საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-471-464 (კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი -ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 04 აგვისტოს რ. შ-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 სექტემბრის №02/1886 ბრძანების და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ ბათუმის მერიის დავალდებულება ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის გამოყოფა ქალაქ ბათუმში, ცენტრალური ზონის მე-2 ქვეზონაში.
მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის N54 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში, ... გამზირი N61-ის მაცხოვრებლებს 1992 წელს გამოეყო 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილზეც მობინადრეებმა ააშენეს ავტოფარეხები. მოსარჩელემ 2000-2001 წლებში ააშენა 2 (36,5 კვ.მ; 32,85 კვ.მ) ავტოფარეხი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმის მერიას მიეცა უფლება იძულების წესით მოეშალა ქ. ბათუმში, ... ქ. N61-ში მდებარე სახლის მობინადრეთა ავტოფარეხები. ამავე გადაწყვეტილებით, რ. შ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა, მოსარჩელისათვის 2 ავტოფარეხის სანაცვლოდ, მდებარე ქ. ბათუმი, ... გამზ. N61 მიეცა კომპენსაცია და გამოეყო მიწის ნაკვეთი ავტოფარეხისათვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის N2-145 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარემ 2013 წლის 10 სექტემბერს მიიღო N02/1886 ბრძანება, რომლითაც ქალაქ ბათუმში, ... ქ. N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ 69,35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადასცა. შეთავაზებული მიწის ნაკვეთი სამჯერ ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ჩამორთმეული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით რ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 სექტემბრის №02/1886 ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე გაცემული 2013 წლის 10 სექტემბრის საკუთრების უფლების მოწმობა რ. შ-ისათვის ქ.ბათუმში, ... ქ.№3-ში მდებარე 69,35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს - ქ.ბათუმის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. შ-ისათვის ავტოფარეხისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ დაასაბუთა თუ რატომ გადასცა საკუთრებაში რ. შ-ს ისეთი მიწის
ნაკვეთი, რომლის ღირებულება თითქმის სამჯერ ნაკლებია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან შედარებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას მიეცა უფლება, იძულების წესით მოეშალა ქ. ბათუმში, ... ქ. N61-ში მდებარე სახლის მობინადრეთა ავტოფარეხები და ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა მოსარჩელისათვის 2 ავტოფარეხის სანაცვლოდ (მდებარე ქ. ბათუმი, ... გამზ. N61) მიეცა კომპენსაცია და გამოეყო მიწის ნაკვეთი ავტოფარეხისათვის. რ. შ-ს კი, საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლისაგან (ქ. ბათუმი, ... გამზ.
N61) მოშორებით (ქ.ბათუმში, ... ქ. N3-ში), დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, რის
გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული აქტი საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე არის გამოცემული.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ. ქ. ბათუმის მერია მოქმედებდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მომართვის საფუძველზე. ქ. ბათუმის მერიამ ვალდებულება სრულად შეასრულა და რ. შ-ს გადაუხადა კომპენსაცია 6935 ლარი, ასევე გამოუყო ქ. ბათუმში, ... ქ. N3-ში მდებარე 69,35 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე