საქმე №ბს-319-315(კს-15) 1 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული დადგენილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის დადგენილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 24 დეკემბერს ა. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორი ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა დაეკისრა ა. კ-ას.
მოსარჩელის მითითებით, მან ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზევე გაასაჩივრა სამართალდარღვევათა ოქმი, მაგრამ მის საჩივარს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მოსარჩელეს დაეკისრა ასევე 4997,2 ლარის გადახდა მოქალაქე ა. ქ-ის სასარგებლოდ, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო სააღსრულებო ბიუროს მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის წარმოება კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა და საქმე ხელახალი შესწავლისათვის უნდა დაბრუნებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე, 2341-ე, 236-ე, 237-ე მე-40, 260-ე, 281-ე მუხლებზე, მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შემთხვევის ადგილზე სრულფასოვნად არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა 2014 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №061268 ოქმის, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ა. კ-ას სარჩელი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ საჩივრად და დაექვემდებარა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ა. კ-ას შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საპატრულო პოლიციის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული იძულებითი აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის დადგენილებით ა. კ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთანავე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ა. კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის დადგენილებით ა. კ-ას საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულია ის სამართალდარღვევები, რომელთა განხილვის კომპეტენციაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს აქვთ მინიჭებული. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს ორგანოს (თამანდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი არ ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ აღნიშნული კატეგორიის საქმის განხილვის შედეგად მიღებული დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის დადგენილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა გასაჩივრებული დადგენილების მოქმედების შეჩერების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შემდეგაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. კ-ას კერძო საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც ეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №061268 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის დადგენილების გაუქმებას, უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო ა. კ-ას კერძო საჩივარი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის დადგენილების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №061268 ოქმით ა. კ-ას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიცემულ წერილობით ახსნა-განმარტებაში ა. კ-ამ დააფიქსირა, რომ იგი მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თავის ბრალეულობას არ ეთანხმებოდა, თუმცა ამის შემდგომ, სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 10 დღის ვადაში მას ადმინისტრაციული საჩივარი არ წარუდგენია. აღნიშნულის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2014 წლის 5 დეკემბერს გამოსცა დადგენილება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ.
2014 წლის 24 დეკემბერს ა. კ-ამ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის დადგენილებით ა. კ-ას საჩივარი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №061268 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, ხოლო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით. საქალაქო სასამართლოს მითითებული დადგენილებით მხარეს განემარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და 2015 წლის 31 მარტის დადგენილებით ა. კ-ას საჩივარი დატოვა განუხილველად ყველა მოთხოვნის ნაწილში.
წარმოდგენილ კერძო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები მოცემულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესს ეხება.
საკასაციო სასამართლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №061268 ოქმის გასაჩივრების წესთან დაკავშირებით ეყრდნობა საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. 2015 წლის 22 იანვრის განჩინება საქმე №ბს-454-448(კს-14)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა სასამართლოთა კომპეტენცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ასევე სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის განხილვა დაუქვემდებარა სასამართლოთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე საპატრულო პოლიციელი უფლებამოსილია ადგილზე გამოწეროს საჯარიმო ქვითარი. საქმეთა ადგილზე განხილვის კომპეტენციას განსაზღვრავს სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.
აღნიშნული წესით განხილულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს განსაზღვრავს სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს (თამანდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის დადგენილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, ამ ნაწილში ა. კ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა, რაზეც გავლენას არ ახდენს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ გაკეთებული არასწორი განმარტება. აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის ანალოგიის გამოყენება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი (სსსკ-ის 7.1 მუხლი), ხოლო მოქმედი სამართლებრივი ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენა სცილდება საერთო სასამართლოთა კომპეტენციის ფარგლებს. ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია ისარგებლოს სსსკ-ის 6.2 მუხლით მინიჭებული პროცესუალური კომპეტენციით.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დადგენილებას ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მითითებული აქტის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გასაჩივრების წესის გავრცელებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლი განსაზღვრავს სამართალდარღვევით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესსა და ამგვარი ვალდებულების დაკისრებაზე უფლებამოსილ ორგანოს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-40 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2–მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს, სამართალდამრღვევთან იდავოს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს აქტი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისროს სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალეულ პირს, თუ კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილია ბრალეული პირი, საექსპერტო კვლევით დადასტურებულია მიყენებული ზიანის ოდენობა და უფლებამოსილი პირი ითხოვს მის ანაზღაურებას. მაგრამ ის გარემოება, რომ ზიანის დაკისრების ვალდებულება განისაზღვრება პოლიციის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით, არ უცვლის აქტით დაკისრებულ ვალდებულებას სამართლებრივ ბუნებას და ზიანის დაკისრების შესახებ აქტი არ უნდა იქნეს გაიგივებული სამართალდარღვევის შესახებ აქტთან, რომლის კანონიერების შემოწმება მოქმედმა კანონმდებლობამ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს დაუქვემდებარა. ამგვარი აქტის გასაჩივრების წესი დადგენილია მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მასზე არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე საჩივრის განხილვის არასწორი წესი დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, რის გამოც ამ ნაწილში ა. კ-ას საჩივარი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას იძულებითი აღსრულების შეჩერების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ა. კ-ას შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საპატრულო პოლიციის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული იძულებითი აღსრულება. მართალია, ა. კ-ას საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის დადგენილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მაგრამ იგი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ შესულა კანონიერ ძალაში, რამდენადაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, ხოლო წინამდებარე განჩინებით ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს.
ამდენად, არ არსებობს აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განხილვის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის დადგენილება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №სპ061268 დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე ა. კ-ას საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში ა. კ-ას საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №061268 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ ა. კ-ას საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის დადგენილების გაუქმების ნაწილში ა. კ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე