Facebook Twitter

საქმე №ბს-190-187(გ-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ გ. გ-ი

მოპასუხეები: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიურო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მის აღმასრულებლებს დაკისრებოდათ ზიანის - 200 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით გ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს, შემდედ, გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ თანამშრომელთა მოქმედება/უმოქმედებოთ გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულების მიხედვით, ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. გორი, ... ქ. №5, რის გამოც, საქმე მოცემული დავის განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა გორის რაიონული სასამართლო.

გორის რაიონული სასამართლო 2015 წლის 12 მარტის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დავის გორის რაიონული სასამართლოს განსჯად სასამართლოდ მიჩნევის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით) მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს სააღსრულებო საქმიანობას; აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და დებულებით; აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ: აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ.

აღნიშნული ნორმის შინაარსიიდან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს განმარტებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ საკუთარი სახელით გამოდის სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“ და არა მისი ტერიტორიული ორგანოები; ტერიტორიულ ორგანოებს საკუთარი სახელით სასამართლოში მოპასუხედ გამოსვლის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“, რომლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი.

რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიუთითა, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც სახეზე არ არის განსაკუთრებული განსჯადობის შემთხვევა, ამ სარჩელის ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს საერთო განსჯადობის წესების დაცვით, ანუ მოპასუხის - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ადგილსამყოფელის მიხედვით.

ის ფაქტი, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია იმგვარად, რომ მოსარჩელე ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის მიმართ თანამშრომელთა მოქმედება-უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, მოცემული საქმის ტერიტორიული განსჯადობაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, აგრეთვე მის თანამშრომელთა მოქმედება-უმოქმედობის ადგილს, არამედ მოპასუხე იურიდიული პირის ადგილსამყოფელს. ამდენად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი საქმე არ მიეკუთვნებოდა გორის რაიონული სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, რადგან ძირითადი მოპასუხის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გორის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ გ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს იურიდილი მისამართია: გორი, ... ქ. №5) - გორის რაიონული სასამართლო, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მის აღმასრულებელს დაეკისროთ ზიანის სახით - 200 000 ლარის ანაზღაურება, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მიმართულია მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მეორე მოპასუხედ დასახელებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოში წარმოადგენს ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებს, აღნიშნული სარჩელი ვერ იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე