Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-473-466 (კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - რ. ხ-ა

მესამე პირი -გ. გ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 28 იანვარს ნ. კ-ემ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №143 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, ნ. კ-ე წლების მანძილზე მუშაობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის ... . 2014 წლის 20 ოქტომბრიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და შესაბამისად, შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა, მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, ის მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება გ. გ-ა. ამავე საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეს დაერთო მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების თანხის გადახდის ქვითარი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №143 ბრძანება ნ. კ-ისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ნ. კ-ე აღდგენილ იქნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის ... მოვალეობის შემსრულებლად. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარი გადასახდელად დაეკისრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება და 2015 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინება უცვლელად დარჩა; ნ. კ-ეს დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე 2012 წლის 12 ოქტომბრიდან დანიშნული იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამტრედიის სამხედრო გაწვევის აღრიცხვიანობის და მობილიზაციის სამსახურში ... მოვალეობის შემსრულებლად. შესაბამისი ბრძანებით ნ. კ-ე 2014 წლის 20 ოქტომბრიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, ანუ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დეკრეტული შვებულების დასრულებამდე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ფაქტობრივად, დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 411 მუხლის დანაწესი და მოსარჩელეს შეუმცირა კანონით გათვალისწინებული შვებულების ვადა, ასევე - შესაბამისი კომპენსაცია და რისკის ქვეშ დააყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 411 მუხლის პირველი პუნქტის ბოლო წინადადებით მოსარჩელეზე გათვალისწინებული სხვა სოციალური შეღავათები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ნ. კ-ესთან საჯარო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა გაამართლა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, ისე, რომ წინასწარ არც კი აცნობა სამსახურებრივი ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ გაუგზავნა იგი მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2014 წლის 26 ივლისის საქართველოს N2538-რს კანონზე, რომლის საფუძველზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 1344 მუხლი. ამ ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპია კონკურსის მონაწილის ტესტირება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევის სავალდებულო წესს ადგენს, ამით იგულისხმება განსაზღვრული მიზნის მიღწევის სურვილი. კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. კანონის განმარტებისას უნდა დადგინდეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული ხასიათის განმარტებით ვერ მიიღწევა. განმარტებისათვის ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით, არ უნდა განიმარტოს სიტყვა-სიტყვით. ნორმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მისი ადგილი ნორმატიულ სისტემაში, ასევე სხვა ნორმებთან ლოგიკური ურთიერთკავშირი. იმგვარი განმარტება, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შესთავაზა მოსარჩელეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ეწინააღმდეგება თავად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითად პრინციპებს, საერთაშორისო აქტებს, ასევე წინააღმდეგობაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის დანაწესთან. შეუძლებელია, კანონმდებლის ნება ყოფილიყო დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში მასთან საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა და ორსული მოსამსახურის კანონით გათვალისწინებული ყოველგვარი საშეღავათო, დამცავი მექანიზმების გარეშე დატოვება, შესაბამისად, დასახელებული საკანონმდებლო რეგულაცია სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში არ ეხებოდა მოსარჩელეს, მითუმეტეს, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონით შესული ცვლილება იძლეოდა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე კონკურსის 2015 წლის 1 ივლისამდე ჩატარებას, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც საქმეს დაერთო საადვოკატო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს პროცესის ხარჯს, რომლის დავის გადაწყვეტასთან ერთად მხარეთა შორის განაწილება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს ვალდებულებაა. რაც შეეხება დასახელებული დოკუმენტის მთავარ სხდომაზე დართვის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას, პალატა აპელანტის ყურადღებას მიაქცევს სარჩელის დანართზე, რომლის მიხედვით საქმეს უკვე ერთვოდა საადვოკატო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (იხ.ს.ფ.19), შესაბამისად, მართალია განმეორებით მისი ასლის საქმეზე დართვის საჭიროება არ არსებობდა, თუმცა სასამართლო, სწორედ სარჩელზე დართული საგადახდო დავალების საფუძველზე, ვალდებული იყო, დავის გადაწყვეტასთან ერთად მხარეთა შორის გაენაწილებინა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც, სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის მიერ მიცემული განმარტებიდან გამომდინარე, მოიცავდა საადვოკატო მომსახურებას სამივე ინსტანციის სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჯი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ,,ევროპის სოციალურ ქარტიაზე“ დაყრდნობით განმარტა, რომ შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, უნდა განხილულიყო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით დადგინდა საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, ნ. კ-ე სამსახურში მიღებულ იქნა გარკვეული ვადით და შრომითი ურთიერთობა შეუწყდა ამ ვადის გასვლის გამო. როგორც გარკვეული ვადით მიღებული მოხელე, ატესტაციას არ ექვემდებარებოდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 26 ივლისს შესული ცვლილება არ გულისხმობს კონკურსის 2015 წლის 1 ივლისამდე ჩატარების შესაძლებლობას, არამედ კონკურსის სავალდებულო ეტაპად განსაზღვრა ტესტირება. სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნული ნორმა არასწორად განმარტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე