1368აპ 26 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის განაჩენით უ. ქ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ა-ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
იმავე განაჩენით ს. გ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ქუთაისში, ს-ს გამზირის .., ბინა ¹..-ში, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
უ. ქ-სა და ს. გ-ს მსჯავრი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, უ. Q. და მისი მეგობარი ს. გ. იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აგარაკზე, დროებით საცხოვრებელ სახლში. იმავე დღეს, საღამოს საათებში, უ. ქ. და ს. გ. ჯართის შესაგროვებლად გავიდნენ სახლიდან და დაახლოებით 20 საათზე იმყოფებოდნენ თბილისში, ------------------ ისინი შევიდნენ აღნიშნული კორპუსის სადარბაზოში, რომლის სარდაფშიც განლაგებული იყო ამავე კორპუსში მცხოვრებთა დამხმარე სათავსები. უ. ქ-მა და ს. გ-მ, ამ სათავსებში არსებული მოქალაქეთა კუთვნილი ნივთების დაუფლების მიზნით, განიზრახეს ფარულად შეეღწიათ იქ. საერთო სარგებლობის ნაცრისფერი რკინის კარიდან შევიდნენ სარდაფში, სადაც შეამჩნიეს ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქე ვ. ა-ის კუთვნილი სათავსი თეთრი ფერის ერთფრთიანი კარით, რომელიც ბოქლომით იყო დაკეტილი, და ამავე სადარბაზოს მეშვიდე სართულზე მცხოვრები მოქალაქე მ. ა-ის საკუთრებაში არსებული სათავსი, ასევე თეთრი ფერის ხის ერთფრთიანი კარით, რომელიც საკეტის დაზიანების გამო არ იყო დაკეტილი. უ. ქ-მა და ს. გ-ემ ხელთ არსებული ლითონის დანისა და ბრტყელტუჩას გამოყენებით ჩამოხსნეს საკეტის ერთი მხარე და შეაღწიეს ვ. ა-ის კუთვნილ სათავსში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულ ვ. ა-ის კუთვნილ ნივთებს, რითაც მას მიაყენეს 48 (ორმოცდარვა) ლარის მატერიალური ზიანი.
უ. ქ-მა და ს. გ-მ დაზარალებულ ვ. ა-ის კუთვნილი ზემოთ აღნიშნული ნივთები მოათავსეს მისსავე ტყავის ყავისფერ ხელჩანთაში, რის შემდეგაც თეთრი ფერის ხის ერთფრთიანი კარით შეაღწიეს ა. ა-ის კუთვნილ სათავსში, სადაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულ ა. ა-ის კუთვნილ ნივთებს, რითაც მას მიაყენეს 25 ლარის მატერიალური ზიანი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ უ. ქ-მა და ს. გ-მ.
მსჯავრდებული უ. ქ. სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მისთვის სასჯელის მინიმუმის შეფარდებას, ასევე მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოხსნას იმ მოტივით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ასაკოვანი, პენსიონერი მშობლები, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე და საჭიროებენ მის მზრუნველობას, დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდათ და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ უ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ უ. ქ-ს შეფარდებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით შეუმცირდა 6 (ექვსი) თვით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, მასვე მოეხსნა დამატებითი სასჯელის ზომად შეფარდებული სასჯელი _ ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ს. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის, როგორც ზედმეტად მკაცრის, შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ს. გ-სა და უ. ქ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ს. გ-მ ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს. გ-სათვის თავისუფლების აღკვეთისა და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი განსაზღვრულია მსჯავრდებულ ს. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც უსამართლო ვერ ჩაითვლება უსამართლო ან ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი შეამოწმა რა სარევიზიო წესით უ. ქ-ის მსჯავრდების ნაწილშიც, თვლის, რომ მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებული უ. ქ. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უ. ქ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, «გ» ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ სავლე გაჩეჩილაძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე იმავე განაჩენით მსჯავრდებულ უ. ქ-ის მიმართ, მისი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.