Nბს-513-506 (კ-15) 27 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - პ. კ-ა, გ. ე-ა, ნ. შ-ა, კ. წ-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (მოპასუხე)
მესამე პირები - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ვ. ხ-ა, ი. კ-ი, ვ. ბ-ა, მ. ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის და კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. კ-ამ, გ. ე-ამ, ნ. შ-ამ, კ. წ-ამ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს.
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი პ. კ-ას, გ. ე-ას, ნ. შ-ას და კ. წ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტი.
2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, რომლითაც პ. კ-ა აღდგენილი იქნება ... თანამდებობაზე, გ. ე-ა ... თანამდებობაზე, ნ. შ-ა - ... თანამდებობაზე.
3. დაეკისროს მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ასევე, დაეკისროს მოპასუხეს კ. წ-ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის გადახდა.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. კ-ას, გ. ე-ას, ნ. შ-ას და კ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით პ. კ-ას, გ. ე-ას, ნ. შ-ას და კ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით პ. კ-ას, გ. ე-ას, ნ. შ-ას, კ. წ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. კ-ას, გ. ე-ას, ნ. შ-ას, კ. წ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას პ. კ-ას, გ. ე-ას, ნ. შ-ას, კ. წ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. კ-ას, გ. ე-ას, ნ. შ-ას, კ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე