე 2485 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფ. დ-ის საკუთრებად აღიარების ნაწილში), ასევე 2010 წლის 1 აპრილის №110 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2010 წლის 5 მარტის №9 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარა ფ. დ-ის საკუთრების უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 2485 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 2010 წლის 1 აპრილს გასცა №110 საკუთრების უფლების მოწმობა. საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ფ. დ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების დროს დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ფ. დ-ეს საკუთრების უფლება უღიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილ, სოფელ ... მდებარე 2485 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 5 მარტის №09 საოქმო გადაწყვეტილება და 2010 წლის 1 აპრილს გაცემული №110 საკუთრების უფლების მოწმობა. ამასთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ფ. დ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და და ფ. დ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1. 2009 წლის 12 ნოემბერს ფ. დ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოითხოვა სოფელ ... (...) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა: ფ. დ-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; მ. დ-ის, ჯ. გ-ისა და ზ. ფ-ის 2009 წლის 11 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 15 ოქტომბრის ინფორმაცია გადაფარვასთან დაკავშირებით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2009 წლის 28 ოქტომბრის №199/დ საარქივო ცნობა; შპს „...“ მიერ 2009 წლის 2 ნოემბერს შედგენილი სოფელ ... (...) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2485 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 15 იანვარს ფ. დ-ის სახელზე გაცემული, სოფელ ... მდებარე 0,334 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოწმობა №5971; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დათვალიერების აქტის თანახმად, ფ. დ-ის განცხადების შემოწმების მიზნით შესწავლილი იქნა სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი და ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ემიჯნებოდა განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ძირითადად დაკავებული იყო ციტრუსით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას და ფ. დ-ეს გაუგზავნა შეტყობინება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის, 109,34 ლარის, გადახდის ვალდებულების თაობაზე;
2. 2010 წლის 31 მარტს ფ. დ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და საკუთრების უფლების აღიარების საფასურის, 109,34 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარუდგინა (საგადახდო დავალება №5006862792);
3. 2010 წლის 1 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ფ. დ-ის სახელზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა;
4. 2013 წლის 3 აპრილს ფ. დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფ. დ-ის 2013 წლის 3 აპრილის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების გამო;
6. 2010 წლის 27 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2010 წლის 27 იანვრიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 20821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეა სახელმწიფო. რეგისტრაციის საფუძველია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-22/156 13.01.2010წ მიმართვა;
7. 2010 წლის 15 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2010 წლის 15 აპრილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 20821.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. რეგისტრაციის საფუძველია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №01-22/1355, 01.04.2010 წ. მიმართვა;
8. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №191 განკარგულებით და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის 2010 წლის 25 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა 160 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 20821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 1 აპრილის №110 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ფ. დ-ის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთი ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, ფართობით მასზე ნაკლები მიწის ნაკვეთია, რომელზედაც ციტრუსია გაშენებული. უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაინტერესებულმა პირმა, ფ. დ-ემ კომისიას განცხადებით მიმართა 2009 წლის 12 ნოემბერს, რა დროსაც სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში არავინ ყოფილა რეგისტრირებული. სახელმწიფო მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2010 წლის 27 იანვრიდან. საქმის არსს ვერ შეცვლის სადავო მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტიც, ვინაიდან აღნიშნულ რეგისტრაციამდე (15.04.2010 წ.) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2010 წლის 1 აპრილის №110 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემით დაასრულა ფ. დ-ის განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება და აღიარა კერძო პირის საკუთრების უფლება სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 12 აპრილის №61210 წერილზე თანდართული დოკუმენტებით და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე საკუთრების უფლება უღიარა ფ. დ-ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ... (ორთაბათუმი) მდებარე 2485 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 2010 წლის 1 აპრილს გადასცა №110 საკუთრების უფლების მოწმობა. ხელვაჩაურის რაიონში სოფელ ... მდებარე 20821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თავდაპირველად სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 13 იანვრის №01-22/156 მიმართვის საფუძველზე (ს/კ ...), შემდეგ კი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №191 განკარგულების საფუძველზე, იგი გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, რასთან დაკავშირებითაც 2010 წლის 25 მარტს გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 01 აპრილის №01-22/1355 მიმართვის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონში სოფელ ... მდებარე 20 821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ფ. დ-ეს საკუთრების უფლება უღიარა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №191 განკარგულების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უკვე გადაცემულ მიწის ნაკვეთზე. აპელანტის განმარტებით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით - საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს, ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს მთავრობის თავმჯდომარე. კანონმდებლობის შესაბამისად ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმებით გადაცემის დებულებებს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. ე.ი ზემოთ აღნიშნული კანონი განსაზღვრავს თუ რა წესით დაიშვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება. აღნიშნულ კანონი არ ითვალისწინებს ქონების სხვა ფორმით განკერძოებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე