№ბს-552-545 (2კ-კს-15) 27 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი-ბ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი,
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - საარსებო შემწეობის თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ი-ემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა 2010 წლის ივნისიდან - 2013 წლის ივლისამდე მიუღებელი შემწეობის თანხის, 5 400 ლარის ანაზღაურების დაკისრება. ბ. ი-ემ მოგვიანებით მოითხოვა ოჯახის ექვს წევრზე გაანგარიშებით შემწეობის თანხის, სულ 30 000 ლარის, გადახდის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას ბ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით, მიუღებელი საარსებო შემწეობის - 1 944 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების უფლებამონაცვლე სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
გადაწყვეტილებაზე ბ. ი-ემ ასევე შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით ბ. ი-ეს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ბ. ი-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ი-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ბ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი უშუალოდ გასაჩივრებული განჩინების რაიმე ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობაზე არ მიუთითებს. იგი ზოგადად აფასებს საქმის განხილვის პროცესს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმავე კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 177-ე მუხლის თანახმად, სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სავალდებულოა, რომ სააპელაციო საჩივარი შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს, ამასთან, სასურველია, სააპელაციო საჩივარი შედგენილი იყოს ნაბეჭდი სახით.
განსახილველ შემთხვევაში, ბ. ი-ემ წარადგინა ხელნაწერი სააპელაციო საჩივარი, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმის ნიმუშს და არ შეიცავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად დაადგინა ხარვეზი და აპელანტს მის გამოსასწორებლად 5 დღის ვადა მისცა.
საქმის მასალები ადასტურებს, რომ ხარვეზის განჩინება ბ. ი-ეს 2015 წლის 26 ივნისს ჩაბარდა (ტ. მე-3, ს.ფ. 129). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლებიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2015 წლის 27 ივნისიდან დაიწყო და პირველ ივლისს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია, რიც გამოც, ბ. ი-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე