Facebook Twitter

ბს-20-20(კ-15) 15 ოქტომბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2014წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.ქ-ემ, ბ.ჟ-მა და ტ.ა-ემ 30.09.2013წ. სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა.ო-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და ქ.ქუთაისის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი ქ.ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა საქალაქო სამსახურის 18.09.2008წ. #01-465 მიმართვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ბათილად იქნეს ცნობილი ქ.ქუთაისის მიერ 14.12.2012წ. ჩატარებული აუქციონის შედეგები: აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელი #139 ოქმი და 15.01.2013 წ. #159 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებულ იქნას ქ.ქუთაისში, ... გამზ. #55ბ-ში არსებული მიწის ნაკვეთი, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 20.09.2008წ., 07.02.2013წ., 25.10.2013წ. გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.11.2013წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 06.03.2014წ. გადაწყვეტილებით ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2014წ. განჩინებით ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, ბ. ჟ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.02.2015წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ქ-ის, ბ.ჟ-ის და ტ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.10.2014წ. განჩინება;

3. ამასთან, ბ. ჟ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.02.2015წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ.მურუსიძე

მ.ვაჩაძე