Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-488-481 (კ-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 27 ივნისს ი. ს-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული 17.02.14წ. N057512 სამართალდარღვევის ოქმისა და დავების განხილვის საბჭოს 10.06.14წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 თებერვალს ლილოს ბაზრობაზე ოჯახისთვის შეიძინა 250 ლარის ღირებულების ნივთები (კერძოდ, ერთი საბანი, სვიტერი და რვა სხვადასხვა ზომის თეფშის კომპლექტი). ბაზრობის დატოვებისას, ი. ს-ი გააჩერეს სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, როლებსაც განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები შეძენილი იყო პირადი მოხმარებისთვის და არა სამეწარმეო საქმიანობისთვის. ინსპექტორებმა ი. ს-ი შეძენილ ნივთებისთვის სურათების გადაღების შემდეგ გამოუშვეს.

მოსარჩელემ საგადასახადო დავალიანების შესახებ შეიტყო მარტში, მას შემდეგ, რაც სესხის აღებაზე უარი უთხრეს ბიუჯეტის მიმართ 1000 ლარის დავალიანების გამო. როგორც გაირკვა, ჯარიმა გამოწერილი იყო ი. ს-ის მიერ რეგისტრაციის გარეშე ეკონომიკური საქმიანობისთვის და სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მოსარჩელემ განმარტა, რომ ინსპექტორებს არ უცნობებიათ მისთვის ოქმების შედგენის შესახებ. ხოლო აღნიშნულ ოქმებში მითითებულია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე.

ი. ს-მა საჯარიმო ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, სადაც 30.04.14.წ. N230245 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ კვლავ გაასაჩივრა გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 10.06.14წ. გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა 17.02.14წ. N057513 ოქმი საქონლის სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების შესახებ, ხოლო N057512 სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის წესის დარღვევის შესახებ საკითხის გადაწყვეტა არ შედიოდა დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 17 თებერვლის №057512 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

2014 წლის 17 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ი. ს-ის მიმართ შეადგინეს N057512 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 17 თებერვალს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა შეამოწმეს რა მოქ. ი. ს-ის ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ..., აღმოაჩინეს, რომ მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა 250 ლარის ღირებულების საქონელი (8 ყუთი თეფში, 1 საწოლის გადასაფარებელი, 1 სვიტერი), რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ იგი ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების გარეშე, რითაც არღვევდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას. N057512 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ი. ს-ს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარი.

2014 წლის 17 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ი. ს-ის მიმართ შეადგინეს N057513 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებასაც სასაქონლო ზედნადების გარეშე, ანუ არღვევდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას. N057513 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ი. ს-ს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარი.

ი. ს-მა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 17 თებერვლის N057512 და N057513 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 2014 წლის 6 მარტს გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 30 აპრილის N23024 ბრძანებით წარმოდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ი. ს-მა N057512 და N057513 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და შემოსავლების სამსახურის 30.04.14. წლის N23024 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 10.06.2014 წლის გადაწყვეტილებით ი. ს-ის საჩივარი 2014 წლის 17 თებერვლის N057513 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო, N057512 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო გადამხდელის საჩივრის თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ გაუშვა სადავო N057512 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილით, წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 30 აპრილის N23024 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიუთითა გასაჩივრებული ოქმის რეკვიზიტები, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარისთვის ბუნდოვანი იყო თუ რომელი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაეხადა სადავოდ, შესაბამისად გასაჩივრების ვადა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუშვა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ი. ს-ი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და საჭიროებდა რეგისტრაციას. ი. ს-ის მიერ საქონლის შეძენა და მისი (საქონლის) ავტომანქანაში განთავსება ტრანსპორტირების მიზნით არასაკმარისი/არასათანადო ფაქტობრივი საფუძველია იმის სამტკიცებლად, რომ ი. ს-ი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ამ რაოდენობის, სახეობისა და ღირებულების საქონლის (ნივთების) შეძენა და შემდგომ მისი (საქონლის) ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე ტრანსპრტირების მიზანი ეკონომიკური საქმიანობისთვის დამახასიათებელი სხვა თანმდევი მოქმედებების, ფაქტებისა და გარემოებების გარეშე ვერ იქნება მიჩნეული უკვე შემდგარ, განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობად, ამასთან, საქმის მასალებში არსებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2014 წლის 17 თებერვლის N057512 სამართალდარღვევის ოქმი იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ი. ს-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოტანილი იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ „სამეწარმეო საქმიანობაზე“ და არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის არგუმენტი, რომ ი. ს-ი ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. კასატორი მიიჩნევს, რომ 2014 წლის 17 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის N057512 ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო მისგან გათავისუფლება გადასახადის გადამხდელის მიმართ „კეთილსინდისიერების“ პრინციპის გამოყენებით მიზანშეუწონელია. სასამართლოს მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად, საქმეზე მიღებულია არასწორი, იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე