Facebook Twitter

Nბს-485-478(კ-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. შ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 4 ივლისის №03/14-1436 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დაევალოს მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ. შ-ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 4 ივლისის №03/14-1436 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საბჭომ არ გამოიკვლია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ საბჭომ აქტი არ დაასაბუთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე