Facebook Twitter

#ბს-277-273(კს-15) 1 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილებაზე.

2014 წლის 15 დეკემბერს მ. ჯ-მა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მოსარჩელემ სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის #45/13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საჩივრის ავტორმა ასევე იშუამდგომლა კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის #45/13 გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. 7-ში და აბონენტად დარეგისტრირებულია სს „...“ მონაცემთა ბაზაში.

სს „...“ თანამშრომლის მიერ 2013 წლის 22 თებერვალს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #001948 ოქმი და ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი #001206, რის შედეგადაც კომპანიის 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილებით მიეცა გაფრთხილება და ამასთანავე დაეკისრა აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის სახით 520,14 ლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ მან ელექტროენერგია მოიხმარა მრიცხველის გვერდის ავლით.

საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილება გაასაჩივრა სს „...“. 2013 წლის 19 მარტს მ. ჯ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილების ბათილად ცნობისა და დარიცხული საფასურის გაუქმების მოთხოვნით. კომისიის 2013 წლის 2 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2013 წლის 18 ნოემბერს მ. ჯ-მა საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილებისა და კომისიის 2013 წლის 2 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის დადგენილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა კომისიის 2013 წლის 2 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა კომისიას.

კომისიამ ხელახლა განიხილა მ. ჯ-ის საჩივარი და #4/645 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის დარიცხული 520,14 ლარი გადაანგარიშდა და მ. ჯ-ს დაეკისრა 164 ლარის გადახდა, ხოლო სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდების შესახებ სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილება დარჩა უცვლელად. კომისიის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საჩივრის ავტორის მითითებით, კომისიამ არ იმსჯელა სახდელის დაკისრების კანონიერებაზე იმ მოტივით, რომ მ. ჯ-მა დაარღვია გასაჩივრების 10-დღიანი ვადა.

საჩივრის ავტორმა უკანონოდ მიიჩნია კომისიის გადაწყვეტილება, რამდენადაც მისი მოსაზრებით, მას დაცული ჰქონდა საჩივრის წარდგენის ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის #45/13 გადაწყვეტილების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დადგენილებით მ. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის #45/13 გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კომისიას, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და მ. ჯ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

2015 წლის 7 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის სააპელაციო სასამართლოსათვის დავალება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა სასამართლოთა კომპეტენცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის განხილვა დაუქვემდებარა სასამართლოთა მიერ არა სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვას და მიუთითა ამ კატეგორიის დავათა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში მ. ჯ-ის მიმართ სახდელის სახით გაფრთხილება გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით გამოიწვევს გაფრთხილებას.

სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს განსაზღვრავს სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს (თამანდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სახდელის შეფარდების შესახებ სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილებისა და საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2014 წლის 13 ნოემბერს მიღებული #45/13 გადაწყვეტილების გასაჩივრების წესთან დაკავშირებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ #45/13 გადაწყვეტილებით განიხილა მ. ჯ-ის საჩივარი სახდელის შეფარდების შესახებ სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილების ბათილად ცნობისა და ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისათვის 520,14 ლარის დარიცხვის კანონიერების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში მ. ჯ-ის საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისათვის დარიცხული თანხა შემცირდა 164 ლარამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 15 დეკემბერს შეტანილი საჩივრით მ. ჯ-ი სადავოდ ხდიდა სს „...“ 2013 წლის 25 თებერვლის #325 დადგენილებას, შესაბამისად, დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მარეგულირებელი კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის #45/13 გადაწყვეტილებას, ხოლო შემცირებული თანხის დარიცხვის ნაწილში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების გაუქმება აღარ მოუთხოვია. საჩივრის ავტორმა მხოლოდ აღსრულების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა, რაც დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის #45/13 გადაწყვეტილების მოქმედება. აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დადგენილება მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში საჩივრის წარდგენის ვადის დაცულობის საკითხს შეეხო, რაც სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ იქნა გასაჩივრებული.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით დავის საგანს აღარ წარმოადგენს ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისათვის თანხის დარიცხვის კანონიერება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულად დატოვა სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივარი განუხილველად, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისათვის დარიცხული თანხის კანონიერების გადასინჯვას, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაიგივებული ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებასთან, რამდენადაც სამართლებრივი ბუნებით იგი სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაა, რომლის გასაჩივრების წესს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი არ ითვალისწინებს და იგი რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, კერძოდ, გასაჩივრებული დადგენილება მიიღო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის გვერდის ავლით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე მიუთითა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაცვის უფლება გარანტირებულია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უზენაეს კანონს, უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ზოგადი ხასიათის ნორმატიული აქტი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის საქართველოს კანონი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს ინსტანციების არსებობა უნდა გავრცელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული და არც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი მსუბუქ სამართალდარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს.

საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არაერთი ქვეყნის კანონმდებლობაც, ხოლო რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა ახდენს სამართალდარღვევის მნიშვნელობისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გასაჩივრების წესის დიფერენციაციას.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის დადგენილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის დადგენილებაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე