Facebook Twitter

Nბს-510-503 (კს-15 ) 13 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. კ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს მიერ აღიარებული იქნეს, რომ ნ. კ-ას 1975 წელს გადაეცა მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლება და შესაბამისად გაცემული იქნა მებაღის წიგნაკი მართლზომიერი სარგებლობის უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, რომლის კოორდინატები და მისამართია: ქ.თბილისი, ... დასახლება, ... მებაღეობის ნაკვეთი №402 (... ქუჩა; X 487989.76, 488007.09, 488022.95, 488004.72,; Y 4625301.97, 4625331.34, 4625323.06, 4625294.26).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებული იქნა, რომ 1975 წელს ნ. კ-ას გადაეცა მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლება და შესაბამისად გაცემული იქნა მებაღის წიგნაკი მართლზომიერი სარგებლობის უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, რომლის კოორდინატები და მისამართია: ქ.თბილისი, ... დასახლება, ... მებაღეობის ნაკვეთი №402 (... ქუჩა; X 487989.76, 488007.09 488022.95, 488004.72; Y 4625301.97, 4625331.34, 4625323. 06, 4625294.26).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება სრულად და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტიელბა; სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა მოსარჩელის - ნ. კ-ას სარჩელისა გამო, მოპასუხეების -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის აღიარების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარების) შესახებ მოთხოვნით აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე ნ. კ-ა თუ მიიჩნევს, რომ იგი არის სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, მან, ნაცვლად სასამართლოში აღიარებითი სარჩელის აღძვრისა, განცხადებით და შესაბამისი დოკუმენტებით უნდა მიმართოს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მას მოსთხოვოს მიწის საკუთრებაში გადაცემა/მიწაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მის (ნ. კ-ას) მიერ მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის საფუძველით, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გზით. თუ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დააკმაყოფილებს ნ. კ-ას მოთხოვნას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მმართველობითი საქმიანობის განხორციელების, ანუ ნ. კ-ას საქმის განხილვისა და გადაწყვეტის იურიდიული ფაქტი და მმართველობითი საქმიანობის პროდუქტი - ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური აქტი) წარმოადგენს აუცილებელ პროცესუალურ წინაპირობას იმისთვის, რომ ნ. კ-ამ მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე ან/და 22-23-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელით/კომბინირებული სარჩელით. სწორედ ამგვარი სამომავლო შესაძლებლობა, ანუ ჯერ კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის და შემდეგ სას კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სასამართლოში აღძვრის შესაძლებლობა გამორიცხავს ნ. კ-ას სამართლებრივი პრობლემის სას კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის ფარგლებში მოწესრიგების შესაძლებლობას. საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა პირი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, უნდა გადაწყვიტოს კომპეტენტურამა ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და გადაწყვეტილების (ინდ. აქტის) მიღების გზით და არა სასამართლომ - აღიარებითი სარჩელის განხილვის გზით; საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა პირი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს სასამართლო განხილვის საგანი, თუკი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს უარყოფითი გადაწყვეტილება წარმოშობს კონფლიქტს/დავას დაინტრესებულ პირსა და ამ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. კ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის N525 ბრძანებულების თანახმად, მიწის მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს მებაღის წიგნაკი, თუმცა მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი საბუთების ჩამონათვალი ამომაწურავი არ არის. მიწით სარგებლობის დადასტურება შეიძლება სხვა დოკუმენტითაც, ამგვარი მტკიცებულება კი საქმეში რამდენიმეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი უშუალოდ გასაჩივრებული განჩინების რაიმე ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობაზე არ მიუთითებს. იგი ზოგადად აფასებს საქმის განხილვის პროცესს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, სასამართლოს მიერ აღიარებული იქნეს, რომ ნ. კ-ას 1975 წელს გადაეცა მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი სარგებლობის უფლება და შესაბამისად გაცემული იქნა მებაღის წიგნაკი მართლზომიერი სარგებლობის უფლებით. საბოლო შედეგი, რასაც მოსარჩელე ამ აღიარებას უკავშირებს, არის ნ. კ-ას საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე და საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის რეგისტრაცია.

აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, არის პროცესუალური დაცვის სამართლებრივი ინსტიტუტი, მისი მეშვეობით არ ხდება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, რამდენადაც აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა. მოცემული სახის სარჩელებთან მიმართებაში პროცესუალური კანონმდებლობით დაწესებულია დასაშვებობის წინაპირობები (ასკ-ის 25.2), კერძოდ სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გაირკვეს სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, კანონიერი ინტერესი გამოხატული უნდა იყოს პირის მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. გარდა ამისა, აღიარებითი სარჩელი დასაშვებობას გამორიცხავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია მაშინ, როდესაც აღიარების ინტერესი მიმართულია ურთიერთობის მონაწილის მიმართ და ეს ურთიერთობა მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს არღვევს. აღიარებითი სარჩელი არ არის დასაშვები, თუ იგი აბსტრაქტული სამართლებრივი საკითხის, ზოგადი უფლების ან ვალდებულების, ფაქტობრივი გარემოების ან სამართლებრივი ურთიერთობის არადამოუკიდებელ ნაწილს ეხება.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია, სასამართლო წესით დადასტურდეს, რომ იგი კონკრეტული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელია და მასზე გაიცა ამ მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა პირი მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, უნდა გადაწყვიტოს კომპეტენტურამა ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და გადაწყვეტილების (ინდივიდუალური აქტის) მიღების გზით და არა სასამართლომ - აღიარებითი სარჩელის განხილვის გზით. ნ. კ-ა თუ მიიჩნევს, რომ იგი არის სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, მან, ნაცვლად სასამართლოში აღიარებითი სარჩელის აღძვრისა, განცხადებით და შესაბამისი დოკუმენტებით უნდა მიმართოს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მას მოსთხოვოს მიწის საკუთრებაში გადაცემა/მიწაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური აქტი) წარმოადგენს აუცილებელ პროცესუალურ წინაპირობას იმისთვის, რომ ნ. კ-ამ მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე ან/და 22-23-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელით/კომბინირებული სარჩელით. სწორედ ამგვარი სამომავლო შესაძლებლობა, ანუ ჯერ კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის და შემდეგ აადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სასამართლოში აღძვრის შესაძლებლობა გამორიცხავს ნ. კ-ას სამართლებრივი პრობლემის აღიარებითი სარჩელის ფარგლებში მოწესრიგებას.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მიწის მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს მებაღის წიგნაკი, თუმცა მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი საბუთების ჩამონათვალი ამომაწურავი არ არის. მიწით სარგებლობის დადასტურება შეიძლება სხვა დოკუმენტითაც, ამგვარი მტკიცებულება კი საქმეში რამდენიმეა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ამდენად, ამგვარი მტკიცებულებები მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარუდგინოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია, ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი კი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე