Nბს-505-498 (კს-15 ) 20 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - დ. მ-ი
მოპასუხე - შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის დადგენილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიისა და შპს „...“ წინააღმდეგ საჩივარი აღძრა. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა შპს „...“ 2014 წლის 19 ნოემბრის Nა012592 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, Nა012592 აქტის, შპს „...“ 2014 წლის 3 დეკემბრის დადგენილების, სემეკის დირექტორის 2015 წლის 15 დეკემბრის N6/09 წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის დადგენილებით დ. მ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს „...“ 03.12.2014 წლის N11/139 დადგენილება და სემეკის 15.12.2015 წლის N6/09-23/1145-4961 ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ .
აღნიშნული დადგენილება სემეკმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის დადგენილებით სემეკის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ სამართალდამრღვევის საჩივარზე ზემდგომი ორგანოს დადგენილება სასამართლოში საჩივრდება ერთჯერადად, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სემეკის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილება სემეკმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სემეკს სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა, რადგან დაუსაბუთებლად ეთქვა უარი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ სემეკის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესს აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა; დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ მომჩივნის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით.
განსახილველ შემთხვევაში შპს „...“ დ. მ-ის მიმართ შეადგინა 2014 წლის 19 ნოემბრის Nა012592 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შპს „...“ 03.12.2014 წლის N11/139 დადგენილებით დ. მ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელად განესაზღვრა გაფრთხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლიდან გამოდმინარე, შპს „...“ ოქმები და დადგენილება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდგომ კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად კი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
სადავო არ არის, რომ შპს „...“ დადგენილება დ. მ-მა სასამართლოში და სემეკში გაასაჩივრა. 15.12.2015 წლის N6/09-23/1145-4961 ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით მას საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა, ვინაიდან სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ დ. მ-მა შპს „...“ 03.12.2014 წლის დადგენილება ჯერ სემეკში გაასაჩივრა, ხოლო 2 თვის შემდეგ - სასამართლოში, ამდენად, საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დ. მ-ის საჩივართან დაკავშირებით წარმოების დასრულების შემდეგ, მას აქვს უფლება მიმართოს მარეგულირებელ ორგანოს, შესაბამისად, სადავო წერილის ძალაში დატოვების რეალური იურიდიული ინტერესი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებმა ისარგებლეს კანონმდებლობით მინიჭებული გასაჩივრების შესაძლებლობით. მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ექვემდებარებოდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვას, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სემეკის სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები), ხოლო ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, იხელმძღვანელოს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, თუ კასაციის თავი სპეციალურ დებულებებს არ შეიცავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შემოტანა არ დაიშვებოდა, ამდენად, სემეკის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 187-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე