საქმე #ბ-734-2(ა-15) 27 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ”სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. ა-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე” ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის №58 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 27 მარტის №169 ბრძანება. ქ. ბათუმის მერიას/ქ. ბათუმის მერიის ზედმახდეველობის სამსახურს/ დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. ა-ის მიმართ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მერიამ, ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მერიის და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის №58 დადგენილება მ. ა-ის მიერ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (მიშენებული აივნის დემონტაჟის) ნაწილში, ამავე ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი მ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 27 მარტის №169 ბრძანება და ქ.ბათუმის მერიას/ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ა-ის მიმართ; მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაჯარიმების ნაწილში ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 18 თებერვლის №58 დადგენილების ბათილად ცნობისა და ამავე ნაწილში მისი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.ბათუმის მერის 2014 წლის 27 მარტის №169 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით მ. ა-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განჩინება კასატორ – მ. ა-ეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2015 წლის 25 აპრილს კასატორის ოჯახის ქმედუნარიან პირს – მეუღლეს ჯ. ბ-ეს (პ/ნ ... (ს.ფ.178), სსკ-ით დადგენილი წესით. შესაბამისად ზ. ნ-ისთვის ხარვეზის გამოსწორების ვადა 2015 წლის 4 მაისის 24 საათზე ამოიწურა. კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ა-ემ, რომელმაც საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად მან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა დროულად ვერ მოხერხდა სასამართლოსათვის. მითითებული საფუძვლით მ. ა-ემ მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინების ასლი მ. ა-ის მეუღლეს 2015 წლის 25 აპრილს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 26 აპრილს და ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადა 2015 წლის 4 მაისის 24 საათზე ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა მოიცავდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენის ვადას და ასევე ვალდებულებას, რაც კასატორს არ შეუსრულებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, სსკ-ის 396.3 მუხლის მიხედვით სახეზე იყო მ. ა-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველი.
სსკ-ის 430.2 მუხლის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ა-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ჯ. ბ-ეს (პ.ნ....) დაუბრუნდეს მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 1 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე