საქმე #ბს-745-731(კ-14) 29 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. გ-ი, წარმომადგენელი - მ. ბ-ი (06.08.2013წ. =130798667 რწმუნებულება)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ხ. ბ-ი (27.01.2014წ. =MOD 11400046606 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი ს. ბ-ი (10.03.2015წ. =04/16446 მინდობილობა)
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2014წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. გ-ის სასარგებლოდ ერთდროული დახმარების სახით 7000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების, სამინისტროსთვის გ. გ-ის სიცოცხლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო მომვლელის თანხის - 500 ლარის ოდენობით დაკისრების და მესამე პირისათვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გ. გ-ის კომპენსაციის (ხელფასსა და პენსიას შორის) მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 1995-2002 წწ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, ... მე-... სამთო სპეციალური დანიშნულების მსუბუქი ქვეითი ბატალიონის (ს/ნ ...) ს-4 (ლოჯისტიკის) ოფიცრის თანამდებობაზე, სამხედრო წოდებით - კაპიტანი.
21.07.2002 წ. სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოყვა ავტოკატასტროფაში და მიიღო მრავალჯერადი ტრავმა: კისრის მე-6 მალის მოტეხილობა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სახისა და შუბლის ძვლების მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა C 7 დონეზე, C 6 მალის ხაზოვანი მოტეხილობა, ზედა პარაპრეზი, ქვედა პარაპლეგია, მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების მოშლა. იგი მიღებული ტრავმის შემდეგ გახდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - მუდმივად საინვალიდო ეტლზე მიჯაჭვული. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არ შეუძია დამოუკიდებლად წელის წამოწევა, გვერდის შეცვლა, ინვალიდის ეტლში გადაჯდომა, საკვების მიღება. ამ ყველაფერში დასახმარებლად ორი ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ჭირდება. უვლის დედა და მეუღლე. დედა დაავადებულია გულ-სისხლძრღვთა დაავადებით და თვითონ საჭიროებს მოვლას, ხოლო მეუღლემ ეკონომიური სიდუხჭირის გამო დაიწყო მუშაობა, რის გამოც იძულებულნი არიან დაიქირავონ მომვლელი, რომელსაც უხდიან თვეში 500 ლარს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი ყოველწლიურად მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დაეფინანსებინა უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში არსებული ... სახელობის ცენტრში მისი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის ხარჯები (რადგან ასეთი ტიპის ცენტრი საქართველოში არ არსებობს), მაგრამ უშედეგოდ. მან სესხითა და ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით მხოლოდ ორჯერ - 2003 და 2006 წლებში მოახერხა აღნიშნულ ცენტრში კურსის გავლა, რის შედეგადაც გადაურჩა სიკვდილს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შრომის უნარი დაკარგული აქვს 100%-ით. მოსარჩელე დასახიჩრებამდე იღებდა სამხედრო წოდებისთვის სარგოს - 4.53 ლარს, თანამდედობრივ სარგოს - 39.24 ლარს, ნამსახურეობის პროცენტულ დანამატს - 8.75 ლარს, კვების კომპენსაციას - 59 ლარს, სულ 111.52 ლარს, მოსარჩელემ სამხედრო ნაწილიდან დაკმაყოფილებული იყო ფულადი კმაყოფით 2002 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით და ასევე კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 05.03.2013წ. №7/7/1194 წერილითა და ამავე სამინისტროს 28.03.13წ. №9/779 წერილით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანების თანახმად, ს-4 (ლოგისტიკის) ოფიცრის ხელფასი ამჯამად შეადგენს: თანამდებობრივი სარგო - 1150 ლარი, წოდებრივი სარგო - 40 ლარი, პროცენტული დანამატი, ნამსახურების წლებზე (20%) – 238 ლარი და კვების კომპენსაცია - 75 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 14.03.2014წ. მან განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადაანგარიშება და მისთვის იმ თანხის დანიშვნა, რასაც შეადგენდა იმ საშტატო ერთეულის სახელფასო განაკვეთი, რომელზედაც მუშაობდა დასახიჩრებამდე, ასევე მოითხოვა სპეციალური სამედიცინო მომვლელის, საყოფაცხოვრებო ხარჯების დანიშვნა და მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული განცხადება თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაგზავნილ იქნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2014წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ს კომპენსაცია დანიშნული აქვს 2003 წლის 4 მარტიდან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით, თანხით 113,5 ლარი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, კომპენსაციის გადაანგარიშება ხდება სამსახურებრივი სტაჟის, სამხედრო წოდების, სახელმწიფო პენსიისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გათვალისწინებით და შესაბამისად, მისთვის გადაანგარიშებულმა კომპენსაციამ შეადგინა 281.25 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლიდან 2013 წლამდე ს-4 (ლოჯისტიკის) ოფიცრის ხელფასსა და გ. გ-ის პენსიას შორის სხვაობის მიხედვით სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების შესახებ უსაფუძვლოა.
რაც შეეხება ერთჯერადად 7000 ლარის ანაზღაურებას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების უკუქცევით ძალაზე და განმარტა, რომ 2007 წლის ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია დათქმა ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ, არ შეიცავს რაიმე დათქმას უკუქცევითი ძალის მინიჭებისა და მისი იმ სამართალურთიერთობაზე გავრცელების შესახებ, რომლებიც მის ამოქმედებამდე წარმოიშვა. აღნიშნული გამორიცხავს მის გ. გ-ზე გავრცელებას.
სიცოცხლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო მომვლელის თანხის (500 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის სწორად შეფარდებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიზეზ-შედეგობრიობის პირდაპირი, უშუალო ჯაჭვის არსებობას - პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედების, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის. ამდენად, აუცილებელია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, არც კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს მიმართ არ დასტურდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2014წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2014წ. განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2014წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. №560 ბრძანება არ შეიცავს რაიმე დათქმას ბრძანების 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის უკუქცევითი ძალის მინიჭების შესახებ, რაც გამორიცხავს მის მოქმედებას სადავო სამართალურთიერთობაზე. ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად სკ-ის 128.3 მუხლის საფუძველზე. სააპელაციო პალატა ნაწილობრივ დაეთანხმა აპელანტის არგუმენტაციას, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი ნორმები არეგულირებდნენ სამხედრო მომსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხებს, თუმცა სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლზე დაყრდნობით. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა ძალადაკარგულია 23.12.2005წ. კანონით. მითითებული კანონის მოქმედების პერიოდში გ. გ-ს არ მიუმართავს სასამართლოსთვის ანუ არ მოუხდენია უფლების რეალიზაცია. შესაბამისად, აპელანტის არგუმენტაცია ერთჯერადი თანხის ანაზღაურების შესახებ არ იქნა გაზიარებული. პალატამ ხაზგასმით მიუთითა, რომ ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით, გ. გ-მა სარჩელი სასამართლოში აღძრა ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულად იქნა მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს 04.03.2003 წ. თავდაცვის სამინისტროს ხაზით, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით, დანიშნული თანხა შეადგენდა 113,45 ლარს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით გადაანგარიშებულმა თანხამ 218,25 ლარს შეადგენდა. კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. №46/ნ ბრძანების №2 დანართის 2.1 მუხლის თანახმად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. 22.03.13წ. კანონით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 17.4 მუხლის განახლებული რედაქციის მიხედვით, 2013 წლია 1 აპრილიდან მოახდინა გ. გ-ის პენსიის გადაანგარიშება. რაც შეეხება ოფიცრის ხელფასს და გ. გ-ის პენსიას შორის სხვაობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლი ძალადაკარგულად არის გამოცხადებული 23.12.05წ. კანონით. ამ კანონით ძალადაკარგულია აგრეთვე „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე აპელანტი ითხოვს საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის გასაწევი ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ტრავმა მიღებულია სამსახურებრივი მდგომარეობის შესრულებისას და დამდგარ შედეგში მოსარჩელეს არ მიუძღვის ბრალი, ხოლო თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანი ანაზღაურდება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ი დაინვალიდდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოკატასტროფის შედეგად. ამასთანავე, პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება თავდაცვის სამინისტროს ბრალეული ქმედებით გ. გ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს სამინისტროსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი შედეგით, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. თუ სამინისტროს და მის თანამშრომელს, რომელიც მართავდა ავტომანქანას, არ მიუძღვის ბრალი დამდგარ შედეგში, რატომ მიუძღვის ბრალი დამდგარ შედეგში მოსარჩელეს. კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის №3/3294-03 გადაწყვეტილებით, „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს გ. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიუღებელი საპენსიო დანამატის სხვაობა, გადაწყვეტილება ძალაშია, ის მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია.
კასატორი თვლის, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის შესახებ. სკ-ის 411-ე მუხლი ითვალისწინებს არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის, არამედ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართოს მოსაზრებას ერთჯერადი დახმარების მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის გარემოება, რომ დაინვალიდების გამო სამსახურიდან დათხოვნის დღეს მოქმედებდა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი, რომლის მე-6 მუხლი ითვალისწინებდა ერთდროული ფულადი დახმარების გაცემას. ერთი კანონის მეორეთი შეცვლა არ ათავისუფლებდა თავდაცვის სამინისტროს მისი მოვალეობის შესრულებისაგან - ერთჯერადი დახმარების გაწევისაგან.
საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ დაინვალიდების დროს მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის 18.11.04წ. №48 ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ვალდებული იყო მომვლელის ხარჯები აენაზღაურებინა.
კასატორი თვლის, რომ სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა, ვინაიდან გ. გ-ის მართვის ქვეშ არ ყოფილა ავტომანქანა, ავტოკატასტროფის შედეგად მას მიადგა ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ნათელია.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ გ. გ-ი 1995-2002 წწ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ... მე-... სამთო სპეციალური დანიშნულების მსუბუქი ქვეითი ბატალიონის (ს/ნ ...) ს-4 (ლოჯისტიკის) ოფიცრის (სამხედრო წოდება - კაპიტანი) თანამდებობაზე. 21.07.02წ. სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იგი მოყვა ავტოკატასტროფაში, მიიღო ტრავმა: კისრის მე-6 მალის მოტეხილობა, ზედა პარაპრეზი, ქვედა პარაპლეგია, მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების მოშლა. 2002 წელს კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე გ. გ-ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში. გ. გ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო.
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა 1-ლი ჯგუფის ინვალიდებისათვის ან 75 წელს მიღწეული პენსიონრებისათვის, რომლებიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე საჭიროებენ სხვა პირთა მუდმივ მოვლა-პატრონობას, დანამატის გაცემას მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით. ხსენებული ნორმა ძალადაკარგულია 23.12.05წ. კანონით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 09.07.13წ. №01/63697 წერილის თანახმად, სპეციალური სამედიცინო მომვლელისა და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების დაფინანსება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მოცემულ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 82). საკასაციო პალატა თვლის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გაუთვალისწინებლობა არ ადასტურებს მოთხოვნის უსაფუძვლობას. დაუსაბუთებელია აგრეთვე მითითება ამ მოთხოვნის მიმართ ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის შესახებ. სააპელაციო პალატის მითითება „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონში 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გაუქმებაზე არ ასაბუთებს მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას. გ. გ-ი სარჩელით მოითხოვს სამისდღემშიოდ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრებას. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან 01.08.13წ. ხელშეკრულება დადო მომვლელთან მ. მ-ესთან (ტ.1, ს.ფ. 28), ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მოსარჩელეს სჭირდება მომვლელისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად, რაც დასტურდება გ. გ-სა და საყოფაცხოვრებო მომვლელს შორის 06.08.13წ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით. აღნიშნული მოთხოვნა არ არის დაკავშირებული მოთხოვნის წარმოშობის მომენტის ხანდაზმულობასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონი სპეციალური სამედიცინო მომვლელის დანიშვნას არ ზღუდავს ინვალიდობის დადგენის მომენტიდან კონკრეტული ვადით. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით სათანადო საჭიროებისას პირს აქვს შესაძლებლობა მისთვის მისაღებ დროს მოითხოვოს სამედიცინო მომვლელის დანიშვნა. ამასთანავე, სკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთი მხრივ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო ან საყოფაცხოვრებო მომსახურებას. ამდენად, კანონი ითვალისწინებს მომვლელის დანიშვნას სახელმწიფო ხარჯით, თუმცა არა მომვლელის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელე თანხას ითხოვს მომვლელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნებით. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნა საჭიროებს დაზუსტებას, სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნის მიმართ დაზუსტებას საჭიროებს მოპასუხეთა წრე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ არის სათანადოდ დასაბუთებული, მოთხოვნის ეს ნაწილი საჭიროებს დაზუსტებას, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა მოთხოვნის ამ ნაწილში სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის სათანადოობაზე. ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს მოპასუხედ დასახელებული ჰყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მაშინ, როდესაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, ამ მიმართებით კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში გასაჩვრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არის შეუძლებელი, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, განჩინების ამ ნაწილში გაუქმებისა და ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების პირობაა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანების 38-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება მძიმე დაზიანებისას - 7000 ლარი, ხოლო ნაკლებად მძიმე დაზიანებისას - 3000 ლარი. ბრძანების 38-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე მოითხოვს მძიმე დაზიანების მიღებისათვის 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების მისთვის გამოყოფის დაკისრებას მოპასუხისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, სკ-ის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არ აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ გ. გ-მა ტრავმა 21.07.02წ. მიიღო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. ბრძანება არ შეიცავს ნორმის უკუძალის დამდგენ დებულებას.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თავდაპირველი რედაქცია მოსამსახურის დაინვალიდების შემთხვევაში ითვალისწინებდნენ შრომისუნარინობის სრული დაკარგვის შემთხვევაში 5 წლის ოდენობით სარგოს გაცემას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთვევაში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც სადღეისოდ არსებული რედაქციით 20.04.05წ. კანონით შეტანილი დამატებების შედეგად ჩამოყალიბდა, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის 22.07.07.წ. კანონით ჩამოყალიბებული და ამჟამად მოქმედი რედაქცია, ითვალისწინებენ ერთჯერადი დახმარების სახით არა უმეტეს 7000 ლარის გაცემას. დახმარების ერთჯერადი თანხის მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა დასახიჩრების მიღებისთანავე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დასახიჩრების მომენტიდან აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადა, რომელიც სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 10 წელს შეადგენს, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის უკვე გასული იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.
სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა წარმოადგენს კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5, მე-16 მუხ., „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-2 მუხ. „გ“ ქვეპუნქტი, მე-17 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. გ-ს კომპენსაცია დაენიშნა 2003 წლის 04 მარტიდან, თავდაცვის სამინისტროს ხაზით, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით, კომპენსაციის ოდენობა 113,45 ლარს შეადგენდა. 2013 წლის 01 აპრილიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში, 22.03.13წ. კანონით შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დადგენილია კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების წესი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის მიმართ. კანონმდებლობის ცვალებადობის კვალდაკვალ მოსარჩელეს დანიშნული კომპენსაცია რამდენიმეჯერ გადაუანგარიშდა, ამჟამად ის ღებულობს კომპენსაციის გადაანგარიშებულ თანხას. უკვე მოხდენილი გადაანგარიშების კანონიერების მიმართ მოსარჩელეს პრეტენზია არ წარუდგენია, მოსარჩელე დამატებით მოითხოვს გადაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობასა და ამჟამად ოფიცრის ხელფასს შორის სხვაობის დანიშვნას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სოციალური კანონმდებლობა არ ცნობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვალდებულებას კომპენსაციის გადაანგარშების შესახებ იმ საფუძვლით, რომ არსებობს სხვაობა დანიშნულ კომპენსაციასა და მიუღებელ ხელფასს შორის. პენსიასა და სამსახურში მყოფი პირის ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს, კომპენსაციის ახალი საფუძვლის შემოღება კანონის 2.2 მუხლის შესაბამისად დასაშვებია მხოლოდ ამ კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით, კანონი ადგენს კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ზღვრულ ოდენობას (მე-7 მუხ.). აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება გათვალისწინებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესით“. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. №48 ბრძანებულიებით დამტკიცებული წესი ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 02.06.07წ. №93 ბრძნებულებით, ხოლო საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. №53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი“ (1-ლი მუხ.) და საქართველოს მთავრობის 01.03.13წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებიბსას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“ (მე-5 მუხ.) არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. ამდენად, კასატორის მითითება ამჟამად ძალადაკარგულ საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. №48 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესზე არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. დაუსაბუთებელია აგრეთვე „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლზე მითითება, ხსნებულმა ნორმამ ძალა დაკარგა საკანონმდებლო აქტში 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზუსტებას საჭიროებს მოსარჩელის მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება სახელმწიფო კომპენსაციის - 33 903,33 ლარს, აგრეთვე 2013 წლის 1 ოქტომბრამდე სახელმწიფო კომპენსაციის ლოჯისტიკის ოფიცრის - კაპიტნის ხელფასის 85%, აგრეთვე ხელფასის შესაბამისად კომპენსაციის ზრდის დავალებას. კომპენსაციის გადაანგარიშების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტ გ. გ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მა აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნაში იგულისხმება გ. გ-ისათვის დანიშნულ კომპენსაციასა და მისაღებ ხელფასს შორის სხვაობა. აპელანტმა მიუთითა, რომ გ. გ-ი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ბრალით მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში, რის შედეგადაც მიიღო მრავლობითი დაზიანებები და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, შესაბამისად, ვეღარ შეძლო თავდაცვის სამინისტროში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება, ამდენად, მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მისთვის დანიშნულ კომპენსაციასა და მისაღებ ხელფასს შორის სხვაობაში. აღნიშნული სხვაობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასის ზრდასთან ერთად იზრდებოდა და ჯამში გასული პერიოდის განმავლობაში 37 690,39 ლარი შეადგინა. კასატორი თვლის, რომ სხვაობა უნდა ანაზღაურდეს სკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მიუღებელი შემოსავალი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, რადგან მის კომპეტენციაში შედის დანიშნული კომპენსაციის გადაანგარიშება. ამდენად, ფაქტიურად, საკითხი ეხება სახელმწიფო კომპენსაციასა და ლოჯისტიკის ოფიცრის - კაპიტნის ხელფასს შორის სხვაობის თანხის გადახდის დაკისრებას მოპასუხეზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ამ მოთხოვნას სარჩელის აღძვრისთანავე აყენებდა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა არა მხოლოდ სოციალური უზრუნველყოფის სფეროს მომწესრიგებელ კანონმდებლობას, არამედ უპირველეს ყოვლისა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ კანონმდებლობას, კერძოდ, სკ-ის 408-ე, 409-ე, 411-ე, 415-ე მუხლებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი ადგენს საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს (1-ლი მუხ.). შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია (5.1 მუხ. „გ“ ქვეპუნქტი). ამასთანავე, კომპენსაციის მიმღებს უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით (25.1 მუხ. „გ“ ქვეპუნქტი), მათ შორის ზიანის ანაზღაურების უფლებით. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 22.4 მუხლის თანახმად, შრომითი დასახიჩრებით ან პროფესიული დაავადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობილ მოქალაქეებს მიყენებულ ზარალს უნაზღაურებენ ბრალეული ორგანიზაციები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამასთანავე, თუ კომპენსაციის დასანიშნად მიმართვა კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპედიის შესახებ“ კანონის 6.3. მუხ., „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახლმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დატხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოცილაური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხ.), ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადებს. თვით ის, რომ ტრავმის მიღების გამო გ. გ-მა დაკარგა სამსახური და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ წარმოშობს იმის გონივრულ ვარაუდს, რომ დასახიჩრების მიუღებლობის შემთხვევაში მოსარჩელე განაგრძობდა სამსახურს და მიიღებდა გაზრდილ გასამრჯელოს. ხსნებული განაპირობებდა მოსარჩელის ამ მოთხოვნის არა მხოლოდ სოციალური კანონმდებლობის, არამედ სამოქალაქო კოდექსის ნორმების მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადგენის საჭიროებას. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ სოციალური სფეროს მომწესრიგებელ კანონმდებლობაზე მსჯელობით მაშინ, როდესაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიმე აქტი. სასარჩელო მოთხოვნის ხსენებული ნაწილი ეფუძნებოდა სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობის, სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ მოსარჩელის მიერ მოპასუხის რამდენიმეჯერ შეცვლის მიუხედავად სააპელაციო პალატას სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე არ დაუდგენია მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ სათანადო მოპასუხე.
გ. გ-ის წარმომადგენელი მოთხოვნის დკმაყოფილების საფუძვლად უთითებს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის №3/3294-03 გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა დანიშნული სოციალური დახმარებასა და ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე აპელანტი ყურადღებას ამახვილებდა სააპელაციო საჩივარში, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილების სამრთლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის (აღსრულების შეწყვეტის) მიზეზი, სარჩელის ხელმეორედ აღძვრის დასაშვებობა.
სზაკ-ის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. გ-ი დაინვალიდდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოკატასტროფის შედეგად, ამასთანავე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება სამინისტროს ბრალეული ქმედებით გ. გ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობებზე და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალეული ქმედებით გ. გ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც სააპელაციო პალატის აზრით გამორიცხავს სამინისტროსათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის ამ მოსაზრებას და თვლის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ზიანისათვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებლი (სკ-ის 999.1 მუხ.). საქმეზე არ არის დადგენილი მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანისას ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წესიდან საგამონაკლისო შემთხვევა - მფლობელის ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გამოყენება (სკ-ის 999.4 მუხ.), მოსარჩელის ბრალი დამდგარ ზიანში, პირიქით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დასახიჩრდა მოვალეობის შესრულების დროს, ავტოკატასტროფის შედეგად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობას ახორციელებს თავისი ორგანოების ან ფიზიკური პირების მეშვეობით, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობის შეფასებისას უნდა შეფასდეს მათი ბრალეულობის საკითხი. ავტომანქანის მფლობელის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალზე მითითება, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ამ ნაწილში უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ზიანის მიყენების ფაქტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრალეული ქმედების არარსებობაზე, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობის გარეშე უარი თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქმნის მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოთხოვნის ხსენებულ ნაწილებში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2014წ. განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2014წ. გადაწყვეტილება საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების ანაზღაურებაზე, აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციასა და ხელფასს შორის სხვაობის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილებში და ამ ნაწილებში საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.08.2014წ. განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2014წ. გადაწყვეტილება ერთდროულ დახმარებაზე უარის თქმის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი