№ბს-399-393(კს-15) 17 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ გ., ნა. და ნ. გ-ები
მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირები – სს „...“, შპს „...“
გასაჩივრებული საოქმო განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინება
დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 10 აპრილს ნა. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მას და მის და-ძმას მემკივდრეობით ერგოთ მამის დანაშთი ქონება, მათ შორის გორის რაიონის, სოფ. ... დმებარე მცირე ჰიდროელექტროსადგური „...“. მოსარჩელის მამამ - გი. გ-მა ეს ქონება მიიღო აწ გარდაცვლილი მეუღლისგან - ზ. ე-ისგან, რომელმაც ეს უკანასკნელი შეიძინა 1993 წელს აუქციონის წესით. გ., ნა. და ნ. გ-ებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი ქონება ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 4 ნოემბრის წერილების: #05/25157, #05/25158, #05/25159 საფუძველზე, ..., ..., ... საკადასტრო კოდებით, დაარეგისტრირა სახელმწიფოს სახელზე, ხოლო შემდეგ 2012 წლის 14 თებერვლის #1-1/478 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული აუქციონის შედეგად და 2012 წლის 12 მარტის #201202149301 ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა.
2013 წლის 14 ნოემბერს ნა. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აუქციონის შედეგებისა და გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, მაგრამ ნა. გ-მა ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 5 მარტის #16/1307 წერილით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ..., ..., ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების დარეგისტრირებამდე არ დგინდებოდა გ., ნა. და ნ. გ-ების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნა. გ-მა უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 4 ნოემბრის #05/25157, #05/25158, #05/25159 აქტების, აუქციონის ჩატარების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 14 თებერვლის #1-1/478 ბრძანებისა და მის საფუძველზე ჩატარებული აუქციონის შედეგების, ასევე, აუქციონის შედეგების გადასინჯვისა და ქონების დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 5 მარტის #16/1307 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით ნა. გ-ის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, განსჯადობით გადაეცა უფლებამოსილ - გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. და გ. გ-ები, შპს „...“ და სს „...“.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ნა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნა., ნ. და გ. გ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ნა., ნ. და გ. გ-ებმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აღძრეს შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმეში მე-3 პირად ჩართვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმეში მე-3 პირად ჩართვის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით აპელანტების: გ., ნა. და ნ. გ-ების, აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ამ უკანასკნელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მე-3 პირად ჩართვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 4 ნოემბრის #05/25157, #05/25158, #05/25159 აქტების, აუქციონის ჩატარების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 14 თებერვლის #1-1/478 ბრძანებისა და მის საფუძველზე ჩატარებული აუქციონის შედეგების, ასევე, აუქციონის შედეგების გადასინჯვისა და ქონების დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 5 მარტის #16/1307 აქტის ბათილად ცნობა. შესაბამისად, დავის საგნიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახური არ იყო იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს გ., ნა. და ნ. გ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მემკვიდრეობის მიღებისას მცირე ჰიდროელექტროსადგურ „...“ შენობა-ნაგებობებზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 282 000 ლარის ოდენობით დავალიანების უზრუნველსაყოფად, რეგისტრირებული იყო გირავნობა/იპოთეკა და ყადაღა. აქედან გამომდინარე, მათ მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მე-3 პირად ჩაერთო სსიპ შემოსავლების სამსახური.
კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, მიუხედავად მათი და სსიპ შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისე თქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომ არ უმსჯელია უარის მიზეზზე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა არც სახელმწიფოს და არც გ., ნა. და ნ. გ-ების ინტერესები იმის შესახებ, რომ 2015 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით ზიანი ადგება როგორც სახელმწიფოს, ისე მათ, რადგან ვერც სსიპ შემოსავლების სამსახური შეძლებს თავისი ინტერესის დაცვას და ვერც გ-ები დაფარავენ დავალიანებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ., ნა. და ნ. გ-ების კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ., ნა. და ნ. გ-ების კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით გ., ნა. და ნ. გ-ებს და სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვათ ამ უკანასკნელის საქმეში მე-3 პირად ჩართვაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩართული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. მოცემულ საქმეზე კი დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი, კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების ჩვეულებრივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი - სავალდებულო, აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, რაზეც გამოაქვს მოტივირებული განჩინება მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, რაც შემდგომ დაინტერესებულმა მხარემ შეიძლება კერძო საჩივრით გაასაჩივროს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს გ., ნა. და ნ. გ-ების უძრავ ქონებაზე გირავნობა/იპოთეკა ჰქონდა გაფორმებული, მის მიმართ ერიცხებოდათ დავალიანება და ამით ზიანი ადგებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „გა...“ და სს „გ...“ შორის 1999 წლის 16 მარტს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისათვის სს „გ...“ საკუთრებაში არსებული „...“ შენობა-ნაგებობები. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „გა...“ სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „გ...“ მის სასარგებლოდ დაეკისრა 323,059,62 დოლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 10 სექტემბერს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად სს „გა...“ ნაცვლად მიეთითა სს „...“, ხოლო მოვალედ სს „გ...“ ნაცვლად - გ., ნა. და ნ. გ-ები. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გირავნობა/იპოთეკა გაფორმებული იყო გ-ების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..., რომელზეც 2010 წლის 10 სექტემბერს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა „...“, რომელმაც ასევე დაფარა დავალიანება (ტ. I, ს.ფ. 48). აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ გ., ნა. და ნ. გ-ებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ არავითარი დავალიანება არ გააჩნიათ.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 4 ნოემბრის წერილების #05/25157, #05/25158, #05/25159 საფუძველზე სულ სხვა ..., ..., ... საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრირა უძრავი ქონება. აღნიშნული აქტები გასაჩივრებულია გ., ნა. და ნ. გ-ების მიერ, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ჩანს, რომ მათზე არავითარი გირავნობა/იპოთეკა არ არის რეგისტრირებული და არც გ-ებს გააჩნიათ დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ. ასევე, შემოსავლების სამსახურის წერილებში არ არის მითითება, რომ ნამდვილად არსებობს დავალიანება (ტ. II, ს.ფ. 52; 54; 58).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩართული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. მოცემულ საქმეზე კი დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური არ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 4 ნოემბრის წერილების #05/25157, #05/25158, #05/25159 საფუძველზე ..., ..., ... საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არავითარი გირავნობა/იპოთეკა არ არის რეგისტრირებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ., ნა. და ნ. გ-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ., ნა. და ნ. გ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე