Nბს-549-542 (კ-2კს-15 ) 27 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ა-ე, მ. მ-ი, ზ. ქ-ე, ვ. ც-ე, თ. ს-ე (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირები - გ. გ-ი, ვ. ჭ-ი, მ. ს-ე, ვ. ჩ-ი, გ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
13.08.2014 წელს ნ. ა-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ ასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/672 ბრძანება; 2. დაევალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნ. ა-ის ყოფილი სამსახურის ტოლფას სამსახურში აღდგენა; 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს ყოფილი თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა .
13.08.2014 წელს მ. მ-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მ. მ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს ზ. ქ-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ზ. ქ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ქ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს თ. ს-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული თ. ს-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას თ. ს-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს ვ. ც-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ვ. ც-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ. ც-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის, მ. მ-ის და ზ. ქ-ის ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ვ. ც-ის და თ. ს-ის ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს;
2014 წლის 17 ნოემბერს ნ. ა-ემ, მ. მ-მა, ზ. ქ-ემ, ვ. ც-ემ და თ. ს-ემ შუამდგომლობით მომართეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნების გაზრდისა და საქმეთა გაერთიანების შესახებ.
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმე №3/11 -14- ვ. ც-ის და თ. ს-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციული საქმე №3/2-14 - მ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. ადმინისტრაციული საქმე №3/3-14 - ზ. ქ-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციული საქმე №3/1-14 - ნ. ა-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ გ. გ-ი, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/ შემსრულებელი; ვ. ჭ-ი - მაწიმის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/შემსრულებელი; მ. ს-ე- ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/შემსრულებელი; ვ. ჩ-ი - ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/ შემსრულებელი; გ. შ-ი - ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/ შემსრულებელი.
მოსარჩელეებმა საქმის წარმოების განმავლობაში რამდენჯერმე დააზუსტეს მოთხოვნა და საბოლოოდ, 2014 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს:
ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი ,,ნ. ა-ის ( ზ. ქ-ის, მ. მ-ის ვ. ც-ის, თ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის- რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის #2/671, #2/664, #2/667, # 2/662 და # 2/660 ბრძანებები. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ დაუყოვნებლივ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულებში; დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ ხელფასის ანაზღაურება მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდისათვის გათავისუფლების ბრძანებების მოსარჩელეებისათვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტამდე. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მათი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნას მიქცეული მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელეების გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობისა და მნიშვნელოვანი სოციალური ზიანის თავიდან აცილების მიზნით; დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის- თითოეული მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენის ხარჯის-12 ლარის, სულ 60 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეების სასარგებლოდ. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის მოსარჩელე ნ. ა-ის სასარგებლოდ-2000 ლარის, ზ. ქ-ის სასარგებლოდ-2000 ლარის, მ. მ-ის სასარგებლოდ- 2000 ლარის, ვ. ც-ის სასარგებლოდ -2000 ლარის, თ. ს-ის სასარგებლოდ-2000 ლარის ანაზღაურება. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის- მოსარჩელეების მიერ მგზავრობისთვის გაწეული ხარჯის 40 ლარის ანაზღაურება, რომელიც სასამართლო სხდომის გადადების შემთხვევაში გაიზრდება. ( ტ 1, ს.ფ. 205 ) მოსარჩელეებმა 2014 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე გაზარდეს მე-8 სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს პროცესის ხარჯის- სასამართლოგარეშე ხარჯის სახით მგზავრობისთვის გაწეული ხარჯის- 60 ლარის მოსარჩელებისათვის ანაზღაურება.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/671 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აფენის თემში - ნ. ა-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 1.2. ნ. ა-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ნ. ა-ის სასარგებლოდ; 1.3. ნ. ა-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ნ. ა-ის სასარგებლოდ; 2. მ. მ-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/667 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბაისუბნის თემში - მ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 1.2. მ. მ-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით მ. მ-ის სასარგებლოდ; 2.3. მ. მ-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა მ. მ-ის სასარგებლოდ; 3. თ. ს-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/662 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნინიგორის თემში - თ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 3.2. თ. ს-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით თ. ს-ის სასარგებლოდ; 3.3. თ. ს-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა თ. ს-ის სასარგებლოდ; 4. ვ. ც-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/660 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მაწიმის თემში-ვ. ც-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 4.2. ვ. ც-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ვ. ც-ის სასარგებლოდ; 4.3. ვ. ც-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ვ. ც-ის სასარგებლოდ; 5. ზ. ქ-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 5.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/664 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვარდისუბანის თემში - ზ. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 5.2. ზ. ქ-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ზ. ქ-ის სასარგებლოდ; 5.3. ზ. ქ-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ზ. ქ-ის სასარგებლოდ; 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის და თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ტრანსპორტის ხარჯების - 60 ლარის გადახდა; მოსარჩელეების ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის და თ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ა-ის და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2015 წლის 3 ივლისს მოსარჩელეების წარმომადგენელმა ი. პ-მა სასამართლოს უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესი არასწორად იყო განმარტებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად მხარემ გაასაჩივრა წინმსწრები განჩინებები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს არა სააპელაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით ი. პ-ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და რომლებიც წინ უსწრებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. კანონმდებელმა ამით შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოაქცია წინმსწრები განჩინებების კანონიერების შემოწმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეების წარმომადგენელმა ი. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივრით დავის საგნად იყო ქცეული გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ასევე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული სხვა წინმსწრები საპროცესო აქტები -დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიის გარდა, სააპელაციო საჩივრის დანარჩენი სხვა მოთხოვნები გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული ნაწილი დასაბუთებული და ნაწილი - საოქმო განჩინებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მათზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში; ამასთან, ისინი არ წარმოადგენდნენ სასარჩელო მოთხოვნებს. დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებებზე პრეტენზიების წარმოდგენა სააპელაციო საჩივართან ერთად, სააპელაციო საჩივრის ფორმატში, განპირობებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით. პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები იმ სასამართლო აქტების - დასაბუთებული და სხვა საოქმო განჩინებების გასაჩივრება სააპელაციო პრეტენზიასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით, მოაზრებული უნდა იქნას, როგორც კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პრეტენზიები არსებით მოთხოვნებზე - შემაჯამებელი, საბოლოო გადაწყვეტილებაზე და პრეტენზიები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე წინმსწრებ სასამართლო აქტებზე, პროცედურულ საკითხებზე. რადიკალურად განსხვავდება სააპელაციო განხილვა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოებისას და სააპელაციო საქმის წარმოება კერძო საჩივართან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს ამ ნორმების დასაბუთებული შედარებიდან. საკითხის იმგვარად დაყვანა, რომ წინმსწრებ განჩინებებზე პრეტენზიების მოთავსება ხორციელდება სააპელაციო საჩივრის ფორმაში, განჩინებებზე სააპელაციო წარმოება მიჩნეულ იქნეს სააპელაციო წარმოებად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოში ამგვარი სააპელაციო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტისას სამართლებრივი შედეგი განსხვავებული უნდა იყოს ზემდგომ სასამართლოში - საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების კუთხით. საზოგადოდ, იმ სამართლებრივი აქტებით, რომლებიც საქმეს არსებითად არ წყვეტენ, მისით არ დგინდება სასარჩელო მოთხოვნების შედეგი და არ გვევლინებიან მატერიალური ნორმებით დაცული უფლებების გადამწყვეტ სასამართლოა აქტებად, კანონიერების თვალსაზრისით შემოწმდებიან მარტოოდენ ზედა ინსტანციის სასამართლოში და მასზე მიღებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო საჩივარზე, რომელიც მოიცავს პრეტენზიას, როგორც საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ასევე მის წინმსწრებ განჩინებებზე, რომლებიც ცალკე არ საჩივრდება, დაუშვებელია, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ერთიანად, ყველა პრეტენზიის შესახებ განიმარტოს, რომ ასეთ პრეტენზიებზე მიღებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საჩივრდება საკასაციო წესით.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო საჩივრის ფორმაში მითითებული დანარჩენი სხვა მოთხოვნები, შინაარსობრივად, წარმოადგენდა კერძო საჩივარს, რამეთუ გამომდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული ნაწილი დასაბუთებული და ნაწილი - საოქმო განჩინებების კანონიერების შემოწმების მოთხოვნებიდან, რომლებიც ცალკე, დამოუკიდებლად, მისი მიღების პერიოდში, კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა, მათზე არ დაიშვებოდა მიღებისთანავე კერძო საჩივარი და მათი მიღების დროს მათი კანონიერების შემოწმება ვერ მოხდებოდა ზემდგომ სასამართლოში და ისინი შემოწმებას კერძო საჩივართან ერთად დაექვემდებარებოდა, მხოლოდ იმ წესის მხედველობაში მიღებით, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება - მათზე არ უნდა განმარტებულიყო მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების დაშვების შესაძლებლობა ასევე საკასაციო წესით. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ ამ განჩინებებზე მიღებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რეალურად, საბოლოოა, ამ მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება შეიცავდა უსწორობას, რომელიც უნდა გასწორდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის და სხვების წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, რა წესით უნდა განიხილოს ზემდგომმა სასამართლომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად წინმსწრებ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამ ნორმით კანონმდებელმა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგნად დაადგინა აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა, რითაც შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოაქცია დასახელებული განჩინებების კანონიერების შემოწმება. ვინაიდან სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებსაც, ამიტომ აღნიშნული განჩინებები ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგანიც გახდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებშიც საკასაციო სასამართლოშიც.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინსმწრები განჩინების გასაჩივრების არსი არის იმის დადგენა, განხილულია თუ არა საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის ფარგლებში უნდა იმსჯელოს, საქმის განხილვის პროცესში ხომ არ ყოფილა რაიმე ისეთი დარღვევა, რაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, გადაწყვეტილების კანონიერებას ან დავის გადაწყვეტის შედეგს აყენებს ეჭქვეშ. სწორედ ამ მიზეზით, გასაჩივრების შემთხვევაში, ამგვარი განჩინებები საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც უნდა გახდეს, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ წინმსწრები განჩინებები კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესით უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს მათ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების საბოლოობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილია საკითხის განხილვის სპეციალური წესი, რომელიც უშუალოდ კერძო საჩივარს შეეხება და, ამ შემთხვევაში, ანალოგიით გამოყენებული ვერ იქნება. კანონმდებლობით ამომწურავადაა დადგენილი, რა შემთხვევაში დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. წინმსწრები განჩინების გასაჩივრებისას კანონმდებელი საქმის განხილვის რაიმე განსხვავებულ წესს არ ადგენს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლიდან გამომდინარე, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს ის განჩინებაც, რომლის მიმართაც კერძო საჩივრის შეტანა დაიშვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გულისხმობს საქმის განხილვის წესის შეცვლას.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, ჰიპოთეტურად მაინც, მხარის რა ინტერესი შეიძლება დაირღვეს, წინსმწრები განჩინების შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ 2015 წლის 4 ივნისის განჩინების გასაჩივრების წესი სწორად იყო განმარტებული და უსწორობის შესწორების საფუძველი არ არსებობდა, ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის, თ. ს-ის წარმომადგენელ ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე