Facebook Twitter

ბს-404-398(კ-15) 22 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2015წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ფ-მა 31.03.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ დისციპლინური კომისიის 27.02.2014წ. დასკვნის, ნოტარიუს ნ. ფ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.03.2014წ. №44 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2014წ. განჩინებით საქმის წარმოება 27.02.2014წ. დისციპლინური კომისიის დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.08.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ფ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა იმის შესახებ, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) 09.12.10წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობით დაადასტურა ფაქტი, რომელსაც ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოტარიუსი ნ. ფ-ი დაეყრდნო მხოლოდ ზ. მ-ის დაბადების მოწმობას, რომლიდანაც უდავოდ არ დგინდება ის ფაქტი, რომ გ. მ-ი იყო ზ. მ-ის მამა. სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული მასალების, კერძოდ დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. მ-ი გ. მ-ის შვილია, შესაბამისად, ნოტარიუს ნ. ფ-ის მიერ განხორციელებული ქმედება ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.07.2010წ. N69 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ" დებულების მე-7 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე გადაცდომად, რომელიც გულისხმობს ნოტარიუსის მიერ არსებული ფაქტის დადასტურებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დისციპლინური კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ სახეზეა უკვე დადებული დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ნოტარიუსის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რეციდივის წარმოშობის პირობაა ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და არა ახალი დისციპლინური სახდელის შეფარდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.08.2014წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ. ფ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.03.2014წ. №44 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა ნ. ფ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2015წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე