Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-475-468 (კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირი -მ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 11 ივლისს ი. ნ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს შეიტანოს ცვლილება რეგისტრირებულ უფლებაში, მოსარჩელის სახელზე დაარეგისტრიროს ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №47-ში მდებარე უძრავი ქონება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინებისა და ამ განჩინების საფუძველზე შედგენილი თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოდავე მხარეთა შორის. განჩინების შესაბამისად მ. ნ-ე უნდა გამხდარიყო ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №47-ში მდებარე უძრავი ქონების, სამი საცხოვრებელი ოთახის: 1) 17 კვ. მეტრი; 2) 22,50 კვ. მეტრი; 3) 22,02 კვ. მეტრი, ორი ღია აივნით 10,69 და 6,01 კვ. მეტრი ფართის მესაკუთრე. მასვე შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა მხოლოდ ამ ოთახებთან მისასვლელი გზით სარგებლობისა. მიუხედავად აღნიშნულისა საჯარო რეესტრში განხორციელებულია რეგისტრაცია, რომლის თანახმად მ. ნ-ის საკუთრებაში აღმოჩდა 185,80 კვ. მ.

მესამე პირ მ. ნ-ის განმარტებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ი. ნ-ესა და მა. ნ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და აღიარებულ იქნა, რომ მ. ნ-ემ მფლობელობის გზით მიიღო ინ.ნ-ის დანაშთი ქონების ½ ნაწილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებით ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, ... ქუჩა N47-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი N..., ½ ნაწილი თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია მარიამ და ი. ნ-ეების სახელზე. მ. ნ-ის სახელზე უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2013 წლის 4 ნოემბერს გაცემული სანოტარო აქტი N131155021 სამკვიდრო მოწმობის გაცემის ცვლილების შესახებ, რომლის შესაბამისად მამკვიდრებლის ინ.ნ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან ½ ნაწილის მემკვიდრედ ცნობილი იქნა მ. ნ-ე, ხოლო ½ ნაწილის მემკვიდრედ - ი. ნ-ე. რეგისტრაციის საფუძველი გახდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის N2/812-12 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ. ნ-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ნ-ის სარჩელი მოპასუხეების ი. ნ-ისა და მა. ნ-ის წინააღმდეგ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. უფლების დამდგენი დოკუმენტების ანალიზი ცხადყოფს, რომ მ. ნ-ეს საკუთრების უფლება მოპოვებულ აქვს ქ. ქუთაისში, ... ქუჩა N47-ში მდებარე ინ.ნ-ის დანაშთ სამკვიდრო უძრავი ქონების ½ ნაწილზე და ასეთივე ფორმით ეს უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მოითხოვდა რომ მ. ნ-ის სახელზე მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული ფართების დარეგისტრირებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მ. ნ-ეს მიეკუთვნა კონკრეტული ფართები - შესასვლელი 22,02 კვ. მეტრი იქ განთავსებული სანიტარული კვანძით, ასევე 2 საძინებელი ოთახი - ერთი 17 კვ. მეტრი, მეორე - 22,5 კვ. მეტრი თავისი აივნით, მაგრამ, ამავე დროს, დადგენილია, რომ გარდა მითითებული ფართებისა, მ. ნ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის N2/812-12 გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება მოიპოვა ქონების ½ ნაწილზეც, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ნ-ეს საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ფართზე, ასევე სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზეც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მ. ნ-ის საკუთრების უფლება შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ფართებზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ნ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მორიგების აქტის შესაბამისად, მ. ნ-ემ უარი თქვა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე და საკუთრებაში მიიღო ქონების მხოლოდ ის ნაწილი, რასაც რეალურად ფლობდა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 13.3 მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინება და 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა სამკვიდროს მიღების ფაქტი, ხოლო 2012 წლის 7 მარტის განჩინებით განისაზღვრა სამკვიდროს წილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე