საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-584-577 (3კ-ს-15) 16.10.2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია; ქ. თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურული სამსახური“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 18 მარტის #498 განკარგულების, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2013 წლის 13 მარტს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი #10), ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ 2013 წლის 16 მაისს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურული სამსახურის“ 2013 წლის 2 აპრილის #621114 ბრძანებაში ცვლილების შეტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2015 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მესამე პირებად ჩაებნენ გ. მ-ე და ბ. ქ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კასატორ გ. მ-ეს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა. განჩინება კასატორის წარმომადგენელს, ა. მ-ს 2015 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2015 წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო და 6 ოქტომბერს ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მე-60-61-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი