საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
1398აპ-08
ქ. თბილისი
17 მარტი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენით გ. დ. _ დაბადებული .. .. .. წელს,_ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტისა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 (ოცდარვა) წლის ვადით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ შევიდა ცვლილება: გ. დ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება როგორც ზედმეტად წარდგენილი.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართოლს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.