1420აპ. ქ. თბილისი
28 ნოემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ფ-ს და მისი ინტერესების დამცველის _ ადვოკატ ბ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით ს. ფ., _ დაბადებული ..... წლის ....-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-4 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა და გასაღება არაერთგზის; ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზ-ში მცხოვრებმა ს. ფ-მ ¹090070872 სისხლის სამართლის საქმეზე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მეორე თავის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის „გ», „ი» და „კ» ქვეპუნქტების საფუძველზე, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრად ჩართული, შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, პოლიციის მაიორ კ. ჩ-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის ლეიტენანტ ა. გ-ს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზ-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, პერიოდულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიჰყიდა დანიშნულებისამებრ ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. მანვე 2007 წლის 11 აგვისტოს თავისივე საცხოვრებელ სახლში ოპერატიულ მუშაკებს _ კ. ჩ-სა და ა. გ-ს წინასწარ გადაახდევინა 1200 ლარი შემდგომში ორი ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად, მაგრამ აღნიშნული ქმედება ვერ განახორციელა.
2007 წლის 12 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზ-ში, შსს-ს მუშაკებმა დააკავეს ს. ფ. თავისივე საცხოვრებელ სახლში, რომლის ჩხრეკისას ამოიღეს ,,პ-7" სისტემის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, მისთვის განკუთვნილი 2 ჭურვი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ჭურვის ორი კაფსულ-დეტონატორი, „აკ-74» სისტემის ატომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და 23 ცალი საბრძოლო ვაზნით და ნარკოტიკული საშუალება, 91,7 გრამი ნედლი „მარიხუანა».
აღნიშნული ქმედებისათვის ს. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 1000 ლარი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 7 წლის და 9 თვის ვადით, დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 3500 ლარი; ამავე კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საბოლოოდ ს. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლისა და 3 თვის ვადით, დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 4500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 12 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ბ. ჭ-მ. მან ითხოვა ს. ფ-ს ქმედების სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირება; მისი გამართლება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის ნაწილში, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: ს. ფ. გამართლდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვისა და მათი არაერთგზის გასაღების ნაწილში და მისი ქმედება, ნაცვლად სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, დაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით; აღნიშნული ქმედებისათვის ს. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 1000 ლარი; ამავე მუხლის III ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით, დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 3000 ლარი; ამავე კოდექსის 260-ე მუხლის I ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოოდ ს. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 4000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ იმისათვის, რომ მან ოპერატიული მიზნით ჩართულ პოლიციის თანამშრომლებს _ კ. ჩ-ს და ა. გ-ს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზ-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, პერიოდულად _ 2007 წლის 27 ივლისს, 6 აგვისტოს და 11 აგვისტოს, მართლსაწინააღმდეგოდ მიჰყიდა დანიშნულებისამებრ ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. იგი 2007 წლის 12 სექტემბერს დაკავებულ იქნა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩხრეკისას
ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე _ ნარკოტიკული საშუალება.
საკასაციო საჩივრებში მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვენ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის III ნაწილით და 260-ე მუხლის I ნაწილით განსაზღვრული სასჯელების შემცირებას, მათი სიმკაცრის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას კასატორების მოტივი უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან მსჯავრდებულ ს. ფ-ს ხსენებული მუხლებით სასჯელის ზომა განესაზღვრა კანონით გათვალისწინებული და ერთიანი სასამართლო პრაქტიკით დამკვიდრებულ ფარგლებში, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ს. ფ. პირველადაა სამართალში და სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირა 2 წლით.
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დადგენილია სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, იგი სამართლიანია და ეყრდნობა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ამასთან, ვინაიდან ს. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდება ეხება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, „ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მას ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. ფ-ს და მისი ინტერესების დამცველის _ ადვოკატ ბ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
«ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ს. ფ-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განახევრდეს და დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ს. ფ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.