Facebook Twitter

№ბს-352-348(კს-15) 4 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 1 აგვისტოს მ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990-96; 2003-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ... რაიონის პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2008 წლის 12 ოქტომბერს იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან და დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა მხოლოდ 2014 წლის 24 ივნისს, სადაც მითითებული იყო, რომ მ. ნ-ე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან პირადი პატაკის საფუძველზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ასეთი შინაარსის პატაკით მას ხელმძღვანელობისთვის არ მიუმართავს, რაც დაადასტურა ჩატარებულმა გამოძიებამ, კერძოდ, სასამართლო-კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით, პატაკის ტექსტი და ხელმოწერა არ არის შესრულებული მ. ნ-ის მიერ.

2013 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შს სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს სამსახურში აღდგენის თაობაზე, რაზეც 2014 წლის 16 ივნისს ეცნობა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან „პოლიციის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა გაიაროს კონკურსი და მხოლოდ მისი შედეგების გათვალისწინებით შეიძლება მიიღონ შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქვემო ქართლის შს მთავარი სამმართველოს 2008 წლის 15 ოქტომბრის #655 ბრძანებისა და საქართველოს შს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 16 ივნისის #1134166 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2008 წლის 15 ოქტომბრის #655 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 16 ივნისის #1134166 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2008 წლის 15 ოქტომბრის #655 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება განჩინების სახით; სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა მოსარჩელის - მ. ნ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება რიგით პირველი სასარჩელო მოთხოვნის - ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2008 წლის 15 ოქტომბრის #655 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში; თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის ფორმით კერძო საჩივარი წარადგინა მ. ნ-ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადასტურებს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის უხეში დარღვევით, თუმცა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო არ შეიძლება გაუქმდეს ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2008 წლის 15 ოქტომბრის #655 ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ბრძანება უკანონოა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა 2014 წლის 24 ივნისს, რაც კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო შემდგომ სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამდენად, მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის ფორმით წარმოდგენილი საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ. ნ-ე 1990-96; 2003-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, ... რაიონის პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2008 წლის 12 ოქტომბერს იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან და დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა მხოლოდ 2014 წლის 24 ივნისს, მაგრამ მან თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია შეიტყო ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბრის თვეში, თუმცა არა უშუალოდ ბრძანების გადაცემის გზით, არამედ იმგვარად, რომ იგი მითითებული პერიოდიდან აღარ აგრძელებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან, აღარ ასრულებდა შრომით მოვალეობებს და აღარ იღებდა შრომით გასამრჯელოს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოში შრომით-სამართლებრივი დავა წამოიწყო დათხოვნიდან თითქმის 6 წლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებაში და მიუთითებს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2008 წლის 15 ოქტომბრის #655 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს და სარჩელი სასამართლოში აღძრულია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სრულად შეესაბამება სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე №ბს-312-308(კს-14); 30.10.14 განჩინება). კერძოდ, საკასაციო პალატამ მითითებული განჩინებით განმარტა, რომ:

„სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა“.

„გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს“.

„საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა“.

„სახეზე გვაქვს ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელეს აქტის არჩაბარება არ აბრკოლებდა კანონით დადგენილი წესით მიემართა სასამართლოსთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების პირობებში კი პირს უსასრულოდ შეეძლება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და ეს მაშინ, როდესაც ხანდაზმულობის ვადების არსებობის უმთავრეს მიზანს სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს“.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა - ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს 2008 წლის 15 ოქტომბრის #655 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილ სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას, რომლის თანახმად, სარჩელი სასამართლოში უნდა აღიძრას კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში. ამდენად, მართებულია, რომ

შეწყდეს მ. ნ-ის სარჩელისა გამო აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება ზემომითითებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი