Facebook Twitter

საქმე №ბს-281-277(გ-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ააიპ ფონდი ,,...‘‘

მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 11 აპრილს ააიპ ფონდი ,,...“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფოსათვის ააიპ ფონდ ,,...“ სასარგებლოდ 27 301 000 ლარის დაკისრება.

2014 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ხ. ზ-მა და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით ხ. ზ-ის შუამდგომლობა მესამე პირად ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ააიპ ფონდი ,,...“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოპასუხის - საქართველოს პროკურატურის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფოს ააიპ ფონდ ,,...“ სასარგებლოდ დაკისრებოდა 11 477 799 00 ლარის გადახდა.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ააიპ ფონდი ,,...“ იყო შპს ... პლუსის 100%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი, რომელიც თავის მხრივ ფლობდა სს ბანკი ... აქციათა 67,52 %-ს.

2011 წლის 16 და 17 მარტს სამაუწყებლო კომპანია ,,…“ ეთერში გავიდა სს ბანკი ,,...“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი რამდენიმე სიუჟეტი. 2011 წლის 18 მარტს დააკავეს ააიპ ფონდი ,,...“ გამგეობის წევრი და სს ბანკი ,,...“ გენერალური დირექტორი ლ. ლ-ე, რომელსაც პროკურორმა აცნობა, რომ მას უნდა გადაეხდა 15 000 000 ლარი (შემდგომ თანხა შემცირდა საზედამხედველო კაპიტალის ოდენობამდე - 12 000 000 ლარი), წინააღმდეგ შემთხვევაში გავრცელდებოდა სს ბანკი ,,...“ მადისკრედიტებელი სიუჟეტების გაშვება და მოხდებოდა სს ფონდი ... გამგეობისა და სს ბანკი ,,...“ ყველა წევრის დაკავება.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ ფონდი ,,...“ იძულებული გახდა ლ. ლ-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი 12 000 000 ლარის მოსაძიებლად დაეგირავებინა და შემდგომ გაესხვისებინა სს ბანკი ... მისი კუთვნილი აქციების 67,5 %.

მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 978-ე და 1005-ე მუხლებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ზ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ხ. ზ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით ააიპ ფონდ ,,...“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს პროკურატურის მიმართ, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო მე-2 მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისას ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

სასამართლოს განმარტებით, განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს, ვინაიდან, თავად საქართველოს სამოქალაქო კოდექსითვე განისაზღვრა, რომ კერძო სამართლის სუბიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო ორგანოც. კერძოდ, მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან, ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. აღნიშნული ნორმა აკონკრეტებს ადმინისტრაციული დავის საგანს (ტაქსაცია). კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული (ენუმერაცია). კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში თუ, სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. სასამართლო კოლეგიის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - დაევალოს სახელმწიფოს ააიპ ფონდ ,,...“ სასარგებლოდ 11477799 ლარის გადახდა, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, ზემოაღნიშნული ნორმების განმარტების შესაბამისად, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობის, ანუ იმის გამო, რომ მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო, არამედ აგრეთვე სადავო სამართალურთიერთობის საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან წარმოშობის, სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, მხოლოდ ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, ვერ შეცვლის დავის კერძოსამართლებრივ ხასიათს და ვერ განაპირობებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვას. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად ააიპ ფონდ ,,...“ სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ააიპ ფონდ ,,...“ სარჩელი არ განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიას, რომლებსაც სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და მიიჩნია, რომ აღძრული დავა გამომდინარებოს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეებისათვის (საქართველოს პროკურატურა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახური) ააიპ ფონდ ,,...“ სასარგებლოდ 27 301 ლარის დაკისრება. მოსარჩელე სარჩელში უთითებს სხვადასხვა სამართლებრივ საფუძვლებზე, მას მითითებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 978-ე, 1005-ე, 86-ე მუხლები. სარჩელში მითითებული სამართლის ნორმები არ შეიძლება გახდეს საფუძველი დავის კატეგორიის განსაზღვრისა. მხარეებს არ მოეთხოვებათ სამართლის ნორმების ცოდნა და ამა თუ იმ დავისათვის მომწესრიგებელი ნორმების არასწორად მისადაგება არ შეიძლება გახდეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. დავის კატეგორიის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას რა ნორმას უთითებს მოსარჩელე სარჩელში, არამედ იმ ფაქტს რას მიიჩნევს იგი თავისი უფლების დარღვევად, ვისი მხრიდან ქონდა ამ უფლების დარღვევას ადგილი და რა სამართლებრივი შედეგების დადგომა სურს მას. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი უფლება დაირღვა საქართველოს პროკურატურის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და სურს ამ ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება სახელმწიფო სახსრებიდან ყველასათვის გარანტირებულია. სახელმწიფო ორგანოებისა და მისი თანამდებობის პირების მიერ უკანონო მოქმედებითა და გადაწყვეტილებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონსტიტუციური დებულება ასახულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ამ სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის პასუხისმგებლობის დადგენის ნიშნებად მიიჩნევს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, როგორც ზიანის მიმყენებელი სუბიექტის არსებობა; ბ) ქმედების ჩადენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში; გ) ქმედების მართლწინააღმდეგობა; დ) ზიანი; ე) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაურთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ამ უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ანალიზის შედეგად ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხოლოდ ზიანის მიმყენებლი პირის სტატუსი არ არის საკმარისი სახელმწიფოსათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, აუცილებელია მოხელის მიერ ზიანის მიმყენებელი ქმედება სხვა პირის მიმართ ჩადენილი იყოს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, ამასთან, ამგვარი ქმედების შედეგად დაირღვეს ისეთი ვალდებულება, რომელსაც შეესაბამება სხვა, კერძო პირის უფლება. მიუხედავად ზემოაღნიშნული დასკვნისა, სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულს არ ერთმევა უფლება ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს მოხელისაგან, როგორც ფიზიკური პირისაგან სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან (საქართველოს პროკურატურა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახური), რასაც მნიშვნელობა აქვს განსჯადობის სწორად გადაწყვეტისათვის. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე №ბს-233-224(გ-10).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სარჩელისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიყენებული ზიანის ანაღაურებას ეხება, ამასთან, სხვა მოთხოვნა სარჩელში დაყენებული არ ყოფილა, შესაბამისად, ააიპ ფონდი ,,...“ სარჩელი ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ააიპ ფონდ ,,...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განისაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს პროკურატურისათვის მის სასარგებლოდ ზიანის - 11 477 799 00 ლარის ანაზღაურება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, საქართველოს პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ მუქარას, რაც გამოიხატებოდა ფონდის კუთვნილი სს ბანკი ,,...“ გაკოტრებისა და ბანკის მენეჯმეტის დაკავების მუქარაში, კერძოდ, დააკავეს სს ბანკი ,,...“ გენერალური დირექტორი ლ. ლ-ე და აცნობეს, რომ მას უნდა გადაეხადა გარკვეული რაოდენობის თანხა სახელმწიფო ბიჯეტში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდებოდა სს ბანკი ,,...“ მადისკრედიტებელი სიუჟეტების გაშვება და მოხდებოდა სს ფონდი ,,...“ გამგეობისა და სს ბანკი ... დირექტორატის ყველა წევრის დაკავება. რის გამოც ფონდი იძულებული გახდა ლ. ლ-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი 12 000 000 ლარის მოსაძიებლად დაეგირავებინა და შემდგომ გაესხვისებინა სს ბანკ ,,...“ მისი კუთვნილი აქციების 67,52%. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხე - საქართველოს პროკურატურისგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან, საქართველოს პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ქმედების გამო მიადგათ ზიანი, რაც გამოიხატა ფონდის კუთვნილი აქციების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის გამო და ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლის საფუძველზე იმ თანხის ანაზღაურებას, რომელიც ფონდმა მუქარის შედეგად სახელმწიფოს გადაუხადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება სახელმწიფო სახსრებიდან ყველასათვის გარანტირებულია. ზემოთ აღნიშნული ასევე ასახულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის თანახმადაც ,,სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირს ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ, მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლია სახელმწიფო“.ზიანის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ,,თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაურთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდაგრი ზიანი. განხრახვის, ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს“.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებთან დაკავშირებით მხედველობაშია მიასაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა, მაშინ როდესაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ვალდებულება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურისგან ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას, ხოლო რაც შეეხება მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენებას, ზიანსა და ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს არა განსჯადობის, არამედ დავის არსებითი განხილვის საკითხს, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლო რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს საქმის განხილვის პროცესში შეუძლია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული და ინიდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აბსოლიტური კომპეტენციაც მას გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სადავო სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად მიჩნევა, მარტოოდენ იმის გამო, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1005-ე მუხლთან ერთად მითითებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 978-ე მუხლიც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ ფონდი ,,...“ სარჩელი საქართველოს პროკურატურის მიმართ, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსხილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე